გიგანტური პეპლების სამყარო
12-09-2016
გიგანტური პეპლების სამყარო
პეპელა ბუნების უჩვეულო ქმნილებაა. გარდა ჰაეროვანი, მოხატული ფრთებისა და უნიკალური შეფერილობისა, პეპელას კიდევ ერთი უცნაური თვისება გამოარჩევს: ის სულ რამდენიმე დღეს ცოცხლობს. ალბათ, ყველა პეპელა თავისებურად მშვენიერი და განუმეორებელია, თუმცა მათ შორისაც ვხვდებით უნიკალურ სახეობებს.

მადაგასკარის კომეტა

კიდევ ერთი უნიკალური სახეობაა მადაგასკარის კომეტა, ანდა სხვაგვარად, აფრიკული მთვარის ჩრჩილი. სხეულის სიგრძით პეპლებს შორის ის ნამდვილი რეკორდსმენია. "კომეტის" ფრთები კაშკაშა ყვითელი ფერისაა და მათზე ყავისფერი "თვალები" ახატია. ეს სახეობა მხოლოდ 2-3 დღეს
ცოცხლობს. ცნობილია, რომ მადაგასკარის კომეტა პეპლების ღამის სახეობებს მიეკუთვნება.

ყველაზე დიდი მსოფლიოში

ფარშავანგთვალა ატლასი (ზოგჯერ უწოდებენ სიბნელის მეფესაც) მიჩნეულია ყველაზე დიდ პეპლად მსოფლიოში. მისი რამდენიმე ქვესახეობაა ცნობილი. გიგანტური პეპელა მხოლოდ 10 დღეს ცოცხლობს. მისი ფრთების მოხატულობა განუმეორებელია. ამასთან, ეს ფრთები ქვეწარმავლის თავსაც მოგვაგონებს, რის გამოც
ჩინელებმა პეპელას "გველის თავი" უწოდეს. სხვათა შორის, ეს თავისებურება პეპელას კარგად იცავს ცხოველებისგან, რომლებიც მწერებით იკვებებიან. ფრენის დროს ფრთების განშლა 30 სმ-საც აღწევს. უცნაური შეფერილობისა და ზომის მიუხედავად, პეპელა შხამიანი არ არის და ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა.

პეპელა აგრიპინა

ეს არაჩვეულებრივი პეპელა, რომელსაც აგრიპინას ეძახიან, ბრაზილიის ნესტიან ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს. აგრიპინაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პეპელაა დედამიწაზე, მისი ფრთების სიგრძე თითქმის 30 სმ-ია. შორიდან აგრიპინა ძალიან ჰგავს მფრინავ ჩიტს, რაც მისთვის თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ეს იშვიათი პეპელა ბუნებაში მხოლოდ ღამით გადის, ამიტომ მისი ნახვა ადვილი არ არის.

სილამაზის ეტალონი

მეცნიერები საერთაშორისო კონგრესზე შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პეპელა მადაგასკარზე მობინადრე ურანიაა. მისი ფრთების მოხატულობა არაჩვეულებრივად ლამაზი და ნათელია. კოლექციონერები მეტად აფასებენ ამ სახეობის პეპელას სწორედ სილამაზის გამო. ეს პეპელა დღის სახეობებს მიეკუთვნება და მნახველებს სილამაზით აოცებს.

პეპლების ბაღი დუბაიში

თუ ოდესმე ზღაპრულ სამყაროში მოხვედრაზე გიოცნებიათ, სადაც თქვენ გარშემო უამრავი პეპელა იფარფატებდა, ნამდვილად შეგიძლიათ ოცნების ასრულება. პეპლების ყველაზე დიდი პარკი ცათამბჯენებით განთქმულ დუბაიში მდებარეობს. ეს დახურული პარკი Dubai Miracle Garden-ის ტერიტორიაზეა, 2500 კვმ ფართობზე 15 ათასი პეპელა ბინადრობს. პარკი სამი გუმბათითაა დახურული, კლიმატის კონტროლის სისტემა კი საშუალებას იძლევა, სტუმრებმა ეს ზღაპრული სანახაობა მთელი წლის განმავლობაში იხილონ. პეპლების გარდა, აქ ნახავთ ფერადი ყვავილებით შექმნილ პეპლების ქანდაკებებსა და მწვანეში ჩაფლულ გარემოს. პარკისთვის პეპლები სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან ჩამოიყვანეს. პარკი მთელი დღის განმავლობაში სავსეა პეპლების მოყვარულებით.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები