ურწმუნო გლეხისთვის უცხო "ხილი" გემრიელი გამოდგა
15-08-2016
ურწმუნო გლეხისთვის უცხო "ხილი" გემრიელი გამოდგა
"დღეს სოფელი თავს იმიტომაც ვერ ირჩენს, რომ სიახლეების არაფერი გაეგებათ. ერთ ადგილს ტკეპნიან. სიახლის გარეშე კი არავინ ვარგა და სოფელი რატომღა ივარგებს"

"ახლა სამი სათბური მაქვს... მილიონები არ მიშოვია, მაგრამ ხუთსულიან ოჯახს არაფერს ვაკლებ"


"რაც უნდა უშედეგოდ შრომობდე, შრომაზე უარის თქმა არ შეიძლება, ის კაცის სიმდიდრეა!" - მითხრა ახალციხის სოფელ მინაძეში გლეხმა გიორგი ზედგინიძემ და მაშინვე დავეთანხმე, - შრომით წაქცეული ადამიანი არ მინახავს,­ აღზევებული - რამდენიც გნებავთ. თავის დროზე გიორგისაც
იმიტომ მიაქციეს ყურადღება, რომ შრომობდა. ერთ დღესაც თავს მოულოდნელად დაადგნენ და უთხრეს, შენი არაფერი გვინდა, ყველაფერს გაჩუქებთ, დარწმუნებული ვარ, მოუვლიო. ასე, რეგიონული განვითარების ორგანიზაციის დახმარებით, დაიწყო წარმატებული ფერმერის ისტორია.

- უმუშევრად ვერ ვძლებდი და ჩემს მიწა-წყალზე გაუჩერებლად დავფუსფუსებდი. საქმე ზამთარ-ზაფხულ არ მელეოდა, შედეგი კი იმის
საფასური არ იყო, რაც ჯაფა მადგა, მაგრამ რა მექნა, ოჯახი მყავდა სარჩენი. ერთი ჩამოფხრეწილი კუსტარული სათბური მქონდა და ყოველ წელიწადს ცელოფანს ვუცვლიდი. მითხრეს, წვეთოვანი რწყვის სისტემას გაჩუქებთ და კიდევ 1000 ძირ ჰოლანდიური პამიდვრის ნერგსო. ხელები გავაპაპანე, უცხოური არაფერი გამაგონოთ, მაგ უვარგისი პამიდვრის მჭამელი არ ვარ-მეთქი. თანაც გამიკვირდა, რომ მჩუქნიდნენ...

ჩვენს სოფელში უცხოურ ფირმას გზა გაჰყავდა და როგორც აღმოჩნდა, ის ეხმარებოდა რეგიონული განვითარების ორგანიზაციასაც ფერმერული მეურნეობების დაფინანსებაში. ჩემი საჩუქრის მიზეზიც ეს ფირმა აღმოჩნდა. წვეთოვანი სისტემა კი გამიხარდა, მაგრამ უცხოურ პამიდორს არ ვიღებდი. მერე მითხრეს, გჩუქნით, შე კაი კაცო, იქნებ ისე მოგეწონოს, ვეღარ მოშორდეო. მეც დავიწყე და ამ პამიდორმა ისე ჯიშიანად აიყარა ტანი და აყვავილდა, ვიფიქრე, ამას ხელი როგორ მივაკლო, ცოდვაა-მეთქი. როცა დაისხა, მთლად­ გადავირიე, ასეთი უხვი არაფერი მინახავს, ბარემ დამწიფებამდე მივიყვან-მეთქი. რომ დამწიფდა და გემო გავუსინჯე, შემრცხვა, - რაზე ვიკლავდი თავს, ჩვენს პამიდორზე უკეთესი გემოც ჰქონდა.­ მოკლედ, კი მესმის იმ ხალხის, ვინც ამბობს,­ უცხოური პირში არაფერი ჩაიდებაო, მეც ამას ვამბობდი, მაგრამ ახლა დაბეჯითებით ვიტყვი, რომ პრობლემა უცხოურობაში კი არა, ჯიშების შერჩევაშია. თუ ხესავით პამიდვრის ჯიშს შეარჩევ, ნაყოფსაც ეგეთს შეჭამ...


ახლა სხვადასხვა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ჯიშების შერჩევაზე ვმუშაობთ, ბევრ უცხოურ სახეობას ვცდით. თუ რომელიმეს ფერი, გემო და მოსავლიანობა არ მოგვეწონა, უარს ვამბობთ, საუკეთესოს კი ვიტოვებთ. იმ წელიწადს ერთი პატარა სათბურიდან 5 ტონა პამიდორი­ გავყიდე, ძველი ჯიშით კი 2 ტონასაც ვერ გავყიდდი. იმ ფულით სათბური გავაუმჯობესე, ისეთი ცელოფანით გადავხურე, ქარი ვერ ხევს და გამოცვლაც ყოველ წელიწადს არ დამჭირდებოდა.

- ბევრი არც სათბურში მოყვანილ პროდუქტს ენდობა, უგემურიაო.
- შხამით თუ შეწამლავ, არც სათბური ვარგა და არც გრუნტი, მაგრამ თუ ეკოლოგიური და კარგად შერჩეული პროდუქცია მოგყავს, სათბური მას მავნე გარემოსგანაც იცავს და სტიქიისგანაც. წლეულს ახალციხეში ყველაფერი დაისეტყვა, ჩემს სათბურებში კი მოსავალი გადარჩა.
ჩემმა დამხმარე ორგანიზაციამ რომ დაინახა, ვშრომობდი, მეტად ამომიდგა მხარში და ახალი უცხოური კულტურების ჯიშების შერჩევა მომანდო. დაფინანსებაც მივიღე, - "აწარმოე საქართველოში" პროექტი წარვადგინე და 5.000 ლარი გამომიყვეს. ამით გავფართოვდი, ახალი სათბური ავაშენე, ლითონით. ახალი სათბური შემოსავლის გაზრდის იმედს მაძლევს.

- პროდუქციის გაყიდვაზე რას იტყვით?
- ერთი საიდუმლო უნდა გავთქვა, - როცა ცოტა მოსავალი მომყავდა, იმასაც ვერ ვყიდდი, ახლა კი ბევრს ვყიდი. რატომ? იმიტომ, რომ კლიენტმა იცის, ერთ ციცქნა მოსავალზე არ გავჩერდები და როცა უნდა დასჭირდეს, ყოველთვის ყველაფერი მექნება. თუ არ ვცდები, ახლა ამას საიმედო პარტნიორობა ჰქვია. სხვათა შორის,

ახალ ტერმინოლოგიასაც ვსწავლობ, სასოფლო ტრენინგებზე დავდივარ და გაფაციცებული ვუსმენ. ცოდნა სიმდიდრეა და მათ შორის, სოფლად მუშაობაშიც. დღეს სოფელი თავს იმიტომაც ვერ ირჩენს, რომ სიახლეებისაც არაფერი გაეგებათ. გლეხმა არ იცის, როგორ წავიდეს წინ...

ახლა სამი სათბური მაქვს. გარდა ამისა, მიწაზეც ვმუშაობ, იქაც უნდა გამოვცადოთ ახალი ჯიშები. საადრეო და საგვიანო პამიდორი, კიტრი, კომბოსტო და ბროკოლი, სულ ახალ-ახალი ჯიშის ნერგები გამომყავს.­ მოკლედ, მილიონები არ მიშოვია, მაგრამ ხუთსულიან ოჯახს არაფერს ვაკლებ...

ბროკოლი ჩვენი სოფლისთვის შენაძენია. მისი გახარება ახლახან დავიწყეთ. შარშან იშვიათად თუ ჰქონდათ, წლეულს უკვე ყველამ დარგო.
თუ ჩვენებურ ჯიშის ბოსტნეულს გააუმჯობესებ, ისიც კარგი მოვა, მაგრამ სელექცია აუცილებლად უნდა იყოს, ეს სოფლის კანონია! სოფელი კი ერთ ადგილს ტკეპნის. სიახლის გარეშე არავინ ვარგა და სოფელი რატომღა ივარგებს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით