"წერეთლის მწვადი" სიბერესაც ამარცხებს?!
15-08-2016
"წერეთლის მწვადი" სიბერესაც ამარცხებს?!
"ამ დალოცვილ მცენარეს ქიმიური სასუქებიც არ სჭირდება"

გოგრა რომ სასარგებლო მცენარეა, არავინ დაობს. დასავლეთ საქართველოში გოგრის მარცვლებს ხალავენ და უგემრიელეს ნუგბარს ამზადებენ, რომელსაც "წერეთლის მწვადს" უწოდებენ. არანაკლებ პოპულარულია გოგრა აღმოსავლეთ საქართველოში.­ გოგრის ნაყოფი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან ქიმიური სასუქებისა და დანამატების გარეშეც მშვენივრად იზრდება. გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოჩა ზენაიშვილი:

- 5 ათასი წელია, ამ მცენარეს ადამი­ანი საკვებად იყენებს. გოგრის ნაყოფი სარგებლიანობით ნებისმიერ კულტურას გაეჯი­ბრება. ის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ მიკროელემენტებს
შეიცავს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი E ვიტამინია. სხვათა­ შორის, ინდოეთში ფიქრობენ, რომ ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო გოგრას სიბერის დამარცხებაც კი შეუძლია. გოგრას სამედიცინო­ დატვირთვაც აქვს, რადგან მისი თესლი ორგანიზმში პარაზიტებს სპობს. ექიმები ყველას ურჩევენ დღეში 20-30 ცალი გოგრის თესლის მიღებას, ამ შემთხვევაში მათ
ჰელმინთები და პარაზიტები აღარ გაუჩნდებათ. გოგრას იყენებენ კოსმეტიკაშიც, მისგან კრემებსა და ლოსიონებს ამზადებენ. მცენარე თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. არსებობს ზაფხულისა და ზამთრის ჯიშები, რომლებსაც მრავალ ქვეყანაში ახარებენ.

- ყველაზე მეტი გოგრა რომელ ქვეყნებში მოჰყავთ?
- თურქეთში აქვთ დიდი ნათესები, ასევე, იტალიაში, საბერძნეთში და ა.შ. საქართველოში გოგრის დიდი ნათესები არ გვხვდება, ის მხოლოდ ოჯახებში, კერძო პირებს მოჰყავთ, მცირე რაოდენობით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გოგრის რამდენიმე ჯიში გვხვდება.


- სხვადასხვა კუთხეში გოგრას სხვადასხვა სახელი ჰქვია.
- დიახ, დასავლეთ საქართველოში კვახს ეძახიან, ხოლო გურიაში - ხაპს. ჩვენში არსებულ გოგრის ჯიშებს შორის უნდა გამოვყოთ დიდნაყოფა გოგრა, რომელსაც ხალხში თათრულ გოგრასაც ეძახიან. მსხვილნაყოფა გოგრა საგვიანო ჯიშია, მისი ბარდი დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება. ნაყოფი მრგვალი ან ბრტყელია. წონა 12-13 კგ-ს, ზოგჯერ 20-25 კგ-საც აღწევს. ნაყოფის კანი მოვარდისფრო-ყვითელი ან რუხია. ამ ჯიშს სითბო და სინათლე უყვარს. ჰექტარზე დაახლოებით 15-18 ტონა მოდის. შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული სელექციის გზით გამოყვანილი ჯიში - "ქართული 54", რომელიც წყალტუბოს ჯიშთა ნაკვეთზეა გამოყვანილი. ეს ჯიში უფრო იშვიათად გვხვდება, უმეტესად, დასავლეთ საქართველოში. არის მესამე ჯიშიც - ხოკერა გოგრა, რომელიც გურიაში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში ხარობს.­ ეს ტენის მოყვარული მცენარეა, რომელსაც სხვა ჯიშებთან შედარებით მეტი წყალი სჭირდება. ამიტომ უფრო დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ამ ჯიშის ნაყოფი საშუალო სიდიდისაა და ოვალური ფორმა აქვს. მისი კანი მკვრივია, ტრანსპორტირებასაც ადვილად იტანს, მაგრამ სხვა გოგრებთან შედარებით დაბალი ხარისხისაა, უფრო ნაკლებ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის მოკრეფიდან 2-3 თვეში კარგავს გემოს, როცა სხვები 6 თვეს ინარჩუნებენ. საქართველოში გოგრის ეს 3 ჯიშია გავრცელებული.

- სად უნდა დაითესოს გოგრა, როგორი­ ნიადაგი უნდა შეირჩეს?
- გოგრა კარგად გაფხვიერებულ და ნეშომპალით გამდიდრებულ ნიადაგში უნდა დავთესოთ. უმჯობესია ფერდობის ჩრდილოეთის მხარე შევარჩიოთ, რომ წყალი არ მოაკლდეს და ნაკლები მორწყვა დასჭირდეს, ან ჩრდილიან ადგილზე უნდა დაითესოს. ორმოში ჩავყრით ნეშომპალათი და გადამწვარი ნაკელით გამდიდრებულ მიწას, რაც ამ მცენარის ნორმალურ ზრდას შეუწყობს ხელს. ორმო 30 სმ-ის სიღრმისა და სიგანის უნდა იყოს. უმჯობესია 3-4 ცალი თესლი ჩაყაროთ 7-10 სმ-ის სიღრმეზე, ბევრი რომ დათესოთ, ერთმანეთს ხელს შეუშლის და ვერც ერთი ვერ გაიხარებს. გვალვიან ამინდში გოგრა დილით ან საღამოს უნდა მოირწყას. გოგრის ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდი აღმოსავლეთ საქართველოში არის მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი, ხოლო დასავლეთ საქართველოში - აპრილი. 5-6 თვეში მისი პატარა მარცვლები უკვე ჩამოყალიბებულ გოგრად გადაიქცევიან. გოგრის საადრეო ჯიშები ივლის-აგვისტოში მოდის, ხოლო საგვიანო - ოქტომბერ-ნოემბერში.

- გარდა მორწყვისა, კიდევ რა სჭირდება ახალდათესილ გოგრას?
- არაფერი, თუ სწორად დათესავთ, ამ დალოცვილ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სულაც არ სჭირდება. აზოტი და ქიმიური სასუქები მისთვის ზედმეტიც კია, რადგან ორგანული სასუქითაც მშვენივრად იზრდება და ვითარდება. ზოგიერთ ფერმერს გოგრის ნათესებში ქიმიური სასუქი მაინც შეაქვს, მაგრამ ეს არ არის რეკომენდებული. უბრალოდ, ასეთი დახმარება არ სჭირდება. მცენარე იმდენად გამძლეა და ძლიერი, რომ თავისი ბარდის ახლომახლო სარეველებსაც არ აჭაჭანებს.

- რა პირობებში უნდა ინახებოდეს გოგრის ნაყოფი, რომ ზამთრის სუსხიან დღეებს გაუძლოს და არ დაზიანდეს?
- გოგრის ნაყოფი მოსავლის აღების შემდეგ 10 დღეს მაინც უნდა გავაჩეროთ მზიან ადგილას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანოთ მშრალ სარდაფში, ოღონდ ერთმანეთზე არ უნდა დავაწყოთ, რათა არ დაზიანდეს. ფანჯრები ღია უნდა ჰქონდეს, რადგან აერაცია და სიმშრალე გოგრის შესანახად მთავარი პირობაა. თუ ასეთ პირობებში შევინახავთ, გოგრა 5-6 თვეს მაინც შეინახება, რაც უნდა ცივი და თოვლიანი ზამთარი იყოს.

- როდესაც გოგრა ძალიან დიდია და 70-80 კგ-ს იწონის, ხომ არ არის საშიშროება, რომ ის გენმოდიფიცირებულია?
- თუ წესითა და რიგით არის მოწეული, გოგრა მავნებელი არ არის და თუ სერტიფიკატიც ახლავს, მაშინ არ იქნება გენმოდიფიცირებული. ყველაზე მძიმე გოგრა, რომელიც მოიყვანეს, 225 კგ-ს იწონიდა. როცა მცენარე ამხელა ნაყოფს ისხამს, ამ შემთხვევაში გენოტიპში ცვლილება ხდება. დასავლეთის ქვეყნებში ყველაფერს საბუთი აქვს და შემადგენლობა აწერია. სამაგიეროდ, თურქეთიდან შემოდის პროდუქცია, რომელსაც არც სერტიფიკატი აქვს, არც სხვა საბუთები და არ ვიცით, რა გზით არის მოყვანილი. ამიტომ ასეთ პროდუქციაზე ძნელია თქმა, როგორი ხარისხის და შემადგენლობისაა. რა თქმა უნდა, ეს შეეხება გოგრასაც.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა