"დავუდასტურე, ნიკოს ცოლი ვარ-მეთქი, უცებ ორმეტრიანმა ბიჭმა ტირილი დაიწყო"- ნინას პატარა სამოთხე - კვირის პალიტრა

"დავუდასტურე, ნიკოს ცოლი ვარ-მეთქი, უცებ ორმეტრიანმა ბიჭმა ტირილი დაიწყო"- ნინას პატარა სამოთხე

"კვირის პალიტრის" არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წელს

"გაზაფხულზე, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ამოდის შენი დარგული მცენარე, უგუნებობა ისე მიდის, წამალი არც გჭირდება. საოცრად ბედნიერი და სიცოცხლის მადლიერი ხარ"

"სახლის ღობე ჩემი სიამაყეა. ბუნებამ ქვა და ხე, როგორი სახითაც მოგვცა, ზუსტად ისეთი მინდოდა გამომეყენებინა. საბოლოოდ, მგონი, მართლაც ლამაზი ღობე გამოვიდა"

ნინა ჩოდრიშვილი-გომელაურმა მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის მერე დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში სახლი შეიძინა. ამ ამბის წინაისტორია ასეთია.

ნინა: ნიკოს შემდეგ კი არ ვტიროდი, ვყმუოდი - ასე ამბობდნენ ჩემი შვილები, ამიტომ ტრანკვილიზატორების მიღება დამჭირდა. ერთ წვიმიან დღეს, მანქანით გავივლი-მეთქი, ვიფიქრე და ნელ-ნელა თბილისს გავშორდი. გავიარე დიღომი, მცხეთა, ჟინვალის წყალსაცავი... მივიწევდი წინ, წინ... დავინახე წარწერა "ანანური". ჩემი მეგობრის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის ნათქვამი გამახსენდა - ანანურში სამოთხის მსგავს სილამაზეში ვცხოვრობ და ისეთი ბედნიერი ვარ, ვერც წარმოიდგენო.

ვიღაც ახალგაზრდას ვკითხე, აქ სადმე სახლი ხომ არ იყიდება-მეთქი? საკმაოდ ძვირად ღირებული სახლები შემომთავაზა. სოფელში კიდევ ერთი ბიჭი, რამაზ როსტიაშვილი შემხვდა და იმავე შეკითხვით მივმართე. მან მიცნო. დავუდასტურე, ნიკოს ცოლი ვარ-მეთქი, უცებ ორმეტრიანმა ბიჭმა ტირილი დაიწყო. მასაც ვთხოვე გასაყიდი სახლის მოძებნა, თან ავუხსენი, რომ ხუხულა მინდოდა, და არა დიდი სახლი. ბოლოს, ვიპოვეთ არაგვის ჭალასთან, რიყის ქვით აშენებული ოროთახიანი სოფლის სახლი, პატარა მიწის ნაკვეთით.

- და ამ პატარა ადგილზეც მშვენიერი ბაღი გააშენეთ. ვინ გეხმარებოდათ?

- სახლისთვის ბევრი არაფერი მიმიმატებია, მხოლოდ სახურავი გამოვცვალე. მეხმარებოდა არაჩვეულებრივი გემოვნების დიზაინერი, ნიკოს დეიდაშვილი გუგა კოტეტიშვილი. პირველ რიგში წყლის პრობლემა მქონდა, ამიტომ ჭა გავაკეთე, მაგრამ წყალში ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა და გავაუქმე. ახლა რა წყალიც მაქვს, არც ის არის სუფთა, ასე რომ, ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელია. შემდეგ გავარკვიე, რომ სახლის ქვედა მხარეს ადრე ნაგავსაყრელი ყოფილა. სამი მანქანა ნაგავი გავიტანე - შრეებად იყო ჩალაგებული სამშენებლო ნაგავი, პოლიეთილენისა და პლასტმასის, რკინის კასრები, შპრიცები, პამპერსები, ბოთლები და სხვა უამრავი ნარჩენი, რომელიც მიწაში არ იხრწნება, ერთი სიტყვით, საშინელება გადავიტანე. ეს უბედურება მთელ საქართველოს სჭირს. ვიღაცამ ხომ უნდა აუხსნას ჯერ კიდევ ბავშვს, რომ პლასტმასის ბოთლი მიწაში 450 წელი რჩება და ამიტომ ის ნაგვის ურნაში უნდა ჩააგდოს. სავალალოა, რომ სოფელში ვისაც რა მოეპრიანება, მდინარის კალაპოტში ყრის.

- ჩემი ყურადღება თქვენმა ორიგინალურმა ღობემ მიიქცია.

- მეხუთე ზაფხულია, რაც სახლი შევიძინე. შედეგს საკუთარი შეცდომების და დაკვირვებების საფუძველზე მივაღწიე. როცა მცენარე დაჭკნა და ვერ გაიხარა, მერე დავფიქრდი, რომ აქ უფრო ცივა, ვიდრე თბილისში, მაგრამ იმანაც მომატყუა, ვინც მცენარე მომყიდა. საერთოდ, ანანურის ნიადაგი ქვიანია და ბევრ რამეს ვერ დარგავ.

ყველაფერში მეხმარება აქაური ახალგაზრდა, ჩემი უმცროსი მეგობარი და მასწავლებელი (ასე ვეძახი) სოფლის საქმეებში, უზომოდ მშრომელი ადამიანი გიო მაჭავარიანი. სახლის ღობე ჩემი სიამაყეა. გიო გაკვირვებული მეკითხებოდა, ნინა, რას ამბობ, ქვა ასე დავაწყო, აქ ხომ სხვანაირად აწყობენო? ბუნებამ ქვა და ხე, როგორი სახითაც მოგვცა, ზუსტად ისეთი მინდოდა გამომეყენებინა. საბოლოოდ, მგონი, მართლაც ლამაზი ღობე გამოვიდა. ერთგვარი ტანდემი შედგა: მე ვარ დიზაინერ გუგას მოწაფე და გიო კი შემსრულებელი. გიომ თუ რამე არ იცის, არასოდეს იტყვის, ამის გაკეთება შემიძლიაო. ბევრისგან განსხვავებით, თავმდაბალია. ბაღის ქვედა ტერიტორიაზე კიბეს მოაჯირი არ ჰქონდა და იცით, რა დამახვედრა? ტყიდან უცნაური ფორმის ლამაზი ტოტები ჩამოუტანია და ისინი ჩაარჭო მოაჯირებად. ხომ ძალიან ლამაზია?

- ვერანდისა და სახლის გარე კედლის გაფორმებაც თქვენია?

- აივანზე ვიწექი და ვფიქრობდი, ვერანდა როგორ მომეწყო. უცებ გონება გამინათდა. ორი სოფელი ფეხით შემოვიარე იმ იმედით, იქნებ რამე ძველი რკინის მასალისთვის მიმეგნო. ვიპოვე კაცი, რომელსაც რკინა ჯართში ჩასაბარებლად ენანებოდა და თან არც მანქანის დასაქირავებელი ფული ჰქონდა. რკინის მასალა ვიყიდე და ანანურელმა არმაზ ბალიაშვილმა ამიწყო პროფესიონალურად. ახლა, ვერანდაზე ვზივარ და მდინარის ხმას ვუსმენ, რაც ბევრ მუსიკას სჯობს. რაც შეეხება სახლის კედლების აქსესუარებს, სადაც რას ვიპოვი, ანანურში მოვაქანებ.

- მიწას ანოყიერებთ?

- ყოველწლიურად, გაზაფხულზე, ვარდებს აუცილებლად სჭირდებათ ნაკელი და კიდევ იმ მცენარეებს, რომლებსაც უჭირს. გამომწვარი ნაკელის არჩევა გიომ მასწავლა.

ვიკეთებ ხელთათმანს, ვიცვამ მაღალყელიან რეზინის ფეხსაცმელს, მივდივარ ჩემს საუკეთესო მეზობელ ეთერისთან, ვდგები ფუნის გროვაში და ნაკელს ვარჩევ. გაზაფხულზე ცოტა მომაქვს, მერიდება, იმიტომ, რომ თავად სჭირდებათ, შემოდგომაზე კი თამამად ვიღებ.

- ბაღში რა ყვავილები გაქვთ?

- სხვადასხვაფერი ჰორტენზიები, ფერადი და თვალისმომჭრელი პეტუნიები (ბევრი იწუნებს, რადგან დარგვა ყოველ წელს სჭირდება), კანა, რომელსაც აქაურ მკაცრ ჰავაში ძირი ულპება, ამიტომ ჭკუა ვისწავლე: ჯერ ქოთანში ვრგავ, მერე ქოთნიანად მიწაში, როცა შემოდგომაზე ფოთლები დასცვივდება, შინ შემაქვს და მომავალ წელს კვლავ გამომაქვს. ირმის რქას მეოთხე წელია ვუკირკიტებ, ვერ ასწრებს ყვავილობას, თბილისში უნდა წავიღო. ბროწეულის ხეც არ ხარობს. ბაღის ქვედა ტერიტორიაზე ბზები და ნაძვები მაქვს. ბზას წლეულს ჭია შეესია, სამჯერ შევწამლე. ფოთლები უკვე წამოვიდა, მაგრამ კიდევ არის დაჭიანებული ადგილები. მომავალ წელს ადგილს შევუცვლი.

მაქვს რაჭიდან ჩამოტანილი კავკასიური ჯიშის ნაძვი. 15 წლის წინ ეს არაჩვეულებრივი სილამაზის ნაძვი რაჭაში ჩასულ დანიელ კაცს აღმოუჩენია და მოსახლეობისთვის თესლის შეგროვება დაუვალებია. მას დანიაში, თავის მეურნეობაში, ამ ჯიშის ნაძვები სხვა ჯიშებთან ერთად, საშობაოდ გამოჰყავს. ახალ წელს, როგორც წავიკითხე, მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ჩვენი რაჭის ნაძვზეა, რომელსაც კავკასიური სოჭი ჰქვია. ამის შესახებ ბანკისგან გავიგე, რომელიც თავის მეანაბრეებს ასაჩუქრებდა და მეც ორი ცალი ნაძვი მერგო. ძალიან პაწაწუნები იყვნენ, მთელი წელი თბილისში, მზიან ფანჯარასთან ცხოვრობდნენ. ახლა აგარაკზე ამოვიტანე, მაგრამ ჯერ ადრეა მათი გადარგვა.

- სახლი როცა შეიძინეთ, ხეხილი იდგა?

- მხოლოდ კაკლის, თხილის, ტყემლის ხეები დამხვდა, კიდევ ცაცხვი და უშველებელი ნეკერჩხალი. თავიდან არც მიფიქრია ხილის მოსავალზე, ახლა კი ძალიანაც მინდა და ვხვდები, როგორი სასიამოვნო განცდაა, როცა შენი ეზოს ხილი გაქვს.

- ადვილად მოსავლელი მცენარე რომელია?

- ვარდი უპრეტენზიოა, მისი გახარება არ ჭირს, მაგრამ მოვლა უნდა. ყოველ დილით ვარდის ეკლებისგან თავის დასაცავად სპეციალურად ჩაცმული თითოეული ვარდის ძირთან (30 ძირია) ჩავჯდები და ბალახს ვაცლი. გვირილებს ბალახი ნაკლებად ვნებთ, თუ ბევრია, მაშინ ვგლეჯ.

ორი ძირი ნაძვი გამიხმა. ბოლოს და ბოლოს, ნაძვისა და ფიჭვის გახარება ასე შევძელი: ამოვთხარეთ დიდი ორმო, ჩავყარეთ თბილისიდან ჩამოტანილი კარგი მიწა და ბევრი ნაკელი დავაყარეთ. ხეებს ფესვები გაუმყარდა და თავად მოძებნეს, საით წასულიყვნენ ქვიან გრუნტში. გასულ ზამთარს გიომ დამირეკა, მთაში ნაძვი ვნახე, ფესვები მოყინული აქვს და თუ გინდა, წამოვიღებო. მძიმე ხე თოვლზე ჩამოაცურა და ჩამომიტანა. მშვენივრად გაიხარა ყოფილ ნაგავსაყრელზე. გაზაფხულზე, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ამოდის შენი დარგული მცენარე, უგუნებობა ისე მიდის, წამალი არც გჭირდება. საოცრად ბედნიერი და სიცოცხლის მადლიერი ხარ.

ნანული ზოტიკიშვილი