ჩაბნელებულ თუშეთში XXI საუკუნე ომალოელ გამომგონებელს მოჰყავს
25-07-2016
ჩაბნელებულ თუშეთში XXI საუკუნე ომალოელ გამომგონებელს მოჰყავს
"ჩხირკედელაობა მეხერხება. შარშან 1 ჰა-ზე კარტოფილის ხელით დათესვას ორი კვირა მოვანდომეთ, ძალიან გაგვიჭირდა. შრომა ცოტათი რომ შემემსუბუქებინა, ვიფიქრე, იქნებ კარტოფილის სათესი ტრაქტორი შევქმნა-მეთქი... წლეულს ამ საქმეს ერთი დღე მოვანდომეთ"

ვახუშტი ბაგრატიონი თუშებზე წერს: "მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია... უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა... აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში - მარდი". ჰოდა, ერთი ასეთი თუში - კაკო სისაური უნდა გაგაცნოთ, რომელსაც უყვარს გარჯაც და დოვლათის შექმნაც. ვახუშტი
ბაგრატიონს არაფერი უთქვამს თუშების გამომგონებლობაზე, ჩვენს რესპონდენტს კი ამის უნარიც აღმოაჩნდა - კარტოფილის სათესი მანქანა შექმნა, რომელიც საზოგადოებამ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოს საშუალებით ნახა კიდეც. კაკო სისაური წარმოშობით ომალოდან გახლავთ და ზაფხულის თვეებს მამაპაპეულ სოფელში ატარებს, ზამთარში კი ბარად, ალვანში ჩამოდის.

- ბატონო კაკო, თუშეთში, ზღვის
დონიდან თითქმის 2000 მეტრზე ცხოვრება­ არ გიჭირთ?

- არა. ახლა საოჯახო სასტუმროს ვაკეთებ, შექმნილი გვაქვს კოოპერატივიც, გვაქვს სათბურებიც, სადაც ბოსტნეული მოგვყავს. ვთესავთ კარტოფილს. შრომა არ გვეზარება.

- თქვენი მოწეული პროდუქტით მთელი წელი შეგიძლიათ თავის გატანა?

- კი და თან ომალოს საოჯახო სასტუმროებსაც ვამარაგებთ.

- კოოპერატივით კმაყოფილი ხართ?

- ჯერ პირველი წელია და კონკრეტულ შედეგებს შემოდგომით ვნახავთ. იმედი რომ არ გვქონოდა, ამ საქმეში არც ჩავებმებოდით.

- როგორ შექმენით კარტოფილის სათესი?

- ჩხირკედელაობა მეხერხება. ბევრი იარაღი და ხელსაწყოც მაქვს შექმნილი, მათ შორის სარჩილავი აპარატიც... შარშან 1 ჰა-ზე კარტოფილის ხელით დათესვას ორი კვირა მოვანდომეთ, ძალიან გაგვიჭირდა. შრომა ცოტათი რომ შემემსუბუქებინა, ვიფიქრე, იქნებ კარტოფილის სათესი ტრაქტორი შევქმნა-მეთქი.
შარშან ზამთარს ბარში, ალვანში რომ ვიყავი, დროც მქონდა და ნელ-ნელა შევუდექი მუშაობას. შევიძინე ქარხნული წესით დამზადებული მინიტრაქტორი (ხელის ტრაქტორი), და გადავწყვიტე, მისთვის მისაბმელი გამეკეთებინა კარტოფილის თესვის ფუნქციით. ის მისაბმელი სულ ჩემი აწყობილია.
დავაყენე ძველი სარეცხი მანქანის ქვაბი,­ რომელიც ბუნკერის ფუნქციას ასრულებს. მასში იყრება კარტოფილი, რომელიც სპეციალურ დანადგარს ამოაქვს და თესავს. დანარჩენი - ზოგი ტრაქტორის ნაწილია გამოყენებული, ზოგი - მანქანის კბილანები, ზოგიც სხვა ნაწილი თვითონ შევქმენი.
ჩანაფიქრმა გაამართლა, ნამუშევარი გამომადგა და წლეულს უკვე ამ ხელის ტრაქტორით დავთესეთ. ამ საქმეს ორი კვირის ნაცვლად ერთი დღე მოვანდომეთ. ეს სათესი მხოლოდ კარტოფილისთვის არის გამიზნული.

უნიკალური თუშური კარტოფილი მოგვყავს. ეს "ჩეხეთის კარიტასის" პროექტია. გარდა ამისა, კოოპერატივიც "კარიტასისა" და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩამოვაყალიბეთ და ორი დიდი სათბურიც დავდგით, სადაც კიტრი და პომიდორი მოგვყავს. ჩეხების დახმარებითვე გერმანიიდან ჩამოვიტანეთ საუკეთესო ჯიშის კარტოფილის თესლი. მათვე გვიყიდეს ჯიხური, სადაც ჩვენი მოყვანილი პროდუქტი უნდა გავყიდოთ, რათა ადგილობრივებს, სასტუმროებსა და თუნდაც ტურისტებს ბარიდან ამოტანა არ მოუხდეთ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ მოსახლეობას თუშეთში მზის პანელები­ დაუყენა, რისი საშუალებითაც ხალხს ელექტროენერგია აქვს და საოჯახო სასტუმროები გახსნეს. ეს ძალიან დიდი თანადგომაა, რადგან ხელს უწყობს ხალხის მთაში დაბრუნებას. აქამდე თუშეთს შუქი არ ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ისე, რომ ყველა მოსახლეს ჰქონდეს მზის პანელები, თორემ უკეთესი იქნებოდა.

- პროფესიით ტექნიკოსი ხართ?

- არა, თუმცა ტექნიკა მაინტერესებს, მიყვარს ჩხირკედელაობა, სულ რაღაცას ვაკეთებ. თავიდან სათესი რომ გავაკეთე, გავსინჯე, როგორ მუშაობდა, ცოტა გადაკეთება მომიხდა და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შევჯერდი.

- ვინმე სპეციალისტმა თუ ნახა და შეგიფასათ ნამუშევარი?

- ჩეხეთის ელჩი იყო ამოსული, რეპორტიორებიც, სხვა სტუმრებიც. მოეწონათ, ვიდეო გადამიღეს და მასალა ინტერნეტით გაავრცელეს.

- ტრაქტორს თქვენი კოოპერატივი იყენებს, თუ მეზობლებიც?

- კოოპერატივისთვისაც ვიყენებთ და მოსახლეობასაც ადგება. თუ ვინმეს უნდა, რომ კარტოფილი დავუთესო, ჩემი ტრაქტორით ვეხმარები...

- თქვენს სოფელში რამდენი კომლია?

- 50 კომლამდე, ალბათ. ზამთარში კი იქ მხოლოდ 5-6 ოჯახი რჩება. მეც ბარში ჩამოვდივარ.

- ომალოს ყველაზე მეტად რა უჭირს?

- რაც მთელ თუშეთს გვიჭირს და არა მარტო ომალოს, ეს დენია. საქართველოში ალბათ მეორე ასეთი კუთხე არ მეგულება, XXI საუკუნეში ელექტროენერგია არ ჰქონდეს. არადა, წყალს მიაქვს იქაურობა და რა გახდა ერთი პატარა ჰესის გაკეთება, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ, დენი გვქონდეს!
სინათლე რომ იყოს, ზამთარშიც ბევრი დარჩებოდა. ძნელია, მძიმე ზამთრის ლამპისა და სანთლის შუქზე გადატანა. ზოგიერთ ოჯახს ჰელიოსისტემა კი დაუდგეს, მაგრამ ყველას ხომ არა აქვს... საოჯახო სასტუმროს ვაკეთებ და ჰელიოსისტემა არა მაქვს. ჩემნაირად ბევრია იქ.
გარდა ამისა, კოოპერატივს ცოტა დიდი ტრაქტორი გვჭირდება. სათბურების დამფინანსებლებს, ჩეხებს, უკვე ვთხოვეთ, ამაშიც შეგვიწყონ ხელი, რომ ერთის ნაცვლად 3-4 ჰექტარი მოვხნათ...

- თქვენკენ გზაც ხომ პრობლემაა, მუდმივად იშლება.

- გზა ზამთარში არ არის, რადგანაც დიდი თოვლი მოდის და 20 ოქტომბრიდან იკეტება. გაზაფხულზე კი, შუა მაისიდან თვის ბოლომდე ტრაქტორებით ხსნი­ან. ომალოში საცხოვრებლად ძირითადად 4 თვე გვაქვს.

- სათბურში რა მოგყავთ?

- სანამ მასალა ავიტანეთ, სათბური დავდგით და გავმართეთ, დრო გავიდა, თორემ უკეთესი მოსავალი გვექნებოდა, გაისად ყველა იმ ბოსტნეულს მოვიყვანთ, რაც გვჭირდება... არ ვჩერდებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, თუ მეტი მხარდაჭერა გვექნება, მდგომარეობაც გაგვიუმჯობესდება.

- კიდევ რის გამოგონებას აპირებთ?

- ვფიქრობ, რომ კარტოფილის ამოსაღებიც ავაწყო. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი იქნება და როგორ გავაკეთებ. ამის მერე კი ალბათ უფრო გავაფართოებთ მეურნეობას.

ომალო

ომალო ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ახმეტიდან ომალომდე 90 კილომეტრია, თუმცა იქამდე საკმაოდ ცუდი სავალია, გზის სირთულე უღელტეხილის გადავლას ახანგრძლივებს და ადგილობრივი მოსახლეობა თუ ტურისტები იქ ასვლას 3-4 საათს ანდომებენ.
სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორისაა გაშლილი და სწორედ უგზოობის გამო, ნახევარ წელიწადს საქართველოსგან მოწყვეტილია.

ლალი ფაცია
პროფესორი
11 აგვისტო 2016 18:04
ადრე ზოგიერთ სოფელს ჰქონდა მცირე ჰესი,მაგალითად ბაღდათის რაიონში როხს, ზეგანს... . ამიტომ ასეთ სოფლებში უნდა გაკეთდეს მცირე ჰესები.არჩევნებში უკეთესი რეკლამა არ არსებობს.

რედაქტორის რჩევით