სამოთხის ვაშლის "ჩინური" სილამაზე - კვირის პალიტრა

სამოთხის ვაშლის "ჩინური" სილამაზე

"ხალხში ამბობენ, მცენარე ისეთი ლამაზია, სამოთხესაც ანათებსო"

"სამოთხის ვაშლი მოხდენილი, კომპაქტური ხეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავილობს და ულამაზეს, წითელ ან ყვითელ ნაყოფს ისხამს"

თუ მგზავრობისას გზის პირებზე თეთრად ან ვარდისფრად აფეთქებულ მომცრო ხეებს დაინახავთ, ესე იგი, სამოთხის ვაშლს გადაეყარეთ. ასე მას უჩვეულო სილამაზის გამო დაარქვეს. "სამოთხის ვაშლს მრავალი დადებითი თვისება აქვს, რომლის შესახებ უმეტესობამ არაფერი იცის", - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა, რომლის აზრით, სამოთხის ვაშლი მხოლოდ დეკორატიული მცენარე არ არის.

- ჩვენში გავრცელებულ კავკასიურ სამოთხის ვაშლს "ჩინურს" ეძახიან. ალბათ, იმიტომ, რომ ჩინეთში ის ძალიან დიდი რაოდენობით ხარობს. ვაშლის ამ სახეობას ჩინელები დიდ პატივს სცემენ. სამოთხის ვაშლი მოხდენილი, კომპაქტური ხეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავილობს და ულამაზეს, წითელ ან ყვითელ ნაყოფს ისხამს. ზამთარში ეს ნაყოფი ზედ რჩება. ხალხში ამბობენ, მცენარე ისეთი ლამაზია, სამოთხესაც ანათებსო. ის დიდი არ იზრდება, მომცრო ტანის ხეა და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული - არის ციმბირული, კავკასიური ჯიშები, ველური, წითელნაყოფა და ყვითელნაყოფა, მოკლედ, სხვადასხვა ფორმისა და შეხედულების. სხვადასხვა სიდიდისაა მისი ნაყოფიც. ეტყობა, ჩვენთან, საქართველოში დიდი ხნის წინ შემოიტანეს.

ეზო-მიდამოს მშვენება

სამოთხის ვაშლი საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, ყველაზე ხშირად კი იმერეთსა და კახეთში გვხვდება. მას ეზოების გასალამაზებლად რგავენ. მართალია, ეკონომიკურად მომგებიანი მცენარე არ არის, მაგრამ კარგია საკარმიდამო ნაკვეთში გასაშენებლად. ჯერ ერთი, ლამაზია და მეორე - მისგან არაჩვეულებრივი მურაბა მზადდება. სამოთხის ვაშლისგან უგემრიელეს, არომატულ ღვინოსაც ამზადებენ... მისი მურაბა სასტუმრო, "გასაპრანჭია", მასთან ერთად თამამად შეგიძლიათ სტუმრები ჩაიზე, ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟოთ, მერქანი კი ძვირფასი მასალაა ხორცის შესაბოლად - ამ მიზნით მერქანს უფრო მეტად ჩინეთსა და ციმბირში იყენებენ. სამოთხის ვაშლი კარგი დამამტვერიანებელია.

თუ ათ ძირ ჩვეულებრივ ვაშლს დარგავთ და გვერდით სამოთხის ვაშლს მიურგავთ, უნდა იცოდეთ, რომ ეზოში არაჩვეულებრივი დამამტვერიანებელი გაქვთ. თუმცა ჩვენთან სამოთხის ვაშლს ამ მიზნით უკვე იშვიათად იყენებენ - ჩვენს ქვეყანაში არის კარგი დამამტვერიანებელი კულტურული ჯიშები და ფერმერსაც ისინი ურჩევნია. ტყეში ეს მცენარე ძალიან ხშირად გვხვდება, ოღონდ მაჟალო ვაშლში არ უნდა აგვერიოს: მართალია, ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მაჟალო ვაშლი სულ სხვაა.

როგორ გავახაროთ

სამოთხის ვაშლის ნერგები იყიდება და დეკორატიულ მებაღეობაშიც გამოიყენება.

ის კარგად ხარობს ყველანაირ ნიადაგზე, რადგან ერთდროულად ყინვაგამძლეც არის და გვალვაგამძლეც. ველური მცენარეა, ველური მცენარეები კი უფრო გამძლე და ამტანი არიან. უყვარს ტენი და მორწყვაც სჭირდება, უფრო კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე, ანუ მთიან ადგილებში.

სამოთხის ვაშლი ნაკლებად ავადდება მავნებელი დაავადებებით, ამიტომ ხშირ შეწამვლას არ მოითხოვს და ეკოლოგიურად სუფთა მცენარეც გახლავთ.

ძნელი მოსავლელიც არ არის: წელიწადში 1-2-ჯერ აუცილებლად უნდა მიაშველოთ საკვები, უმჯობესია ორგანული სასუქები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. მცენარე რაც უნდა ძლიერი იყოს, ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერო ძალიან დაბინძურებულია და ის მაინც ავადდება, ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური შესაწამლი საშუალებები უნდა მივაშველოთ.

გემრიელი "კულინარი"

სამოთხის ვაშლს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ის ეროზიის საწინააღმდეგო მცენარეა და ნიადაგს ძალიან კარგად ამაგრებს. ამიტომ, სადაც მეწყრიანი ადგილებია, იქ უნდა გააშენონ, მაგრამ აქაც ის უშლის ხელს, რომ მისი ნაყოფი ძვირი არ არის. ფერმერები ცდილობენ, ეროზიის საწინააღმდეგოდ უფრო შემოსავლიანი მცენარეები გამოიყენონ, მაგალითად, თხილი.

სამოთხის ვაშლი ძალიან კარგი საძირეც არის კულტურული ჯიშებისთვის. უცხოეთში მას ამ მიზნით სისტემატურად იყენებენ, ყინვაგამძლეობისა და გვალვაგამძლეობის გამო. სასურველია, ჩვენმა ფერმერებმაც დარგონ ეს ვაშლი. სამოთხის ვაშლის მერქანი ნელა იწვის, საუკეთესო არომატი აქვს და მისი გამოყენებისას არაჩვეულებრივი გემოს მწვადი იწვება.

როგორ მოვამზადოთ "გასაპრანჭი" მურაბა

შემადგენლობა:

სამოთხის ვაშლი

ყუნწებით - 1 კგ

შაქარი - 1 კგ

წყალი - 300 გ

ლიმონი - 1 ცალი

(პროპორცია - ვაშლი,

შაქარი, წყალი: 3:3:1)

დამატებით - წყალი

ვაშლის ჩასალბობად.

მომზადების წესი:

ვაშლი დაარჩიეთ, ყუნწები დაუტოვეთ, მაგრამ ქვედა მხარეს შავი ფოჩები მოაშორეთ; კარგად დაჩხვლიტეთ ხის ჩხირით და მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი. ლიმონი უნდა იყოს დიდი და წვნიანი, თუ არადა, მაშინ 2 ლიმონი გამოიყენეთ. ლიმონიან ვაშლს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთს. შემდეგ წყალი გადაუწურეთ; ცალკე მოადუღეთ სიროფი შაქრის, წყლისა და დარჩენილი ლიმონის წვენისგან. დაახლოებით 15 წუთს დაბალ ცეცხლზე დუღილის შემდეგ სიროფი გადმოდგით და გააცივეთ; გაგრილებულ სიროფში ჩაუშვით ვაშლი და შედგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, ან სანამ მასა არ ადუღდება. ქაფის მოყენებიდან 2 წუთში ან მაშინვე, თუ ვაშლმა დასკდომა დაიწყო, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააცივეთ; გაცივებული მასა ისევ შეაბრუნეთ ცეცხლზე, იგივე პროცედურა გაიმეორეთ და როგორც კი სიროფი წამოდუღდება - ამოაწყვეთ ვაშლი ქაფქირით, გაანაწილეთ წინასწარ მომზადებულ ქილებში; სიროფი ისევ გააცივეთ და სისქე შეამოწმეთ - თუ ქარვისფერი, მოსქელო მასა იქნება, ე.ი. სიროფი მზად არის. თუ არადა, რამდენჯერმე გაიმეორეთ მისი ნელ ცეცხლზე შედგმისა და გადმოდგმის პროცედურა; ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რომ სიროფი კარამელად არ გადაიქცეს, ამიტომ ხანმოკლე წამოდუღებებითა და მერე გაცივებით სასურველ სისქემდე უნდა მიიყვანოთ. მზა სიროფსაც გადაანაწილებთ ქილებში და მურაბა მზად არის.

ხათუნა ჩიგოგიძე