"სახლის აშენებას ხის მოჭრით ნუ დაიწყებთ"
08-08-2016
"სახლის აშენებას ხის მოჭრით ნუ დაიწყებთ"
დავით ოქიტაშვილი: "ამ ადგილას ნაძვნარი იყო, ყველა ხე შევინარჩუნეთ და ახლა აქ 73 ნაძვი დგას..."

წყნეთში საკუთარ აგარაკზე კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილს ვესტუმრეთ. მასპინძელმა გულდაგულ დაგვათვალიერებინა საკუთარი კარ-მიდამო. ამბობს, რომ თავიდან ტყეში დასახლდა, მაგრამ ერთი ხეც არ მოუჭრია, მართლაც, ეზოში შესულს გეგონება, ლამაზ და მოვლილ ნაძვნარ ტყეში მოხვდი.

- 7 წელიწადია, აქ ვცხოვრობთ. ეზოში ხეხილი თუ დეკორატიული მცენარე - ყველაფერი მე
დავრგე. ბიძია გიორგი თბილისის ზღვაზე, სათბურში, მუშაობდა. წამოვიყვანე და მისი დახმარებით ღობის ძირებში სურო დავრგეთ, რომელმაც ღობე გარედან მთლიანად დაფარა. ახლა რომ ყველანაირი მცენარის შეძენა შეგიძლია, მაშინ ასე არ იყო...


ადრე წყნეთში წყალი ჭირდა. ეს რამდენიმე წლის წინ მოგვარდა და ამოვისუნთქეთ. სანამ სასმელ წყალს გაიყვანდნენ, ჭა გავბურღეთ და გოგირდოვან ცივ წყალს მივაგენით, რომელიც
მცენარეებისთვის პირდაპირ მისწრება აღმოჩნდა.

ამ ადგილას ნაძვის ტყე იყო, ყველა შევინარჩუნეთ და ახლა აქ 73 ნაძვი დგას... ვეცადეთ, ხეებს არ შევხებოდით და სახლის მშენებლობის პარალელურად, ბაღის გაკეთებაც დავიწყეთ.
აქაურობის სილამაზე სწორედ ეს ნაძვებია და ამიტომაც არ გვაქვს ეზოში საცურაო აუზი - ნაძვნარი ვარჩიეთ.

- ხეხილი რა გაქვთ?

- ალუბალი, ლეღვი, ალუჩა, ბუშმალა, კივი, ბროწეული, კაკალი... კაკალი არ დაგვირგავს, თავისით ამოვიდა. ვხუმრობთ ხოლმე, - ყვავს კაკალი მიჰქონდა და ჩვენს ეზოში ჩამოუვარდაო...

- ბალბები და პეტუნიები ლამაზად ყვავიან...
- პეტუნიები ზაფხულში ყველაზე გამძლე მცენარეებია, ქოთნებიც ჩემი გემოვნებით შევურჩიე. ერთმა არაჩვეულებრივმა დიზაინერმა, ქოთნების ასე ჩამოკიდება შემომთავაზა. ექსპერიმენტმა გაამართლა. ჩემს მეგობრებს ისე მოეწონათ, რომ თვითონაც მსგავსად გააკეთეს.
მოგრძო ქოთნებში ბალბებია ჩარგული. ჯერ ერთი, მოყვავილე მცენარეებია, ლამაზია და თან კოღოებს სპობს. ამათი დამსახურებით ჩვენთან კოღო არ არის.

"ერთმა არაჩვეულებრივმა დიზაინერმა, ქოთნების ასე ჩამოკიდება შემომთავაზა. ექსპერიმენტმა გაამართლა. ჩემს მეგობრებს ისე მოეწონათ, რომ თვითონაც მსგავსად გააკეთეს"

- თქვენი ყვავილები ძალიან ხასხასაა, როგორ უვლით?

- სამსახურიდან პირდაპირ აქ მოვდივარ, ჯერ გოგირდის ცივ წყალს ვასხამ და მერე ჩვეულებრივს. თითქმის 2 საათი უნდა მთელი ბაღის მორწყვას. ღამით კი უფრო დაბალ ნაკადზე, სპეციალურ სარწყავში მოშვებულ წყალს ვტოვებ და მოლი ასე ირწყვება.
ამ მიდამოში ადრე მარტო ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი უკვე მჭიდრო დასახლებაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს მეზობლად სოფიკო ჭიაურელი ცხოვრობდა და ხშირად გვსტუმრობდა.
ჰორტენზია ბათუმიდან ჩამოვიტანე. შროშანები უკვე 10 წლის არის. ზამთარში ქოთნებში იკარგება და გაზაფხულზე ისევ ამოდის. გვაქვს 20-მდე ვარდი, ბზა და პალმა... ბოლოს პატრიარქის ნაჩუქარი ვერცხლისფერი ნაძვი დავრგე.

- ნაძვის წიწვი ბალახს არ აფუჭებს?
- წიწვი დაბლა რომ იყრება, მოლს ჭამს, მაგრამ ისევ გოგირდის წყალი გვეხმარება, ბალახი შედარებით დაიცვა და გადაარჩინა.
ერთ ადგილას ბალახმა არ გაიხარა და დიზაინერის რჩევით მშვენიერი კუთხე მოვაწყვეთ. ბუხარი ჩემი დიზაინით არის გაკეთებული. გვაქვს თონე და ფანჩატური...


- თონეში პურს აკრავთ?

- არა, გოჭს და ჩაკიდებულ მწვადს ვწვავთ. ამ ეზოში ნებისმიერი საქმის გაკეთება ძალიან მსიამოვნებს.

- ვენახი თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, არ გამოვიდა ისევ ამ ტყის გამო... ყოველ საღამოს აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს. სახლი ადამიანისთვის იმიტომ არის ბედნიერების მომტანი, რომ იქ ბევრი ხალხი უნდა ტრიალებდეს. ჩაკეტილად ცხოვრება არ მიყვარს...

- ყველაფრის მოსაწყობად ბევრი გიმუშავიათ...
- ყველანაირად ვეცადე, რაც შეიძლება მეტი სიმწვანე ყოფილიყო. ტერასებიც ჩვენ გავაკეთეთ. ზაფხულობით მთელი ოჯახი აქ ვართ.

- ისე, მოვლა ნაძვებსაც უნდა...
- რა თქმა უნდა. მუდმივად ვაბერტყვინებ, ხმელ ტოტებს ვაჭრით, გირჩებს სპეციალური ფოცხით ვაგროვებთ. ბალახის საკრეჭი მანქანაც გვაქვს, მწვანე საფარი სიმაღლეზე რომ გაიზრდება, აუცილებლად უნდა მოითიბოს.

- მოლი დათესილია?
- არა, საგანგებოდ ჩამოვიტანე ბელტები კახეთიდან.

- რას ურჩევთ სხვებს?

- ყველას თავისი გემოვნება აქვს, მე რა უნდა ვურჩიო? ისე კი ვეტყოდი - ნუ მოჭრიან ხეებს, მით უფრო ნაძვს, რომელიც ძალიან ნელა იზრდება. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ბუნება და სილამაზე. მშენებლობას ხის მოჭრით ნუ დაიწყებენ, დანარჩენს - როგორც ამჯობინებენ.

ლალი ფაცია
ნუგზარ ხუციშვილი
17 აგვისტო 2016 15:22
მშენებლობას ხის მოჭრით ნუ დაიწყებენ,

რედაქტორის რჩევით