როჭოთა ქორწილი ლაგოდეხში
05-09-2016
როჭოთა ქორწილი ლაგოდეხში
"ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდე­ების ტბის მახლობელ მინდორს კავკასიური როჭოების საქორწინო მოედნად იცნობენ. ველური ბუნების მოყვარულ იღბლიან ტურისტებს აქ განსაცვიფრებელი სანახაობა ელით. დაახლოებით აპრილ-მაისში, მინდორს უამრავი როჭო მოეფინება. მთავარი გმირები მამალი როჭოები არიან. შეხტება მამალი როჭო და სალტოს აკეთებს, ათასნაირი ხერხით ცდილობს მდედრის ყურადღების მიქცევას. დიახ, როჭოებში მამაკაცებს ქალები ირჩევენ. "ბიჭი" მოუთმენლად ელის "გოგოს" არჩევანს და როგორც კი "გულმოწყალე" დედალი მიუახლოვდება, ერთად გაფრინდებიან "საქორწინო მოგზაურობაში", გასამრავლებლად.

საქართველოში მოძალებული ბრა­კონიერობა გარემოს ვნებს,
რაზეც ხშირად გვიწევს წერა. ისინი ცდილობენ დაცულ ტერიტორიებზე თუ ნაკრძალებში შეღწევასაც, თუმცა, წადილის ასრულებას იშვიათად ახერხებენ.
ნაკრძალი დაცული ტერიტორიების უმაღლესი კატეგორიაა. მისი უმთავრესი მიზანი ბუნებრივი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაა. ამიტომაც, კომერციული დანიშნულების ტყეებში ხეები ბუნებრივი ხანგრძლივობის დაახლოებით ერთ მესამედს ცოცხლობენ, ნაკრძალებში კი - ასწლეულობით.

ლაგოდეხის
სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს დაუარსებია კავკასიის ფლორისა და ფაუნის მკვლევარსა და მოამაგეს, პოლონელ ლუდვიკ მლოკოსიევიჩს. 2003 წელს ნაკრძალის ბაზაზე ორი დაცული ტერიტორია შეიქმნა: სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ ბუნება ადამიანის ჩარევის გარეშე.

"საქორწინო მოედანი"


ულამაზესია დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთის ბინადარი კავკასიური როჭოს პოპულაცია. მამალი შავია, ლურჯი და მწვანე ბზინვარება დაკრავს, ფრთებზე თეთრი "სარკე" აქვს, კუდის გარეთა ბუმბულები ქნარს უგავს. დედალი მომცრო და ჭრელია. შერეული და ფოთლოვანი ტყის ეს ულამაზესი ბინადრები გაზაფხულზე წყვილდებიან. თუმცა, რაღა წყვი­ლდებიან - როჭო პოლიგამია და ერთ მამალს უამრავი ცოლი ჰყავს. მამლის საქორწინო განწყობას, რომელიც რიტუალივით გამოიხატება, ტიხტიხი ჰქვია. საოცარი სანახავია როჭოების ქორწილი.

ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდე­ების ტბის მახლობელ მინდორს კავკასიური როჭოების საქორწინო მოედნად იცნობენ. ველური ბუნების მოყვარულ იღბლიან ტურისტებს აქ განსაცვიფრებელი სანახაობა ელით. დაახლოებით აპრილ-მაისში, მინდორს უამრავი როჭო მოეფინება. მთავარი გმირები მამალი როჭოები არიან. შეხტება მამალი როჭო და სალტოს აკეთებს, ათასნაირი ხერხით ცდილობს მდედრის ყურადღების მიქცევას. დიახ, როჭოებში მამაკაცებს ქალები ირჩევენ. "ბიჭი" მოუთმენლად ელის "გოგოს" არჩევანს და როგორც კი "გულმოწყალე" დედალი მიუახლოვდება, ერთად გაფრინდებიან "საქორწინო მოგზაურობაში", გასამრავლებლად.
XIX საუკუნის ბოლომდე ყველას ეგონა, რომ კავკასიაში ევროპული როჭო ბინადრობდა. ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებელმა, ლუდვიკ მლოკოსიევიჩმა შეამჩნია, რომ აქაური როჭო განსხვავდებოდა ევროპულისგან. რამდენიმე ეგზემპლარი ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნა გამოსაკვლევად. გაირკვა, რომ აქ სრულიად სხვა სახეობა ბინადრობს და მას კავკასიური როჭო უწოდეს.

ნინოს ხევის ჩანჩქერი


ლაგოდეხის ნაკრძალში უამრავ თვალწარმტაც სანახაობას შორის არის ნინოს ხევის ჩანჩქერი. ლეგენდის თანახმად, ლეკებს პატარა გოგონა, ნინო, მოუტაციათ. დაღესტნისკენ მიმავალთ გზად შეუსვენიათ. ნინოს უყოჩაღია, გაქცეულა და მდინარეში გადამხტარა. დადევნებულ ლეკებს ხელი ჩაუქნევიათ - ვერ გადარჩებაო და უკან გაბრუნებულან. ნინო კი სასწაულმა იხსნა - ჩანჩქერთან უზარმაზარი ხეების ტოტებს დაუჭერია. იმ დღიდან გაჩნდა ნინოს ხევი და ნინოს ჩანჩქერი, ნინიგორის ქედი, სოფელი ნინიგორი, სადაც თურმე ნინო ცხოვრობდა. ჩანჩქერის წყალი 40 მეტრის სიმაღლიდან ვარდება და ლოდებზე ალმასებივით აციმციმებული იმსხვრევა.

"ცხვირი დრუნჩს მივადე"


როგორც კი მთებში, კერძოდ, საჯიხვეებში ხეტიალის სეზონი დადგება, ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორი გიორგი სულამანიძე ფოტოაპარატით შეიარაღებული დაეძებს ჯიხვების ფარას და ფოთრებს გახარებული ითვლის, შემდეგ კი სოციალურ ქსელში აღტაცებული წერს, ჯიხვები გამრავლდნენო. მათ თვალთვალში ხშირად ხიფათს გადაჰყრია, კურიოზულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა. მიამბო:
"საჯიხვეებში ვარ. ვათვალიერებ მათ სადგომს. მოშორებით იდგნენ და გადავწყვიტე, მივპარვოდი. მათკენ მიწაზე გართხმული გავხოხდი და როცა ქედს მივუახლოვდი და თავი ავწიე, ჯიხვს მივადე ცხვირი დრუნჩზე. მეც შევკრთი და ჯიხვიც. დამფრთხალი ისე გაიქცა, თვალი ვეღარ მოვკარი".

აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი გადაშენების საშიშროების წინაშეა, 2015 წელს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სულ 560 ინდივიდი დაითვალეს. საქართველოში აგრეთვე გვხვდება დიდ კავკასიონზე, შხარის მთის აღმოსავლეთით. ახალმოგებული ფოთრი რამდენიმე წუთში ფეხზე დგება, ერთ-ორ საათში კი უკვე სირბილი შეუძლია.

ლაგოდეხის ნაკრძალის კიდევ ერთი მშვენიერი ბინადარია კეთილშობილი ირემი. წინათ ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, ამჟამად მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილშია შემორჩენილი. ამ ბოლო დროს თუშეთის ეროვნულ პარკშიც უნახავთ.

ეს ულამაზესი ცხოველი დაახლოებით 20 წელიწადს ცოცხლობს და ურიგოდაც არ მრავლდება, მაგრამ კაცის ხელი გადაემტერა - 1999 წელს ლაგოდეხის ნაკრძალში მხოლოდ 70 სული ირემი აღრიცხეს. 2006 წლიდან დაცულ ტერიტორიებზე მართვის სისტემის რეფორმის შედეგად მსხვილი ძუძუმწოვრების სახეობებმა იმატა, ირმებიც მომრავლდნენ. ამბობენ, 2013 წელს თითქმის 300 ირემი დავითვალეთო.
ირმის ნახვა ყველაზე იოლი მყვირალობისას ყოფილა. ამ დროს, ანუ დაახლოებით 20 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე, ხარირემი შეშდება - ძირითადად ერთ ადგილზე დგას და ყვირილით უხმობს ფურს.
მყვირალობა ხშირად დაბინდებიდან ან ალიონიდან იწყება და საათებს გასტანს. ამ დროს ხარირემი ძლიერ აღგზნებული და აგრესიულია, ადამიანსაც ერჩის. ამ პერიოდში თითოეულ ხართან რამდენიმე ფურიცაა.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა