ყელტიტველას ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

ყელტიტველას ახალი სიცოცხლე

"დღეს ამ სანაშენეში დაახლოებით 80 000 წიწილაა"

"ბროილერი, რომელიც 6 კილოგრამს იწონის, ისე ვაშიმშილეთ, რომ 3 კილოგრამამდე მივიყვანეთ, მერე ყელტიტველასთან შევაჯვარეთ. საბოლოოდ მივიღეთ ახალი ადგილობრივი ჯიში, რომელიც 2,5 კილოგრამს იწონის და საუკეთესო კვერცხისმდებელიცაა"

სამტრედიელი რეზო ნიკოლეიშვილი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელზეც იტყვი, - ასეთი ცოტა მეტი რომ გვყავდეს, ჩვენი ქვეყანა წელში გაიმართებოდაო. არ იფიქროთ, რაიმე განსაკუთრებული გაუკეთებია, უბრალოდ გონივრულად და მუხლჩაუხრელად შრომობს, ქვეყანასაც ახეირებს და ოჯახსაც. ბატონი რეზო მეფრინველეობის ფაბრიკის ინჟინერი გახლდათ, დღეს კი წარმატებული ფერმერია და მას არა მხოლოდ საქართველოში იცნობენ.

- 90-იან წლებში, როგორც მთელ ქვეყანაში, სამტრედიაშიც ყველაფერი განადგურდა, მათ შორის ის ფრინველების ფაბრიკაც, სადაც ინჟინრად ვმუშაობდი. მძიმე დღეში ჩავვარდი. კარგა ხანს ვიმტვრევდი თავს, რა გამეკეთებინა ოჯახის სარჩენად. ბოლოს, გადავწყვიტე, რახან მეფრინველეობას კარგად ვიცნობდი, შინაური ქათმის გამოსაჩეკი ინკუბატორი გამემართა. ჩემს ძმასა და ჩემი შვილის ნათლიასთან ერთად საქმეს შევუდექი, - 1996 წელს საქართველოს გაძარცულ-გავერანებული მეფრინველეობის ფაბრიკები დავიარეთ და მათგან ჯართად გამზადებული წიწილების გამოსაჩეკი კომპლექტები ჩამოვიტანეთ სამტრედიაში, სულ 20 ცალი. როგორღაც ავამუშავეთ და ინკუბატორი გავმართეთ.

თუმცა, რომელ გამართვაზეა ლაპარაკი, როცა ქალაქში ელექტროდენი დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 2-3 საათით გვქონდა. არადა, თუ მუდმივად სპეციალურ ტემპერატურას არ შექმნი, წიწილა კვერცხშივე დაიღუპება! ამიტომაც გენერატორი ვიყიდე. მინიმალური შემოსავალი გვქონდა, მაგრამ გვიღირდა. კიდევ კარგი, რომ გავუძელით, ინკუბატორი არ დავხურეთ. ხალხისგან შინაურ კვერცხს ვიღებდით, ინკუბატორში ვჩეკდით და შინ წიწილებს ვატანდით. ასე რომ, მოსახლეობას საკვები საშუალება მივუმატეთ და ადგილობრივი ქათმის გამრავლებაც დავიწყეთ.

ცნობილია, რომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში დასავლეთ საქართველოდან და მათ შორის სამტრედიიდან, ფოთის ნავსადგურით ქართული კვერცხი ევროპაში ტონობით გადიოდა. ცნობილი მეცნიერი გიორგი ნიკოლაძეც ამას ძალიან უწყობდა ხელს. XX საუკუნის ბოლოს კი კვერცხი ჩვენთვისაც აღარ გვქონდა...

ელექტროენერგიის მოწოდება რომ გამოსწორდა, წარმოება გავზარდეთ. უკვე ჩვენი წიწილები აზერბაიჯანში გადიოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზეც გადაჰქონდათ და ახლაც გადის. ახალქალაქში, სოფელ დილისკაში, მაშინ იქ მდგარი რუსული სამხედრო ნაწილი უკრაინული ჯიშAის ღორებს ამრავლებდა. წავედი და ვიყიდე, რათა ქათმის ნარჩენი საკვები არ გადამეყარა. ამ ნარჩენით 15-20 ღორს ვზრდიდით, თუმცა რამდენიმე თვის წინ დამიხოცა ღორები ჭირმა, ვერაფერი ვუშველე. მაგრამ მათ მოშენებაზე ხელი არ ამიღია. ფერმის საფუძვლიანი დეზინფექციის მერე ღორებსაც მოვიყვან. ავაგე ადგილობრივი ჯიშის ქათმის გამოსაზრდელი შენობაც. დღეს ამ სანაშენეში დაახლოებით 80 000 წიწილაა. ზოგს ერთი დღის მერე ვყიდი, ზოგს კი ერთი თვის თავზე. თვის წიწილა რესტორნებს მიჰყავთ სატაბაკედ, ერთი დღისას კი მოსახლეობა ყიდულობს გასაზრდელად.

როცა მოსახლეობაში დავიწყეთ კვერცხების შეგროვება, გამოჩეკის პროცენტი დაბალი იყო. ეს ბუნებრივიცაა - შუა ზამთარში ან შუა ზაფხულში ოჯახის დიასახლისი რომ მოიცლის და კვერცხს საბუდრიდან აიღებს, ის შეიძლება გამოსაჩეკად უკვე უვარგისი იყოს, ზაფხულში - გალაყდეს, ზამთარში კი გაიყინოს. ახლა გამოსაჩეკ კვერცხს მაშინვე ვიღებთ და ინკუბატორში ვათავსებთ.

ეს ადვილი შრომა როდია, თუ შესაბამისი პირობები არ დაიცავი, შეიძლება ათასობით გამოსაჩეკი კვერცხი რამდენიმე საათში განადგურდეს, ან ფრინველს რამე ინფექცია დაერიოს და გაწყვიტოს. ყურადღების მოდუნება შეუძლებელია. სანაშენეში არ შეიძლება ქათმის სკინტლის გაჩერებაც, თორემ მარტო წიწილები კი არ დაჩიავდებიან, სუნის გამო ახლომახლო კაცი ვერ გაივლის.

- ქათმის სკორე კარგი სასუქია. ამასაც ყიდით?

- როცა ადამიანი შრომობს და შრომა უყვარს, მას ქათმის სკინტლში ფული როგორ გამოვართვა?!

- თქვენს ფერმაში, გარდა ადგილობრივი ქათმის მოშენებისა, ერთი კარგი საქმეც გაკეთდა - მეფრინველე მეცნიერებმა ახალი ქართული ჯიშის ქათამი გამოიყვანეს, რაც ათეული წლებია, არ მომხდარა.

- ასეა. როცა ინკუბატორისთვის საკუთარი ადგილობრივი ჯიშის კვერცხის წარმოება გადავწყვიტე, ამისთვის პროექტი დავწერე და, საბედნიეროდ, დამიფინანსეს. ეს ალბათ კარგი პროექტი იყო, რადგან მეცნიერებს ხმა დედაქალაქშიც მისწვდათ. დამიკავშირდნენ, თანამშრომლობა შემომთავაზეს. ჩამობრძანდნენ და ადგილობრივი ჯიშის ყელტიტველა მეკვერცხულთან (წელიწადში 210-მდე კვერცხს დებს), მეხორცული, ბროილერის ჯიში შეაჯვარეს. ჩვენი ადგილობრივი ყელტიტველა ძალიან დიდი ხნის ჯიშია და ჩვენს პირობებთან საუკეთესოდ არის შეგუებული. მაგრამ შედარებით მცირე ზომისაა - დაახლოებით 1 კილოგრამს ან 900 გრამს იწონის. საჭირო იყო მისი მეხორცულობის გაზრდა და ამავე დროს, კვერცხისდების შენარჩუნება.

მოკლედ, ბროილერი, რომელიც 6 კილოგრამს იწონის, ისე ვაშიმშილეთ, რომ 3 კილოგრამამდე მივიყვანეთ, მერე ყელტიტველასთან შევაჯვარეთ. საბოლოოდ, მივიღეთ, ახალი ადგილობრივი ჯიში, რომელიც 2,5 კილოგრამს იწონის და საუკეთესო კვერცხისმდებელიცაა. ახლა უკვე სხვა ჯიშების გამოყვანაზეც არის საუბარი.

- ჩვენც მივესალმებით, რომ ქართული ჯიშის ქათამი შეინარჩუნეთ.

- ფრინველის 80% ადგილობრივი ჯიშია. ვინც არ იცის, ეს რატომ არის კარგი, სიამოვნებით ავუხსნი, - ჩვენს ქათამს ერთი უნიკალური ნიშანი, ნაკლები ქოლესტერინი აქვს. მაგალითად, ყელტიტველას რამდენიც უნდა აჭამო, ისე არ გასუქდება, რომ ქონი დაიკიდოს. ქოლესტერინის შემცველი ხორცი უფრო ყვითელი ფერის არის, უქოლესტერინოს - მოთეთრო-მოლურჯო იერი აქვს. ასე რომ, მინდა, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი და ამავე დროს, გემრიელი პროდუქცია მქონდეს.

ეთერ ერაძე