მოყვარული მებაღის წალკოტი სვეტიცხოველთან
05-09-2016
მოყვარული მებაღის წალკოტი სვეტიცხოველთან
"გამორჩეულად მიზიდავს ვარდები და მინდა, ეზოში მსოფლიოში ცნობილი სელექციონერების ვარდები მქონდეს, ამიტომ,
ვცდილობ, რასაც შევწვდები, გამორჩეულად ლამაზი ვარდები მოვაშენო"


ფოტოგალერეა


დიდებული სვეტიცხოვლის გარშემო უამრავი კარგი ეზო-კარია, მაგრამ თვალი მაინც ნონა ომარაშვილი-კალანდაძის მშვენიერმა ეზომ მომტაცა. ამ წალკოტში ფეხი შევდგი თუ არა, საოცარი რამ მოხდა - სვეტიცხოვლიდან მოფრენილი მტრედების გუნდი აქ მოწყობილ ჩანჩქერზე დაეშვა და წყალს დაეწაფა... ქალბატონი ნონა პროფესიით ფილოლოგია, ბოლო დროს საკუთარ თავს მოყვარულ მებაღეს უწოდებს, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს
მისი ჰობია. თუმცა ამ ყველაფერში მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი პირადად ჩემთვის ის არის, რომ მისი ბაღი სვეტიცხოვლის "კარის მეზობელია".

- აქ ჩემი მშობლების სახლი იყო, მაგრამ რადგან ყველას აქ ცხოვრება გვინდოდა (მყავს ქალ
-ვაჟი და ორი შვილიშვილი), ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ძველი სახლი დაგვენგრია და ახალი აგვეშენებინა.

- მართლაც გამორჩეული ეზოა.

- მცენარეების სიყვარული ბებიისგან მომდევს. ბებიას ყვავილების თესლი ან ვარდის კალამი ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდა. ეზოში პალმებიც იდგა... ბებია გერმანელი იყო და ხომ იცით, გერმანელს პატარა სახლი და ეზოც რომ ჰქონდეს, ბაღნარად აქცევს. მცენარეები დედაჩემსაც უყვარს, მაგრამ უფრო იებს აგროვებს და ამრავლებს. მოკლედ, დღეს გამოდის, რომ მოყვარული მებაღე ვარ. გამორჩეულად მიზიდავს ვარდები და მინდა, ეზოში მსოფლიოში ყველა ცნობილი სელექციონერების ვარდები მქონდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ცნობილი სელექციონერის ვარდი მაქვს. ვცდილობ, რასაც შევწვდები, გამორჩეულად ლამაზი ვარდები მოვაშენო...

- ეზო გემოვნებით არის მოწყობილი, ალბათ ლანდშაფტის არქიტექტორმა იმუშავა.

- სახლის აგების შემდეგ ეზოსთვის პროფესიონალი არქიტექტორი და ლანდშაფტის დიზაინერი მოვიწვიეთ. დიდი შრომა გასწიეს ეზოს მოწყობა-დაპროექტებაში, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.
მებაღე მოდის კვირაში ორჯერ, მაგრამ მე ჩემს მცენარეებთან ყოველდღიური შეხება მაქვს: ზოგს გამხმარი ფოთლის მოშორება უნდა, ზოგს მიწის გაფხვიერება, მორწყვა. დილით, შვილიშვილებს სკოლაში რომ გავუშვებ, ყველა მცენარის დათვალიერებას ვიწყებ. სადმე რამე ხომ არ გაფუჭდა, ფოთოლი ხომ არ გახმა. მიწას ვსინჯავ, თუ გამომშრალია, ვრწყავ. მცენარეების მოფერებაც მიყვარს, როცა კარგად ყვავიან, შევაქებ ხოლმე.

- ჩანს, კარგი ხელი გაქვთ...

- რამდენად რეალურია ეს, არ ვიცი, მაგრამ მცენარეები რომ გიყვარს, ისინიც გრძნობენ. რომ მივეფერები, - რა ლამაზი ხარ, რა კარგი-მეთქი, - ვგრძნობ, რომ ესმით. შარშან საოცრად ყვაოდა ბეგონია, ზამთარში შინ შევიტანე... ერთწლიან ყვავილებს ყოველ წელიწადს ახალ-ახალს ვყიდულობ და ვრგავ, მაგრამ შარშან იმდენად კარგად მოვუარე, რომ წლეულსაც დაიწყეს ყვავილობა. არაჩვეულებრივი მცენარეა გარდენია, მირონის ხე, ლამაზ, სურნელოვან ყვავილებს ისხამს. აზალია ჩამოტანილია, მეუღლემ რომ მომიტანა, სულ აყვავებული იყო.

- ჩანჩქერიც მოგიწყვიათ...

- დეკორატიული ჩანჩქერია, წყალს მოუშვებ და ზემოდან გადმოდის... შიგ წყლის ყვავილი - შროშანი ბინადრობს, ცოტა ხნის წინ ლამაზად ყვაოდა. დიდი ხანია აქ არის და აქაურობას შესანიშნავად შეეგუა...

- იქით პალმა ვარდებში ჩაკარგულა, აქეთ - ალპინარიუმია... ლამაზია.

- ოთხი პალმა გვქონდა (თითოეული 40 წლის). ძველი სახლის დანგრევა-რეკონსტრუქციისას ერთი ძირი ვერ გადაგვირჩა, თუმცა სამმა, მიუხედავად იმისა, რომ გადავრგეთ, მშვენივრად იხარა. აგავა რკინის კონსტრუქციაში საგანგებოდ არის ჩასმული, გარედან საზამთროდ ორმაგი ტილოს ქსოვილის შალითას ჩამოვაცვამთ ყინვისგან დასაცავად.

ბაღი შერეულ სტილს მიეკუთვნება, - არის მოყვავილე მცენარეები, მარადმწვანეები, ფოთლოვანები, ალპინარიუმი.
როცა დეკორაციაში ქვებია გამოყენებული ის არის იაპონური მეთოდი. ორნაირი სურო მაქვს, ასევე ხვიარებიდან - გლიცინია და ტეკომა... ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი რელაქსაციაა. ერთი წლის წინ მამა გარდამეცვალა, რაც ჩემთვის დიდი ტკივილი იყო, მაგრამ მცენარეებმა გადამატანინა და დამაძლევინა... როცა ყვავილები მომქონდა, მამა მეუბნებოდა, - ამდენი მცენარე სად უნდა წაიღოო. სადმე მოვუნახავ ადგილს-მეთქი, - ვპასუხობდი. ყვავილები, მგონი, თვითონ დაგდევენო, - მეხუმრებოდა...

- მოლი დათესილი გაქვთ?

- პირდაპირ "რულონებით" მოვიტანეთ, მერე რამდენჯერმე თესლიც მოვაყარეთ... ჩემს წითელ ნეკერჩხალს პრინცესას ვეძახი. სეზონურად ფერს იცვლის... შემოდგომის პირია და ბევრი მცენარე უკვე ასრულებს ყვავილობას.

- დამწყებ მებაღეებს რას ურჩევთ?

- მართალია, ასეთი ბაღის დაპროექტება ძვირი ჯდება, მაგრამ მცირე თანხითაც შეიძლება მცენარეების შეძენა, ეზოს დაგეგმარება და გალამაზება. ჩემი ეზო დატვირთულია ბუჩქნარით, ეგზოტიკური მცენარეებით, მათ შორის ბევრია ჩამოტანილი და უკვე კარგად ადაპტირებული. ირმის რქამ წლეულს რამდენჯერმე იყვავილა, მეორედ იყვავილა ჰორტენზიამ, ანუ აქაურობას შესანიშნავად შეეგუვნენ.
მებაღეობა დიდი პოზიტივია, სილამაზეა, წესრიგია, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ამ საქმემ ჩათრევაც იცის. აკეთებ და სულ მეტი გინდა. მოუარეთ ყვავილებს, მოაშენეთ და ააყვავეთ გარემო, რომელშიც ცხოვრობთ.

იხილეთ ფოტოგალერეა


ლალი ფაცია
cira
05 ნოემბერი 2016 16:44
აქვე, ადრე ცნობილი მეყვავილის მიხეილ მამულაშვილის ბაღი იყო,რომელსაც ხშირად ვსტუმრობდით! კარგია,რომ სვეტიცხოველთან ბაღის ტრადიცია გრძელდება!
მირანდა
10 სექტემბერი 2016 22:51
საყვარელი ნონა.❤❤
10 სექტემბერი 2016 21:46
ულამაზესი ეხო გაქვთ. გამორჩეული და გემოვნებით მოწყობილი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა