სელი - საუკეთესო "დიეტოლოგი"
29-08-2016
სელი - საუკეთესო "დიეტოლოგი"
სელის კულტურა ყველაზე კარგად სვანეთმა შემოინახა. იქ სელი ოჯახურ პირობებში მოჰყავთ. ახლახან ვიყავი სვანეთში, სადაც სელის ფქვილისგან არაჩვეულებრივ ხაჭაპურს აცხობენ. სვანები ხორბლის ფქვილის მაგივრად ხშირად იყენებენ სელის ფქვილს და მას საფუარსაც არ ურევენ

ამ მოკრძალებულ მცენარეს არაერთი "ჯადოსნური" თვისება აქვს. მისგან საუკეთესო ქსოვილებს ამზადებენ, ჩენჩოს კი საწვავად იყენებენ. გარდა იმისა, რომ სელის თესლი კარგად წმენდს ორგანიზმს, მისგან ამზადებენ ლაქებსა და საღებავებს, იყენებენ მედიცინაშიც... ძველად სართავი სელი გავრცელებული იყო საქართველოში, კერძოდ,
კოლხეთში, დღეს კი ეს მცენარე ჩვენში იშვიათად მოჰყავთ. სელის სასარგებლო, უნიკალურ თვისებებზე გვიამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა.

- სელი ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ტყიდან არის გამოტანილი და "მოშინაურებული". პირველყოფილი ადამიანი სელის თესლს საკვებად ხშირად იყენებდა. არსებობს სელის 200-მდე სახეობა. საქართველოში, ძირითადად, ხარობს
სართავი, ზეთოვანი და მსხვილმარცვალა სელი. თუმცა დღეს ეს მცენარე მივიწყებულია, მხოლოდ ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციას მოჰყავს ახალციხეში.

- ამბობთ, რომ ეს საინტერესო და გამორჩეული მცენარეა. რატომ?

- სელი ჯანმრთელობისთვის ძვირფასი კულტურაა. მდიდარია ვიტამინებით და მისგან ძვირფასი ზეთი მზადდება. სელის ზეთს არაერთი ქვეყანა ამზადებს, რადგან ის ფარმაკოლოგიაშიც გამოიყენება. მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები შედის. სელის თესლისგან ამზადებენ ქატოსაც, რომელიც საუკეთესოა დამწვრობისა და ჭრილობებისთვის, მათ არაჩვეულებრივად აშუშებს. მისგანვე მზადდება პრეპარატები ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და ხანდაზმულებს ხშირად უნიშნავენ. თუმცა ყველაზე მეტად მაინც სელის თესლი გამოიყენება.

- რით არის ის სასარგებლო?

- სელის თესლს უმადაც მიირთმევენ. ამის წყალობით შესაძლებელია ზედმეტი წონა ისე მოიშოროთ, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.
სპეციალისტები წონაში დაკლების მსურველებს ურჩევენ, რომ საჭმელში ყოველდღე დაამატონ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი. სელის თესლი კი უნდა დაფქვათ და 1 სუფრის კოვზი პიურეში ან ფაფაში შეურიოთ. უკეთესია, თუ სელის თესლს ყოველ დილით დაღეჭავთ და თბილ წყალს მიაყოლებთ. ეს გახდომას ძალიან უწყობს ხელს. თუ გემო არ მოგეწონებათ, მაშინ 1 სუფრის კოვზ სელს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 8-10 საათით და ნახევარი ჭიქა მიიღეთ დღეში ორჯერ. ამ დროს საკვების მკაცრად შეზღუდვაც არ არის საჭირო, სელი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და ადამიანი იკლებს წონაში ისე, რომ ორგანიზმი არ ზიანდება. სელი ვიტამინებით არის მდიდარი და ამის წყალობით ორგანიზმი არ იფიტება. თანაც ზომიერად ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ. მკაცრი დიეტა კი ორგანიზმს ფიტავს და ბევრ დაავადებასაც იწვევს. გარდა იმისა, რომ სელი წონაში სწრაფად კლებას უწყობს ხელს, ის ამყარებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აწესრიგებს.

- უკუჩვენებები არ აქვს?

- სელის მიღება ზომიერად არის საჭირო და თუ ასე მოვიქცევით, არც უკუჩვენება ექნება. სელის "საიდუმლო" ის არის, რომ ორგანიზმს წმენდს და ამით ადამიანი ზედმეტ კილოგრამებს თანდათან იშორებს. ამისთვის კარგია სელის ფაფაც. დილაობით ხომ მივირთმევთ წიწიბურას, ან ჰერკულესის ფაფას, სელის ფაფა დადებითი თვისებებით არც ერთ მათგანს არ ჩამოუვარდება. ამ მცენარეში უამრავი საკვები ბოჭკო და ვიტამინია, რაც ორგანიზმს ავსებს და ანეიტრალებს იმ დანაკლისს, რასაც ადამიანი გახდომის დროს განიცდის. სელი აგრეთვე სასარგებლოა სახის კანისთვისაც და არა მარტო ათეროსკლეროზის, არამედ რევმატიული დაავადებების, კუჭ-ნაწლავისა და ანთებითი დაავადებების, ასევე წყლულოვანი დაავადებებისა და გასტრიტის დროსაც.

- ძველად სელისგან მშვენიერ სამოსს ამზადებდნენ.

- სელის ძაფს ახლაც ამზადებენ, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა და ბევრი კარგი თვისება აქვს. როცა ადამიანს სელის სამოსი აცვია, არ ოფლიანდება, რადგან ამ დროს ორგანიზმი სუნთქავს: სელი ორგანიზმს ისეთ ტემპერატურას უნარჩუნებს, რომ არ გადახურდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანმა უარი თქვა ნატურალურ სამოსზე და ხელოვნურ ქსოვილებზე გადავიდა. იმიტომაც გავრცელდა ამდენი კანის დაავადება და ალერგია.

- ნუთუ საქართველოში ეს კულტურა ყველგან დაივიწყეს?

- ქართველები სელის თესლისგან მშვენიერ ფქვილს ამზადებდნენ და ეს კულტურა ყველაზე კარგად სვანეთმა შემოინახა, სადაც სელი ოჯახურ პირობებში მოჰყავთ. ახლახან ვიყავი სვანეთში, სადაც სელის ფქვილისგან არაჩვეულებრივ ხაჭაპურს აცხობენ. სვანები ხორბლის ფქვილის მაგივრად ხშირად იყენებენ სელის ფქვილს და მას საფუარსაც არ ურევენ. სელის ფქვილი შეიცავს მცენარეულ ცილებს, რომლებიც კარგია ორგანიზმისთვის. მასში შედის უამრავი ვიტამინი და სასარგებლო მინერალიც, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სამწუხაროდ, საქართველოში სელს სათანადოდ ვერ აფასებენ და არ იციან, რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ამ დალოცვილ მცენარეს.

გახდომის მსურველთათვის


1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთი და ქვაბს მჭიდროდ დაახურეთ. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ 150 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეფექტურობისთვის, ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი ან ნატურალური იოგურტი, რომელშიც დამატებული იქნება 1 ჩაის კოვზი სელის თესლი. ეს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ანა
28 ივნისი 2017 00:13
ბუნებრივ კვების დროს თუ შეიძლება მივირთვა?
...
14 ივნისი 2017 19:15
Madas namdvilad akveitebs.ukve meotxe dgea mivirtmelv uzmoze macontan ertad da ukve 800grami davikeli.

რედაქტორის რჩევით