რა უნდა ვიცოდეთ ეზოს მოწყობისას
25-07-2016
რა უნდა ვიცოდეთ ეზოს მოწყობისას
"მცენარეების დარგვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, მზე რომელ მხარეს უყურებს ეზოს უფრო დიდხანს, ქარი საიდან უბერავს. ყველა ყვავილი ერთნაირად ვერ უძლებს მზეს"

საქართველოში ლანდშაფტის დიზაინი სიახლეა.ეზოს მოწყობა ბევრს სურს და სპეციალისტის გარეშე, ინტერნეტში გაზიარებული უცხოური გამოცდილების საფუძველზე, თავადვე ცდილობს ამის გაკეთებას. საქართველოს ნიადაგის, კლიმატისა და სხვა ბუნებრივი პირობების გაუთვალისწინებლად, უცხოური გამოცდილების ქართულ სინამდვილეში ბრმად დანერგვა გაუმართლებელია. ამასთან, ლანდშაფტის დიზაინი არ გულისხმობს მხოლოდ მცენარეების მოშენებას და მოვლას. როგორც ამ საქმის მოყვარული მზია ჯახუტაშვილი
ამბობს, ლანდშაფტის დიზაინი მცენარეებისა და ეზოს მოსაწყობი აქსესუარების ისეთი განლაგებაა, სადაც ერთი მცენარე მეორის გახარებას
ხელს არ შეუშლის.

მზია ჯახუტაშვილი:
- ლანდშაფტის დიზაინი განისაზღვრება იმის მიხედვით, იქ მუდმივად უნდა იცხოვროთ, თუ მხოლოდ სააგარაკედ გამოიყენებთ. შესაძლოა, ადგილი ხეხილისა და ბოსტნეულისთვისაც დაგჭირდეთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორი ყვავილები
გიყვართ, ეზოს ირგვლივ მჭიდრო დასახლებაა თუ მეჩხერი, შეიძლება თუ არა ხვიარა მცენარეების კედლებზე აშვება. აქვს თუ არა ოჯახის წევრებს ალერგია მცენარეებზე, როგორი ტიპის ნიადაგია თქვენს ეზოში, რომელი სახის სარეველაა გავრცელებული და ა.შ. როდესაც ეზოს მოწყობას დააპირებთ, ჯერ აუცილებლად ნიადაგი უნდა შეისწავლოთ, რომ იცოდეთ, როგორ გაანოყიეროთ, ან უვნებელყოთ ნიადაგის სიმჟავე. შესაძლოა, თქვენს ეზოში სადღაც თვლემდეს სარეველა ბალახი ჭანგა, რომელიც 8 მეტრამდე იზრდება. შესაძლოა, გამხმარი გეგონოთ და მორწყვისთანავე გაცოცხლდეს. თუ სრულად არ ამოძირკვავთ, მოსვენებას დაგიკარგავთ.
თუ ეზოში წიწვოვნების გახარება გსურთ, ნაკელი არ მიაკაროთ. ამ შემთხვევაში შესანიშნავია ნახერხი - ნიადაგში ფოსფორის მშთანთქმელ მჟავებს ანეიტრალებს და მცენარე იოლად იკვებება.

- ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა მცენარეების მოვლისა და ნიადაგის დამუშავების შესახებ.

- ბევრი რამ შეგვიძლია გადმოვიღოთ, მაგრამ ბევრიც შესაძლოა საზიანო­ აღმოჩნდეს. მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში ყვავილების უმრავლესობას აპრილ-მაისში თესავენ, ჩვენთან კი ამ დროს უკვე აყვავებულია ყველაფერი. ამიტომ მათი რჩევა-სწავლება არაფრად გვარგია. თუმცა, პირადად მე
წარმატებით დავნერგე ინტერნეტიდან აღებული საინტერესო გამოცდილება. ყვავილებს ხშირად პეპლები უზიანებენ ფოთლებს, კვერცხებს დებენ. ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ ამ პრობლემას შესანიშნავად ებრძვის წყალში გარეული "კოკა-კოლისა" და ჩვეულებრივი ჭურჭლის ჟელეს ნაზავი.

- მართალია, რომ ზოგიერთი მცენარე მეზობლად სხვა მცენარეებს ვერ იტანს?

- დიახ. თუნდაც რანუნკულუსი, ბაიასაც ეძახიან. სხვა ყვავილებთან რომ ჩარგავ, უჭირს გახარება.
ბოლო დროს პოპულარული გახდა ბზის მოშენებაც, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მას წყალი არ უყვარს და მორწყვის დროს სჯობს, დააკლოთ, ვიდრე ბევრი დაუსხათ... უპირველესად, უნდა იცოდეთ, როგორი თანამიმდევრობით დარგოთ მცენარეები, კედლიდან მოყოლებული იწყებ ყველაზე მაღალი მცენარით და ამთავრებ ყველაზე დაბლით. როდესაც ფანჯრიდან იხედები, უნდა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ ამ მცენარეების უკან კედელი კი არა, ხშირი და ლამაზი ბუნებაა. უნდა გაითვალისწინოთ, ვინ ცხოვრობს თქვენს მეზობლად, რადგან თუ კედელზე სუროს გაუშვებთ, ის აუცილებლად გადაიხედავს გვერდით ეზოში და, შესაძლოა, მეზობელს ეს არ მოეწონოს.

მცენარეების დარგვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, მზე რომელ მხარეს უყურებს ეზოს უფრო დიდხანს, ქარი საიდან უბერავს. ყველა ყვავილი ერთნაირად ვერ უძლებს მზეს. ეზოს მოწყობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ადგილი ბავშვებისათვის, ოთხფეხა მეგობრებისთვის, ადგილი სამწვადედ, წყალმცენარეების აუზისთვის, ფანჩატურისთვის.

თქვენი გადასაწყვეტია, როგორ ავეჯს გამოიყენებთ, პოპულარულია მოწნული ავეჯი, თუმცა, ბუნებრივი, ჭილის ან კანაფისგან მოწნული ჩვენთან იშვიათია, რადგან მათ ღია ცის ქვეშ წვიმა და მზე მალე გააფუჭებს. შესაბამისად, არჩევანს უფრო ხელოვნური მასალისგან მოწნულ ავეჯზე აკეთებენ.
ერთიც, როდესაც ეზოს მცენარეებით ალამაზებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა მცენარე გრძნობს ადამიანის ხასიათს, ემოციას. მათ შეუძლიათ თქვენი ნეგატიური ენერგიის წაღება და სანაცვლოდ დადებითი ენერგეტიკით ავსება. ამიტომაც მიწასთან მუშაობა ბევრ სიკეთეს იძლევა. გარდა იმისა, რომ ეზოს ალამაზებთ, სულსაც იმშვიდე­ბთ და ცხოვრებაც უფრო მშვენიერდება.

ეკა ლომიძე
მაია
16 დეკემბერი 2016 13:00
რა ლამაზი ეზოა
ნანა
23 სექტემბერი 2016 11:14
რა კარგი ინფორმაციაა. ლაკონური და გასაგები,ბევრი რამ გავიგე

რედაქტორის რჩევით