მოსავალი მთის წვერზე
25-07-2016
მოსავალი მთის წვერზე
"ამ მთაზე ტრაქტორი ვერ ადის, ხელით გადავაბრუნე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბარისპირით მიწა უნდა ამოიღო, გადააბრუნო და ისე დააწვინო. Mმერე მეორედ უნდა მიუბრუნდე ამ საქმეს"

"ჩემი სახლის მოპირდაპირედ, მთის ფერდობზე, მიწა საკუთარი ხელით გამოვჭერი, მოვასწორე და ბოსელი ჩავდგი. ახლა ვხუმრობ ხოლმე, - ძროხები "კურორტზე" მყავს დასასვენებლად და იმიტომ იწველებიან კარგად-მეთქი. ჩემი დაზრდილი ხბოების ხორცს როგორ შევჭამთ, ამიტომ ვყიდით..."


რაჭაში, ისე როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სახნავი მიწები მოსავლის მოსაყვანად ნაკლებია, სამაგიეროდ,
ნაყოფიერია. ამბროლაურის ახლოს, ტურძილაძეების ოჯახს მოსავალი­ მთის წვერზე მოჰყავს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ 5-სულიანმა­ ოჯახმა ბაზარში არაფერი იყიდოს შაქრის, ფქვი­ლის, მარილისა
და სხვა წვრილმანის გარდა. ემზარ ტურძილაძემ თავისი ვარდების ბაღი შემომატარა.

- დილაადრიან აყვავებულ ეზოს რომ გადახედავ, გგონია, შენთვის ყვავილობს და ხალისდები. გაიდებ თოხსა და ბარს მხარზე და სამუშაოდ მხიარულად მიდიხარ. სათიბიც გვაქვს. სათიბელა ვიყიდეთ, მაგ­რამ "გემო ვერ ჩავატანეთ", ამიტომ ისევ ცელს დავუბრუნდით. როცა საბჭოთა წყობილება დაინგრა, ამ ნგრევას აღმასკომიც შეეწირა და იმ აღმასკომში ჩემი და ჩემი ცოლის თანამდ­ებობებიც.

რაჭაში ბევრმა აიკრა გუდა-ნაბადი და გაიქცა. Mმე და ჩემი ცოლი კი დავსხედით და მოვიფიქრეთ, რა გვეჭმია შვილებისთვის.
შევიძინეთ ორი ძროხა, რახან იქამდე პირუტყვი არ გვყავდა, არც ბოსელი­ გვქონია. ჩემი სახლის მოპირდაპირედ, მთის ფერდობზე, მიწა საკუთარი ხელით გამოვჭერი, მოვასწორე და ბოსელი ჩავდგი. აAხლა ვხუმრობ ხოლმე, - ძროხები "კურორტზე" მყავს დასასვენებლად და იმიტომ იწველებიან კარგად-მეთქი. ჩემი დაზრდილი ხბოების ხორცს როგორ შევჭამთ, ამიტომ ვყიდით. ამ მადლიან მიწას ვერ დავტოვებ, სასმელი წყალიც კი ჩემს სახლში მთიდან მოჩუხჩუხებს.

* ცხრილი არ მოიცავს დაცული ტერიტორიების ტყეებს

47 წლის წინ ამბროლაურს სასმელი წყალი უჭირდა, არ ამოდიოდა ჩვენამდე მილებით. ერთხელაც დედაჩემმა­ მითხრა, - შვილო, ამ ჩვენ წინ, მთის ფერდობზე, ერთ ადგილას სულ მწვანე ბალახი ბიბინებს, იმ ადგილას წყალი უნდა იყოსო. ბარი ავიღე და იმ ფერდობს დავ­კარი. ორი ბარისპირი არ მქონდა ამობ­რუნებული, რომ მიწიდან წყალმა იჩქეფა. გზა იპოვა, და პირდაპირ ჩემი სახლისკენ დაეშვა. მეც მილები მიწაში ჩავალაგე და წყარო სახლში შემოვიყვანე, მეორე გზის პირას გავაკეთე მეზობლებისთვის.

ამ ჩვენს მთაზე, საიდანაც წყარო გადმ­ოვიყვანე, ტყეები იყო. ერთხელ დადგინდა,­ ეს ადგილი "ხვანჭკარის" ჯიშებისთვის საუ­კეთესოაო, ამიტომ ხალხმა ტყე გაკაფა და ვენახი ჩაყარა. გაკაფული ხეები დახერხა და ოდები ჩადგა, რათა ვაზის მოსავლელად მთაზე ასულებს იქვე გაეთენებინათ - ვენახის მორწყვა-გაფურჩვნას ზოგჯერ 3-4 დღე სჭირდება. მეც გავკაფე ხეები და გადავაბრუნე მიწა ახალშენის ჩასაყრელად და ბოსტნის გასაშენებლადაც.

- მიწა ტრაქტორით დახანით?

- ამ მთაზე ტრაქტორი ვერ ადის, ხელით გადავაბრუნე, ეს ნიშნავს, რომ ბარისპირით მიწა უნდა ამოიღო, გადააბრუნო და ისე დააწვინო. მერე კი, რამდენიმე ხნის შემდეგ, იგივე მეორედაც უნდა გააკეთო.

- მთის წვერზე მართლაც ისეთი ბოსტანი გაქვთ, რომ კაცს შეშურდება. იმ სიმაღლეზე ყოველდღე ადიხართ?

- აბა, რა!.. ბოსტანსაც ვუვლი და ვენახსაც. ბოსტანში, რა გინდა, რომ არ მქონდეს, ბაზარში ნაყიდს პირს არ ვაკარებ. მე ხომ ვიცი, რომ ჩემს მოსავალში გრამი ნიტრატი არ არის, სულ ნაკელით ვანოყიერებ. კარტოფილიც უგემრიელესი მაქვს - მას განოყიერება და მიწის გამოცვლა, სხვა ადგილზე გადატანა უყვარს. ყოველ 3 წელიწადში ან მიწა უნდა გამოუცვალო, ან ნაკელი დააყარო.
რაჭაში 3 კილოგრამ დათესილ კარტოფილზე 9 კილოგრამის მოწევა კარგ მოსავლად ითვლება. დაახლოებით 200-250 კილოგრამ კარტოფილს ვიღებთ ყოველ ზაფხულს. წლიდან წლამდე ეს ერთი ოჯახისთვის ბევრიც კია.

- მით უფრო, როცა შინ რაჭული ლორი გაქვთ.

- რაჭული ლორი თუ არ აქვს, ის რა რაჭველია. ჩემი შვილიშვილი თბილისში სწავლობს და ამხანაგები ამოჰყავს ხოლმე. სტუმრებისთვის ყოველთვის ლორი გვაქვს და ჩვენც გვიხარია, იმათ რომ ეგემრიელებათ...

კმაყოფილი და ნასიამოვნები გამოვემშვიდობე ბატონ ემზარს და ჯანმრთელობა ვუსურვე. არც მეეჭვება, რომ თავის მთის წვერზე კიდევ მრავალ წელიწადს ივლის და იშრომებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა