გამრჯე სტუდენტმა გიგანტური მაყვალი მოიწია - კვირის პალიტრა

გამრჯე სტუდენტმა გიგანტური მაყვალი მოიწია

"როცა პროდუქცია ხარისხიანი და ცოტაა, შემიძლია, ფასი თვითონ დავარეგულირო, ბაზარს მე ვუკარნახო"

23 წლის გიორგი ლაცაბიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია, დამატებით კურსს კი აგრარული მიმართულებით გადის. გიორგი ახალგაზრდა ფერმერია და სოფელ კისისხევში, გიგანტური უეკლო მაყვალი ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული. წლეულს პირველი მოსავალიც მიიღო. ახალგაზრდა ფერმერის თქმით, გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტომდე გრძელდება. მაყვლის ერთი მარცვალი, საშუალოდ, 15 გრამს იწონის... გიორგი სამომავლოდ ამ კულტურის საექსპორტოდ გატანას გეგმავს.

- ამ ჯიშის მაყვალი ძალიან ტკბილი და არომატულია. ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაქვს დარგული. დარგვის მეორე წელსვე ერთი ძირიდან 5 კილოგრამი, სულ კი 7 ტონაზე მეტი მოსავალი ავიღეთ. მესამე წელს, როცა მაყვალი სრულად მსხმოიარე გახდება, ერთი ძირიდან შეიძლება 10 კილოგრამიც მოვკრიფოთ.

კისისხევში ჩემი ოჯახი მიწათმოქმედებასა და სოფლის მეურნეობას მისდევდა. მოგვიანებით მე ესპანური ჯიშის მარწყვის (სან ანდრეას) სანერგე გავაკეთე. ვიცოდი, რომ მასზე მოთხოვნა იქნებოდა და ამ საქმესაც იმიტომ მივყავი ხელი.

- მაყვალმა როდის დაგაინტერესა?

- ისეთ კულტურას ვეძებდი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩაბმულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემდა, მალე მიეღო შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ამის საუკეთესო საშუალებაა და ნაყოფს მესამე წელს იძლევა, მაყვალს უფრო კარგი შედეგი მოაქვს. ამიტომ, რა დანაზოგიც მქონდა, ყველაფერი მაყვლის ბიზნესში ჩავდე.

- სად შეიძინე ნერგები?

- ეს ამერიკული მაყვალი გახლავთ და ნერგებიც იქიდან არის შემოტანილი. აქვს სამმაგი გვირგვინი და სხვა, ჩვენში გავრცელებულ ჯიშებთან, მაგალითად, უკრაინულთან შედარებით, სპეციფიკური არომატი, მაღალი შაქრიანობა აქვს და სწრაფი მოსავლიანობითაც გამოირჩევა. უკრაინაში მოყვანილი უეკლო მაყვლის შაქრიანობა დაახლოებით 14%-მდეა, ჩემი მაყვლისა კი - 15% და ყველა ამ თვისებით ნებისმიერი მაყვლისგან გამოირჩევა...

- ნაყოფი მართლა დიდია?

- ერთი მარცვლის წონა საშუალოდ 15 გრამია, ზოგიერთი სხვა ჯიშის მარცვლისა - 12 გრამამდე, ამიტომ მაყვალი, რომელიც მე გავაშენე, შეიძლება ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩავთვალოთ. თუმცა, ამით სხვა ჯიშებს არ ვაკნინებ. მესამე წელს, მსხმოიარობაში რომ შედის, ზოგი ძირი 10 კგ-მდე ნაყოფსაც კი იძლევა, ზოგზეც, შესაძლოა, 8 კგ გამოვიდეს, 1 ჰექტარზე მოსავლიანობა კი 20 ტონაა.

- გქონდა მიწა მაყვლის გასაშენებლად?

- დიახ, საკუთარ მიწაზე დავრგე, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ. ამ მაყვალს დიდი პერსპექტივა აქვს.

- როგორ ირგვება?

- მწკრივებს შორის დაცილება 2 მეტრი უნდა იყოს, ძირებს შორის კი - 1,5 მეტრი. შარშან გაზაფხულზე დავრგე და ახლა წლისა და 6 თვის ნერგებია. ძირი 15 წლამდე ხარობს და ნაყოფს იძლევა.

- მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე ყიდი?

- თავიდან თელავის ბაზარს, მაღაზიებსა და რესტორნებს ვაბარებდით. მოეწონათ, სახელი გაითქვა, როგორც კისისხევის ტკბილმა მაყვალმა. დღემდე გვირეკავენ, ითხოვენ და აღარ არის...

მოსავლის აღება ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ვკრეფდით. საკონსერვო საამქროები მთავაზობდნენ 4 ლარად ჩაბარებას. შემეძლო თბილისშიც წამეღო და 5 ლარად ჩამებარებინა. როცა პროდუქცია ხარისხიანი და ცოტაა, შემიძლია ფასი თვითონ დავარეგულირო, ბაზარს მე ვუკარნახო.

- და რას კარნახობდი ბაზარს?

- 1 კგ-ზე 4 ლარს. ამაზე ნაკლები აღარ უნდა იყოს. ფერმერებმა საკუთარი შრომა არ უნდა გავაუფასუროთ. თუმცა, აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა. სხვათა შორის, მაყვალს შეწამვლა არ სჭირდება, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია და მაღალი ხარისხით შეგვიძლია ნებისმიერი ბაზრის სტანდარტები დავაკმაყოფილოთ. თუ ევროპაში გავიტანთ, ISO-სერტიფიკატი დაგვჭირდება და არც ეგ იქნება პრობლემა. მთავარია, მოვლის პირობები იყოს დაცული და ნებისმიერი ქვეყანა შეიტანს თავის ბაზარზე.

- მოვლის წესებზე რას გვეტყვი?

- მოვლა-პატრონობა ბაღის გაშენებისას იწყება. ჯერ მავთულის გაბმაა საჭირო. როგორც ვენახი მიდის მავთულზე, ასეთივე პრინციპით ოთხი პირი მავთული იჭიმება. ზაფხულში ფესვიდან სამერმისო ყლორტს ამოიტანს, რაც ჯერ პირველ მავთულზე ებმება, შემდეგ მეორეზე და ა.შ. ნელ-ნელა იტოტება და მცენარეებს შორის მანძილს სრულად ავსებს. ფორმირებასა და ვეგეტაციას რომ შეწყვეტს, კრეფამდე არაფერი უნდა.

- ხშირი მორწყვა სჭირდება?

- მორწყვა დამოკიდებულია მიწის ტენიანობაზე. წლეულს ისეთი კარგი ამინდები იყო, რომ სულ ორჯერ მოვრწყეთ. გვალვისას კი ორ კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას.

- ბაღში შენ მუშაობ?

- საქმეს ოჯახი ავუდივართ, თუ საჭირო გახდა, მუშახელსაც დავიხმართ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ვაპირებ მეურნეობის გაფართოებას. ვიწყებ საზღვარგარეთ კონტაქტების მოძიებას. ეს აუცილებელია, რათა შემდეგ, როცა მასივები გაშენდება, უცხოეთში გავიტანოთ. აქ სამაცივრე პირობები უნდა შევქმნათ აღებული მოსავლის შესანახად და ექსპორტით გასატანადაც.

- რამე სახელმწიფო პროგრამით არ გისარგებლია?

- მაყვალი არ იყო სახელმწიფო პროგრამაში. თან, როცა ვაშენებდი, არ ვიცოდი, თუ ასეთი ჯიშის მაყვალი ვინმეს ჰქონდა. საგანგებოდ ვეძებდით ტკბილ მაყვალს. მჟავე ჯიშები არსებობდა, ეს კი ტკბილი და მოგრძო ფორმისაა.

- რა თანხაც დახარჯე, უკვე ამოიღე?

- კი და მოგებაც ვნახე.

- ნერგებსაც ყიდი?

- ნერგის ფასი 2 ლარია. შემოდგომით ახალი ძირების დარგვას ვაპირებთ. მინდა, კიდევ რამდენიმე ჰექტარზე გავაშენო. სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ ფერმერებმა.

ნუ მიწყენენ ქართველი ფერმერები და არ შეიძლება ასე, გლეხური ცოდნის დონეზე დარჩენა. სხვაგვარად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერ ვაწარმოებთ, არადა, მომავალი სწორედ მას აქვს და არა - შხამქიმიკატებით მოწეულს.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian student who grows gigantic blackberries in Telavi

ლალი ფაცია