საქართველოში გავრცელებული შხამიანი მცენარეები - კვირის პალიტრა

საქართველოში გავრცელებული შხამიანი მცენარეები

ჩვენს სამშობლოში არაერთი შხამიანი მცენარე ხარობს. შეხებით ადამიანი არ იწამლება, მაგრამ მათი ნაყოფის ან ფოთლის გასინჯვა შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს როგორც ადამიანის, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შხამიან მცენარეებს.

ლენცოფა ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა. მას ლეჩხუმში "ტყის თუთუნსაც"ეძახიან. საქართველოში ლენცოფას სამი სახეობა იზრდება. მათ შორის უფრო გავრცელებულია შავი ლენცოფა, რომელიც ორწლოვანი ბალახია. ლენცოფა იზრდება გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. აქვს უსიამოვნო სუნი და შეიცავს ალკალოიდებს - ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს. მედიცინაში მისი ფოთლების ექსტრაქტს სამკურნალოდ იყენებენ. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

ლემა შხამიანობით ლენცოფას არ ჩამორჩება. საქართველოში მისი 2 სახეობაა გავრცელებული. ეს ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე კავკასიაში თითქმის ყველა მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ ჰიოსციამინს, სკოპოლამინსა და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმს. ატროპინის შემცველობის გამო ლემას პრეპარატები თვალის გუგის გაფართოებას იწვევს.

ურთხელი ანუ უთხოვარი - ამ მოწითალო-მოყავისფრო თხელქერქიანი ურთხლის გვარის მცენარის სიმაღლე 10-20 მეტრია, განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მეტრამდეც. ყველაზე ხანდაზმული ურთხელი 4 000 წლისა გამოდგა. მისი ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენსა და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის უთხოვრის ყლორტები და წიწვები ნაკლებად ტოქსიკურია.

შხამა მრავალწლოვანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეა, შროშანასებრთა ოჯახისა. მისი ღერო სქელია, მრავალფოთლიანი. აღწევს 1-1,5 მ სიმაღლეს. იშვიათად გვხვდება ტყის სარტყელში. ის მაღალი მთის საძოვრებზე მეტად გავრცელებული და აბეზარი სარეველაა. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. გვხვდება მთელ საქართველოში - ყაზბეგის, ბორჯომ-ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის მიდამოებში.

ოლეანდრი შხამიან დეკორატიულ მცენარეებს შორის საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. ოლეანდრს ძლიერი, მომაკვდინებელი შხამი აქვს. მისი შხამის დიდი რაოდენობით მიღებას სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შხამი პირის ღრუში მოხვდება, თვითონ მცენარესთან შეხება¬საშიში არ არის.

შქერი. ეს მარადმწვანე მცენარე სიმაღლით 3-4 მეტრამდე იზრდება. უმთავრესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთში. შქერის ყველა ნაწილი შხამიანია. ყვავილიც ძალიან ლამაზი, მაგრამ შხამიანი აქვს და თუ ცოცხალი არსება შეჭამს, აუცილებლად მოიწამლება.

შმაგა, იგივე ბელადონა, შხამიანი მცენარეა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კოლხეთში, ქართლსა და კახეთში ხარობს. იზრდება მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში. მისი ნაყოფი შხამიანია და მომაკვდინებელ ალკალოიდებს შეიცავს. საშიშია მისი როგორც ფოთოლი, ასევე ყვავილი. ბელადონას მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს, ან მხედველობა დაუზიანდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე