დაცარიელებული რაჭის ახალი იმედი - კვირის პალიტრა

დაცარიელებული რაჭის ახალი იმედი

"უცხოეთში ჩვენს ეკოლოგიურად სუფთა ხილის ჩირზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. შარშან 1000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩავიბარეთ"

ლეჩხუმის პატარა სოფელ ლაჯანურში 2007 წელს ადგილობრივმა ბიზნესმენმა მამუკა ხუციძემ მიკროხილსაშრობი გახსნა. შეკვეთამ მოსახლეობა გააოცა: ქარხანა ფულს ტყის ვაშლში, მაჟალოში იძლეოდა, რომელსაც აქამდე ხალხი ზედაც არ უყურებდა. ბიზნესმენს ხალხის დარწმუნებაში ბიძაშვილი, გოჩა ხურციძე დაეხმარა და საბოლოოდ მოსახლეობამ ვაშლის შეგროვება დაიწყო. ამან მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩინა და საქმეც წინ წავიდა. იმდენად წინ, რომ ვაშლის შეგროვებისთვის ადგილობრივი არეალი მცირე აღმოჩნდა და 2011 წელს მიკროსაწარმომ გადაინაცვლა ამბროლაურში, სადაც ხელშეკრულება გააფორმა გერმანელ პარტნიორებთან და ასე ჩამოყალიბდა ამბროლაურში ხილის საშრობი ქარხანა, რომელიც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თითქმის დაცარიელებული რაჭის ახალ იმედად. ქარხანა პროდუქციას უკვე უცხოეთში გზავნის.

ნათია ფრუიძე, საწარმოს სურსათის უვნებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი: - ქარხანა ლეჩხუმიდან ამბროლაურში გადმოვიდა, რადგან პერსპექტივა იზრდებოდა და ნედლეულის მოპოვების არეალიც უნდა გაზრდილიყო; ამასთან, აუცილებელი იყო ქარხანას ტრანსპორტის მისადგომად კარგი გზები ჰქონოდა. ასე დავმკვიდრდით ამბროლაურის ყოფილ საკონსერვო ქარხანაში; აქ პანტა მსხლის ჩაბარებაც დავიწყეთ. უცხოეთში ჩვენს ეკოლოგიურად სუფთა ხილის ჩირზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. შარშან 1000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩავიბარეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ფასი დიდია, კილოგრამს 15 თეთრად ვიბარებთ, სხვა საშუალება ჯერჯერობით არა გვაქვს. მოსახლეობა შუა ივლისიდან მაჟალოს ჩაბარებაში საშუალოდ 500 ლარს იღებს. ვფიქრობ, არც ეს არის მცირედი შემოსავალი. ვინც 3 ტონაზე მეტს მოაგროვებს, ტრანსპორტს ვუგზავნით. საბედნიეროდ, წარმოება გავაფართოეთ, ახლა მოცვსა და ასკილსაც ვაგროვებთ, ამას ლიმონისა და მანდარინის მიღებაც დავამატეთ, თანაც ისეთი ლიმონისა და მანდარინის, რომელიც სტანდარტულ ზომებში არ ჯდება და ამიტომ მოსახლეობა ვერ ყიდის. ჩვენთვის მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა იყოს. ციტრუსის კანისგან ცედრას ვამზადებთ, ისე კი მოსახლეობას გადასაყრელად არც ერთ კილოგრამ ციტრუსს არ გავუხდით. გერმანიიდან დიდი შეკვეთა გვაქვს.

- შეკვეთებს რა კრიტერიუმების მიხედვით იღებთ?

- ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები და ჩვენთან ერთად მუშაობენ იმის განსაზღვრაზე, თუ რომელ პროდუქციაში რა სასარგებლო-სამკურნალო ნივთიერება შედის. შემდეგ აწესებენ კრიტერიუმებს, როგორ შეგროვდეს ნედლეული ისე, რომ არ დაზიანდეს ენდემი. მაგალითად, გურიიდან ფურისულას ვიბარებთ, ძირტკბილას კი კახეთიდან. დიდი მოთხოვნაა ზრდასრულ ფურისულას ბუჩქოვან ფესვებსა და ნორჩ ფურისულაზე. პროგრამულად დავალებული გვქონდა, შეგვემოწმებინა, როგორ მრავლდება ძირტკბილა და ამიტომ ცდები ჩავატარეთ, - ქარხანაში თითქმის 2 კვირის შემოტანილი და შემჭკნარი ძირტკბილას ფესვი მიწაში ჩავრგეთ. გაიხარა! ამიტომაც, სადაც კახეთში ძირტკბილა გროვდება, იმ ადგილებს აუცილებლად ვხნავთ, ფესვებიდან ახალი ძირტკბილა უდანაკარგოდ რომ აღმოცენდეს.

რაც შეეხება ჭინჭარს, მას მხოლოდ წვერში, 2-3 ფოთოლზე ვკრეფთ და მის გამრავლებას საფრთხე არ ემუქრება. რაჭაში ბევრი ჭინჭარი არ არის, ამიტომაც ჭინჭრის გამოსაშრობი ქარხანა ახალციხეშიც გავხსენით. ვიბარებთ მოცვსაც, რომელიც ძვირად ღირებული პროდუქტია როგორც სარგებლიანობის, ასევე მოპოვების მიხედვით, ის ალპურ ზონაში იკრიფება და ერთი ადამიანი 9-10 კილოგრამზე მეტს ვერ აგროვებს. ქარხანა ამ ნედლეულში შესაბამისად იხდის, ნედლში - 3,50 ლარს, ხოლო გამომშრალში - 21 ლარს, ოღონდ მის გამოშრობას მხოლოდ სპეციალისტს ვანდობთ.

ძალიან ცუდი იქნება, თუკი საქმეში ხელი შეგვეშალა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო აპირებს ისეთი რეგულაციების შემოღებას, რომელთა დამტკიცება, ალბათ, ძალიან დაგვაბრკოლებს. ჩვენისთანა საწარმოები ვალდებული იქნებიან, ის ტყის მასივები შეიძინონ, საიდანაც ნედლეულს იბარებენ, ეს კი შეუძლებელია; გარდა ამისა, ეს რეგულაციები დააზარალებს გლეხობასაც - თუ გლეხი რამდენჯერმე შევა ტყეში მაჟალოს მოსაკრეფად, მაშინ ის ინდმეწარმედ ფორმდება და შემოსავალს სახელმწიფო გაუკონტროლებს. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი შემგროვებელი გლეხობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად უშემოსავლოა. ამიტომაც სოციალურ დახმარებას იღებენ, რომ აქაურობა არ დატოვონ. თუკი ინდმეწარმეებად გაფორმდებიან, სოციალურ დახმარებას დაკარგავენ.

ამიტომაც ვეჭვობ, ტყეში მაჟალოს საკრეფად შევიდნენ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. თუ არადა, ან ქარხნებმა ბრძოლა უნდა დაიწყონ, ან უნდა დაიხურონ!

ეთერ ერაძე