სტაფილოსფერი გზა ევროპაში მიგვიყვანს - კვირის პალიტრა

სტაფილოსფერი გზა ევროპაში მიგვიყვანს

ევროკავშირმა რამდენიმე პროდუქტი დაასახელა, რომელთა წარმოების პოტენციალი ჩვენს ქვეყანასაც აქვს. მათ შორის არის სტაფილოც და სტაფილოს თესლის ზეთი

ჩვენ ამ პროდუქციის მოსაყვანად საუკეთესო ადგილები გვაქვს და მაინც იმ ქვეყანამ გვაჯობა, რომელსაც მოსავალი, პრაქტიკულად, უდაბნოში მოჰყავს. ეს იმიტომ, რომ ფერმერს სახელმწიფო უდგას მხარში!

ევროკავშირმა რამდენიმე პროდუქტი დაასახელა, რომელთა წარმოების პოტენციალი ჩვენს ქვეყანასაც აქვს. მათ შორის არის სტაფილოც და სტაფილოს თესლის ზეთიც, რომელსაც თანამედროვე კოსმეტიკურ მრეწველობაში კანის გასაახალგაზრდავებლად იყენებენ. თუმცა, ჩვენში სტაფილოს მოყვანით არ ინტერესდებიან - ოჯახში მოსახმარებლადაც კი. ამის მიზეზი უცხოეთიდან შემოტანილი იაფი სტაფილოა, რომელიც ბაზარზე ადგილობრივი ნაწარმის ადგილს აღარ ტოვებს.

საქართველოში თურქეთიდან 6,6 ათასი ტონა, ისრაელიდან 515 ტონა, სხვა ქვეყნებიდან კი 175 ტონა სტაფილო შემოდის, ქართული სტაფილო კი ბაზრის მხოლოდ 10%-ს იკავებს. ამ დროს, ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ სტაფილოს თესლის ზეთი 1.000 ევროზე მეტი ღირს (ზოგჯერ ღირებულება 3.000 ევრომდეც ადის). ასეთი ფასის მიუხედავად, ეკოლოგიურად სუფთა სტაფილოს თესლის ზეთი მაინც დეფიციტურია. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპისა და აზიის ქვეყნებს სტაფილოს ზეთის წარმოებით დაინტერესებისკენ მოუწოდა, ამ წინადადებას საქართველოშიც მიაქციეს ყურადღება...

სტაფილო ახალციხის სოფელ ვალეში ფერმერ ავთო ხითარიშვილსაც მოჰყავს, თუმცა ჯერჯერობით არა ევროკავშირში გასატანად - ფერმერი მამაპაპური ჯიშის სტაფილოს ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს.

- იმის მიუხედავად, რომ მიწას მთელ ჯანსა და ღონეს ვალევ, თუკი სტაფილოს დაბინავება-გაყიდვა არ გამოსწორდება, მე სტაფილოს ბაზარზე გასატანად მომყვანი არ ვარ. ასე ფიქრობს იმ ხალხის უმრავლესობაც, ვისაც დღეს ბაღჩეული და ბოსტნეული მოჰყავს მესხეთში. ჩვენს კუთხეშიA არის რამდენიმე სოფელი, უფრო მეტად ახალქალაქში, სადაც სტაფილოს მასობრივად თესავენ, მაგრამ ჩვენი ბაზარი უცხოური სტაფილოთია გადაჭედილი - თურქულითა და სომხურით.

ახლა გავიგე, რომ სტაფილო ისრაელიდანაც შემოდის და გავოგნდი - ჩვენ ამ პროდუქციის მოსაყვანად საუკეთესო ადგილები გვაქვს და მაინც იმ ქვეყანამ გვაჯობა, რომელსაც მოსავალი, პრაქტიკულად, უდაბნოში მოჰყავს. ეს იმიტომ, რომ ფერმერს სახელმწიფო უდგას მხარში! პოლიტიკოსი არა ვარ, რომ ქულების დასაწერად ვლაპარაკობდე, მშრომელი კაცი ვარ და რომ გამახსენდება, როგორი შხამით გაჯერებული პროდუქტი შემოდის უცხოეთიდან ჩვენს ბაზრებზე, ლამის გული გამისკდეს. მარტო სტაფილოზე როდი ვლაპარაკობ - ხახვია, წიწაკა თუ კარტოფილი, ყველაფერი ასეა. რა ჭკუის დატანება უნდა, რომ ეს სახელმწიფოს აძლევს ხელს, თორემ, დიდი ხნის წინ სხვა ქვეყნებივით იზრუნებდნენ, რომ უცხოური შხამისთვის გზა გადაეკეტათ და მისი ადგილი ადგილობრივ პროდუქციას დაეკავებინა. რაღა შორს წავიდეთ - აგერ, მეზობელ სომხეთსაც კი საქართველოდან პროდუქციის შეტანაზე ისეთი შეზღუდვები აქვს დაწესებული, რომ ლამის ცაში ჩიტები გააკონტროლონ. ამის საჩვენებლად ჩემი მაგალითიც გამოდგება. ერთხანს სომხეთში ჩემი მოყვანილი კომბოსტო დამქონდა და თუ ტვირთს ადგილობრივ სომეხზე არ გავაფორმებდი, ქვეყანაში არ მიშვებდნენ. ამ შემთხვევაშიც უზარმაზარი გადასახადი უნდა გადამეხადა და თავი მივანებე. ჩვენთან კი შხამი შემოაქვთ და გამკითხავი არავინ არის. ადგილზე მოყვანილ პროდუქციას ფასი რომ ჰქონდეს, გლეხიც ხომ იზრუნებდა, რომ პროდუქტი მოეყვანა. მაცივრებსაც ყველა თუ არა, რამდენიმე ადამიანი ხომ შეიძენდა და სხვებიც გამოიყენებდნენ.

- სტაფილოს მოყვანას განსაკუთრებული შრომა სჭირდება?

- სტაფილოს მოყვანა ძალიან შრომატევადია. ტექნიკით ითესება, მაგრამ ხელით უნდა ამოიღო. თესვისა და ზრდის დროსაც სიფრთხილე უნდა. ვადას ერთი ოპერაციაც რომ გადაგიცდეს, მაგალითად, თუ ბალახია ამოსული და სტაფილოს არ გათოხნი, მთელი მოსავალი დაიღუპება. მოსავალი კი კარგი იცის - თუ თანამედროვე ევროპულ, ჰიბრიდულ სტაფილოს დავთესავთ, 1 ჰექტარიდან 100 ტონას მივიღებთ, ჩვენი თესლიდან კი - ამის ნახევარს.

- როგორც ცნობილია, ბევრი ქართული ჯიში, ამ შემთხვევაში, სტაფილოსი, ჰიბრიდულზე გემრიელია. ჰიბრიდული ჯიში სათესლე მასალას არ იძლევა და მომდევნო წლისთვის კვლავ ახალი, ძვირად ღირებული თესლი უნდა შეიძინო.

- სამწუხაროდ, ასეა და არა მხოლოდ სტაფილოს შემთხვევაში. თუმცა ჰიბრიდული ჯიში უფრო გამძლეა და მეტი პროდუქცია მოდის, ვიდრე ადგილობრივი ჯიშებიდან. მიფიქრია ამაზე და სიმართლე რომ ვთქვა, გემოთიც და სარგებლითაც მაინც მამაპაპურ ჯიშს ვანიჭებ უპირატესობას. ოჯახისთვისაც სტაფილო მხოლოდ ქართული ჯიშისა მომყავს, რომელიც გემრიელიც არის და მომავალი წლისთვის თესლსაც გაძლევს.

- თუკი ევროკავშირისთვის სტაფილოს მოყვანა დაიწყება, ცხადია, ის ბიოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.

- ჩვენი მიწა ისე მიეჩვია შხამებს, რომ ახლა ამ მიწის შხამიდან გამოყვანას დრო უნდა, ამ დროში კი ადამიანი მშიერი ვერ იქნება. მიწის გამდიდრების თანამედროვე ბიოლოგიური საშუალებები ძვირია და მათი შეძენა ჩვეულებრივ გლეხს, გინდაც ფერმერი იყოს, გაუჭირდება. როცა ბიოლოგიურად სუფთა მოსავალზე გადადის, პირველ წლებში მეურნე ნაკლებ მოსავალს იღებს. ამიტომაც ამ დროს მას სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.

- მაცივრები ახსენეთ. თუკი სტაფილო მაცივარში არ შეინახეს, გაზაფხულამდე ვერ გაძლებს?

- მესხეთში ყველაზე უკეთესი გარემოა სტაფილოს შესანახად - ზამთარი შედარებით ცივი გვაქვს და სტაფილოს სარდაფში ვინახავთ, მაგრამ აქაც კი გაზაფხულამდე ძლივს მიგვაქვს. ამასთანავე, სტაფილოს ვერტიკალურად დაწყობილს ვერ შეინახავ, გაფუჭდება, აუცილებლად ჰორიზონტალურად უნდა დაალაგო.

როგორ ითესება სტაფილო...

სტაფილოს თიხნარი ნიადაგი სჭირდება, რომელიც შემოდგომაზე იბარება. ასეთ ნიადაგში სტაფილო აპრილში (ამინდს გააჩნია) ითესება. კარგი იქნება, თუ ზემოდან ნეშომპალას ან კომპოსტს დავაყრით. როცა ნათესს პირველად გამოვხშირავთ (დიდ ფართობებზე სტაფილო რიგთა შორის ითესება და დაახლოებით ორჯერ ითოხნება), მანძილი მცენარეთა შორის 2-3 სმ უნდა დავტოვოთ, მეორე გამოხშირვის შემდეგ კი - 5-6 სმ. სიცხეებისას ნათესი დაახლოებით კვირაში ერთხელ უნდა მოვრწყათ. მოსავალს, ძირითადად, სექტემბერში ვიღებთ, თუმცაღა, სტაფილოს საადრეო ჯიშებიც არსებობს.

ეთერ ერაძე