"პალიტრელი" მემამულე ვარდისუბნის ქუჩიდან - კვირის პალიტრა

"პალიტრელი" მემამულე ვარდისუბნის ქუჩიდან

"ერთ რომანი მაქვს - "მზისფერი პლანეტა" და ეს ყველაფერი არის ჩემი ცისფერი პლანეტა"

ჩვენი კოლეგა მიწის სიყვარულმა ჩაითრია

სვეტა კვარაცხელია ჩვენი კოლეგა და საუკეთესო მეგობარია. წლებია, "პალიტრამედიის" თანამშრომელია - ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი გახლავთ. ამასთან, ავტორია ცნობილი რომანებისა, რომელიც პერიოდულ პრესაში ხშირად იბეჭდება და უამრავი მადლიერი მკითხველიც ჰყავს. სვეტა პროფესიონალია და რა საქმესაც უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველაფერი გამოსდის. ის ოჯახთან ერთად მუხიანის აგარაკზე, ვარდისუბნის ქუჩაზე ცხოვრობს და მას სწორედ მამულში ვეწვიეთ.

- ეს ეზოკარი 5 წლის წინ შევიძინეთ და 1 წელია, გადმოვედით. მე-16 სართულზე, კორპუსის ბინაში გამოკეტილი ადამიანისთვის უცებ მიწასთან ასე ახლოს ცხოვრება ცოტა უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებაა.

გადმოსვლისთანავე გადავწყვიტე, - ლამაზი ბაღი უნდა გავაშენო-მეთქი და ყვავილების ნერგების შეძენა დავიწყე... უკვე მაქვს 69 სახეობის ყვავილი, რომლებიც სეზონის მიხედვით ყვავილობს. თუ ძალიან არ მომეწონა, ერთწლიან მცენარეს არ ვყიდულობ. ამ მცენარეებზე გაჩერებას არ ვაპირებ, აუცილებლად შევმატებ ბაღს ყვავილებს.

- მიწა გაძლევთ ამდენის დარგვის საშუალებას?

- ნაკვეთი 600 კვმ-ია და სულ სხვადასხვა ხარისხის მიწაა: ერთი მონაკვეთი თიხნარია, მეორე - ქვიშიანი, მესამე ადგილას - ფხვიერი. თიხა, როგორც მითხრეს, მლაშეა, ანუ გარკვეული დროის შემდეგ მარილი უფრო ერევა და გამოხმობა იცის, ამიტომ, თუ ბოსტნეული მოგყავს, მას ახლით უნდა ჩანაცვლება. თუმცა წლეულს რაც ჩავრგე და დავთესე, ყველაფერმა გაიხარა. გამოდის - ნაყოფიერი ნიადაგია. არანაირი სასუქი არ გამომიყენებია. გაისად ნაკელს უსათუოდ შევიტან.

- ხეხილიც თქვენი დარგულია?

- ნაწილი კი და ნაწილი დაგვხვდა. მიკროავტობუსის მძღოლებს ეცინებოდათ, გაზაფხულზე წარამარა ნერგებით ხელში რომ მხედავდნენ.

ჩვენს ბაღში ხილიც სეზონურად მწიფდება: ჯერ ალუბალი და ალუჩა მოდის. ალუბალი იმდენია, რომ მისი წვენიც დავწურე და მურაბაც მოვხარშე. 13 ძირია, ალუბლის ბაღის გაშენებას ვაპირებ.

ოთხი სახეობის ტყემალი გვაქვს (ესეც დაგვხვდა), ვაშლი, კომში, ბროწეული, მსხალი, ყურძენი, კარალიოკი, ლეღვი, ატამი - ყველანაირი ხილია. ჟოლო მე დავრგე და გაიხარა. ვიყიდე მარწყვის ხე, ოღონდ, ჯერ არ ვიცი, რა იქნება, ორი წელი უნდა, რომ აყვავდეს. მისი წითელი ნაყოფი წაბლს წააგავს, გემო კი ჩვეულებრივი მარწყვისა აქვს.

ნესვი ცოტა გვიან დავთესე, მაგრამ უკვე ბლომად ყვავილი აქვს, ნაყოფი სექტემბრამდე უნდა გამოისხას.

სასწაული ის არის, რომ საზამთრო არ დამითესავს და თავისით ამოვიდა. მასაც უამრავი ყვავილი აქვს...

- თქვენს ბოსტანში კიტრსა და პომიდორსაც ბლომად ასხია და კარგი ნაყოფიც ჩანს...

- კი... ხედავთ, ჩემგან თურმე კარგი მეურნე დადგება. არადა, აზიზად მზრდიდნენ, ბებიაჩემს საწოლში მოჰქონდა საჭმელ-სასმელი - ოღონდ შენ იკითხე და ისწავლეო. რომ გავთხოვდი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი... წლეულს კი 100 ძირი პომიდორი იოლად გავახარე.

მოსავალიც კარგი მოვიდა. მრავალი ჯიშის პომიდორი მაქვს - ვარდისფერი, წითელი, სამურაბე და სამწნილეც...

- ჩითილები თვითონ გამოიყვანეთ თუ შეიძინეთ?

- თესლი ვიყიდე, დავთესე და და მერე გადავრგე. დარგვა ცოტა ახლო-ახლო მომივიდა, ახლა უკვე ვიცი, რა მანძილზე უნდა დაირგას - ერთი მეტრით მაინც უნდა დავაშორო ერთმანეთს. კიტრმაც გაიხარა - იმდენი მოვიდა, რომ ნათესავებსაც კი ვატან. მაქვს ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, ყველანაირი მწვანილი. საადრეო ქინძი უკვე მოვიწიე და გავახმე - საწებლისთვის გამოვიყენებ. გაიხარა კომბოსტომ, ზაფრანამ, ლობიომ. ერთი აღება ავიღე, ახლა საზამთროდ უნდა დავჩურჩო, ნაწილი ჯერ კიდევ მწვანეა. ჩურჩხელებსაც გავაკეთებ, როცა ყურძენს დავკრეფთ. ერთადერთი პრობლემა სარეველაა და მისი გამარგვლა დიდი საქმეა. ხელთათმანით ვერ ვმუშაობ, საგნებს თუ ხელით არ ვეხები, არაფერი გამომდის.

- ამ მცირე გამოცდილებით რა დასკვნამდე მიხვედით?

- არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სად ცხოვრობს, სასურველია, ეზო-კარი ჰქონდეს, თუნდაც პატარა.

ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის აქაურობა რამხელა შვებაა. დილით რომ ვიღვიძებ, პირველად ყვავილებს ვუყურებ - აბა, რომელი გაიშალა, რომელი შეჭკნა, იმან თუ გამოიტანა ყვავილი, რომელსაც ველოდი. სათითაოდ ყველას ვეფერები, ველაპარაკები, ზოგს ვუწყრები, მერე ბოსტანში გადავდივარ, ზოგ მცენარეს გოგოს ვეძახი, ზოგს - ბიჭს, პატარებივით მოვიკითხავ...

- ოთხფეხა ბინადრებზე რას გვეტყვით?

- სამი ძაღლი და ერთი კატა ცხოვრობს ჩვენთან. ნეტავ იცოდეთ, როგორ ვუყვარვარ ჩემს ძაღლებს. კატას კი იქით უნდა ეფერო. მოკლედ, მყავს გერმანული ნაგაზი, გერმანული ნაგაზისა და კურცჰაარის ნაჯვარი და ასე ვთქვათ, მეტისი.

როქსი, ბესი და პეპი (სამივე გოგოა). სიამის ცისფერთვალა კატა კი ბიჭია, ბასა ჰქვია. როცა რაღაც მაწუხებს, ზუსტად მტკივან ადგილას მეხება, მანამ კრუტუნებს, სანამ ტკივილი არ გამივლის.

ერთი რომანი მაქვს - "მზისფერი პლანეტა", და ეს ყველაფერი არის ჩემი მზისფერი პლანეტა.

- არაერთი რომანის ავტორი ხართ, რომელიც პერიოდულ პრესაში იბეჭდება, ასევე რამდენიმე წიგნის ავტორიც. თქვენს მკითხველს, რომელიც სხვა კუთხით გაგიცნობთ, რა რჩევას მისცემთ, როგორც უკვე ფერმერი?

- ჯერ ჩემი ოჯახისთვის ვშრომობ და ალბათ, უფრო მცირე ფერმერი მქვია. მკითხველი სულ მეკონტაქტება, მწერენ, ისეც ხდება, რომ ვხვდები კიდეც მათ. უცხოელი ემიგრანტებიც მუდმივად მადლობას მიხდიან, საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავს. რა შეიძლება მათ ვურჩიო, - მიწა თუ არ გიყვარს, გამორიცხულია ამ საქმის კეთება.

ზოგი არ არის ამ საქმისთვის გაჩენილი, უყვარს მოკრეფილის მირთმევა, მაგრამ როგორ მოდის, არ აინტერესებს. ამ ტერიტორიაზე ყველაზე ცოტა ხანია ვცხოვრობ და ასეთი ბოსტანი არავის აქვს. არადა, როგორ შეიძლება, ამხელა ეზო გქონდეს და არაფერი გააკეთო?

ეს საქმე არ მეზარება და საერთოდ, ყველა საქმეს, რასაც ხელს მოვკიდებ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რედაქტორობა იქნება თუ რომანების წერა...

საღამოს, ბაღში ყველაფერს რომ მოვრჩები, ჩავწვები ჰამაკში, ცას ავხედავ და ვმშვიდდები...

ყველას ვურჩევ, მიწის პატარა მონაკვეთზე ერთი რაღაც მაინც გაახაროს. ის ერთი მერე ბევრად გადაიქცევა და იმხელა სტიმულს მისცემს, რომ იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია.

ლალი ფაცია