"სანამ ბაღებს გავაშენებთ, სპეციალისტები უნდა გამოვზარდოთ"
12-09-2016
"სანამ ბაღებს გავაშენებთ, სპეციალისტები უნდა გამოვზარდოთ"
"საქართველოს შეუძლია, ყოველწლიურად 10-20 მილიონი ნერგი გაყიდოს ევროპაში და შემოსავალი ბევრად მეტი ექნება, ვიდრე ღვინისგან აქვს"

ცხინვალიდან ხელის გაწვდენაზე, სოფელ ნიქოზში, ყოველდღე აფეთქების ხმა ისმის. ოკუპირებულ ზონაში ოკუპანტები სამხედრო სწავლებებს ატარებენ. ნიქოზელები სასწავლო ბომბების ხმას დიდი ხანია შეეჩვივნენ, მეტიც, ივიწყებენ ომს და მუხლჩაუხრელად შრომობენ. ამბობენ, რომ გაუმართლათ, მათ შორის ერთი ისეთი გამოერია, ვინც ომის შემდგომ სოფელი ფეხზე წამოაყენა. ნიქოზში, მავთულხლართებიანი საზღვრის გასწვრივ, კაკლისა და ნუშის სანერგე გააკეთა და თანასოფლელები დაასაქმა.

ათეულობით ჰექტარზე გაშენებული სანერგეების შესასვლელში აბრები იუწყება, რომ კოოპერატივის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. აქაურობას ნიქოზელი, საქართველოსა და ამერიკის მოქალაქე გიორგი მჭედლიძე მეგობრებთან ერთად პატრონობს.
ნიქოზელი გივი სანებლიძე ამბობს, რომ გიორგი დღედაღამ მათთან ერთად მუშაობს და ხელებზე გაჩენილი კოჟრებით შეუპოვრობის მაგალითს იძლევა. მიზნის მისაღწევად ისე იბრძვის, მის გვერდით
დასვენებაც კი შეგრცხვებაო.

ვაშლის სამშობლოდ ცნობილ გორში ნუშისა და კაკლის ბაღების გაშენებას ზოგიერთი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა გიორგი მჭედლიძე ამტკიცებს, რომ გლეხს ვაშლზე დიდ მოგებას სწორედ ამ ორი კულტურის მოსავალი მისცემს. 2004 წლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე კაკალსა და ნუშზე მოთხოვნა და ფასი ყოველწლიურად იზრდება, რასაც თურქმა ფერმერებმა დროულად აუღეს ალღო და კარგა ხანია, ახალ ბაღებს აშენებენ. როგორც მეწარმე ამბობს, 1 ჰა-ზე გაშენებული "ჩანდლერის" კაკლის ბაღიდან ფერმერს 2-3 ტონა სუფთა ნიგვზის მიღება შეუძლია.

"ჩანდლერის" ჯიშის კაკალს თეთრი ლებანი, თხელი ნაჭუჭი და მაღალი გამოსავლიანობა აქვს, ამიტომაც მასზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. გიორგის კალამი და კვირტი აშშ-დან შემოჰქონდა, ვიდრე, მისი თქმით, სახელმწიფომ გაუაზრებლად მიღებული რეგულაციით არ ჩაუკეტა ნერგის შემოტანის შესაძლებლობა.

გიორგი მჭედლიძე:
- კაკლის ბაღის გაშენება 1 ჰა-ზე ფერმერს დაახლოებით 10.000 ლარი დაუჯდება. ამ ფასში სახელშეკრულებო პერიოდში (2 ან 3 წლის განმავლობაში) ყოველთვიური კონსულტაციებიც შედის. ფერმერებს ხეხილის სწორ მოვლას ვასწავლით. კაკლის თანამედროვე ჯიშების პირველ მოსავალს დარგვიდან რამდენიმე წელიწადში ვიღებთ. ისინი უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევა.

- თქვენ 2015 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფერმერად დაგასახელეს...

- ეს საქმე უცხოეთში ვისწავლე და საქართველოში ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანე. კალიფორნიაში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში პირველად ღია გრუნტზე გამოვიყვანე სამრეწველო ნერგი, კომერციული ბაღების გასაშენებლად. ეს ჩემი საავტორო ნამუშევარი იყო. თუ მთელი მსოფლიო ნერგის გამოყვანას 24 თვეს უნდება, მე 7 თვეში შევძელი. ამ შედეგის მისაღებად მე და ჩემი მეგობრები (ასე უწოდებს თანასოფლელებს) დღედაღამ ვმუშაობდით. ბაღებში განათებაც კი გავაკეთე, რომ ღამითაც არ შევჩერებულიყავით.

საქართველოს შეუძლია ყოველწლიურად 4-5 მილიონი ნერგი გაყიდოს ევროპაში და შემოსავალი ბევრად მეტი ექნება, ვიდრე ღვინისგან აქვს. ნამყნობი ნერგების წარმოება მხოლოდ საქართველოსა და თურქეთშია შესაძლებელი (ევროპაში ეს შეუძლებელია ღამის ტემპერატურის გამო). თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, საავტორო ნაშრომი გვაქვს და თურქებმა არ იციან ის, რაც ჩვენ ვიცით. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ასეთი პერსპექტივები არ აინტერესებს.

- ხელისუფლება მიესალმა თქვენი კოოპერატივის გახსნას და თქვა, რომ საინტერესო ტენდენცია დაიწყო საქართველოში.

- კოოპერატივები ქართველი კაცის ფსიქოლოგიას ვერ ერგება. წარმოუდგენელია, ათი ქართველი ერთი მოგებისთვის თანაბრად ამუშაო. საქართველოში მხოლოდ ებრაული კიბუცი ან თურქული "ლიდერი" თუ გაამართლებს, ან სანამ კოოპერატივს შექმნი, ქართველი კაცი უნდა მოამზადო. ჩვენ ხალხს ახასიათებს მიბაძვით ბიზნესის კეთება, ამიტომაც სისტემებიც ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა დაინერგოს.

სახელმწიფოს პროექტი "დანერგე მომავალი" იგივეა, რაც თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, მაგრამ უექიმო საავადმყოფო, ანუ ბაღების გაშენება აგრონომის გარეშე. სანამ ნერგს გავახარებინებთ, ჩვენი ჯგუფი კონსულტაციებს უწევს ბაღების მფლობელებს. მაგრამ შემდგომ, რადგან სწორად მოვლა არ იციან, ბაღები შეიძლება გახმეს ან მწირი მოსავალი მისცეს პატრონს.

"დანერგე მომავალში" მონაწილეობის მისაღები აპლიკაციის ფორმა მიუწვდომელია გლეხისთვის, რომელმაც შრომის ფასი, მოსმენა იცის და სიამოვნებით სწავლობს ყველა სიახლეს. სადღაც მაღალ სართულზე, კომპიუტერთან ჩაწოლილი ხალხი, რომელთაც ცხოვრებაში ბელტი არ გადაუბრუნებიათ, იმ იმედით, რომ დაფინანსებას მიიღებენ, მერე კაკლის ან ნუშის ბაღს გააშენებენ და უმოკლეს დროში გამდიდრდებიან, აპლიკაციებს ავსებენ და ფული, საქმიანი ხალხის ნაცვლად, მოგებაზე ორიენტირებული, ზარმაცი ხალხის ხელში ხვდება. სამაგიეროდ, გლეხმა კარტოფილი და ხახვი რომ მოიყვანოს, კომერციული ბანკიდან მისცემენ წლიურ 30%-იან კრედიტს და... გაგიგიათ ალბათ, რამდენი ოჯახი დაიქცა ასე.

ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში თუ სწორი ბიზნესგეგმა გაქვს და იცნობ იმ კულტურას, რომელსაც აშენებ, დიდ და უიაფეს კრედიტს გაძლევენ. ჩვენთან კი მთავარია, აპლიკაცია შეავსო. კაცი არ გეკითხება, იცი თუ არა სასოფლო-სამეურნეო საქმე.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- სანამ ბაღებს გავაშენებთ, სპეციალისტები უნდა გამოვზარდოთ, ახალგაზრდები უნდა გავგზავნოთ უცხოეთში სასწავლებლად. სანამ ისინი აგრონომებად ჩამოყალიბდებიან და დაგვიბრუნდებიან, მიწა უნდა ავთვალოთ და დავიანგარიშოთ, სული მოსახლე რამდენ ნიორს, ხახვსა და ბადრიჯანს მოიყვანს. გლეხს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მოსავალი სწორად მოიყვანოს. ჰქონდეს ბერკეტი და გარანტია, რომ მოსავალს გაყიდის. იცოდეს მოსალოდნელი ფასი და როგორ არ უნდა დაუგროვდეს ჭარბი პროდუქცია. შედეგს ასეთი გათვლების შემთხვევაში მივიღებთ. ჩვენთან რომ მოდის ხახვის მოსავალი, უცხოელმა რატომ უნდა შემოიტანოს შეღავათებით და ადგილობრივს კი არ ჰქონდეს შეღავათი? ვისაც ახალი ტექნოლოგიებით იმავე ფართობზე სამჯერ მეტი მოჰყავს, თვითღირებულებიდან გამომდინარე ფასს აგდებს და გლეხს აზარალებს. ხალხს რომ არიგებენ, თქვენი პროდუქცია ევროსტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდესო, თორემ ვერ შეიტანთ ევრობაზარზეო, სად არის ეგ სტანდარტები? დიდი ხანია ვეძებ. სტანდარტი კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ანალიზზე პასუხი არ მაღირსეს - ნერგს დაავადება გაუჩნდა, ტოტი მივიტანე, ფული გადავიხადე, ორი თვე გავიდა და პასუხს არ მატყობინებენ. მე კი ამ დროს ათიათასობით, ფაქტობრივად, უკვე გაყიდული ნერგი მიფუჭდება. კვლევითი ცენტრიდან ჩამოვიდნენ, დაგეხმარებით, უნიკალური ლაბორატორია გვაქვსო, მაგრამ ამაოდ, არა აქვთ 100-ლარიანი კომპონენტი, რომლითაც ბაქტერია უნდა ამოიცნონ...

შარშან სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციით 200.000 დოლარი დავკარგე. ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ დაჯდა ერთი ახალგაზრდა და ნახა, რომ იტალიასა და საფრანგეთში აკრძალულია ამერიკიდან საკვირტე მასალის შემოტანა, რადგან ადგილობრივზე მაღალხარისხიანი და იაფია. გადმოაქართულა ევროპული რეგულაცია და ხელი მოაწერეს. ეს მოხდა 1-ლ ივნისს, არადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იცოდა, რომ 17 ივნისს ამერიკიდან 6 თვის წინ შესყიდული კაკლისა და ნუშის საკვირტე მასალა უნდა შემომეტანა. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული აქ, ჩემს მიწაზე იდგა და ისმენდა ყველა პრობლემას, დასასრულ კი მითხრა, რაც გაწუხებს, ყველაფერი ელექტრონულ ფოსტაზე მომწერეო.

ისრაელში 1 ჰექტარზე 80 ტონა ბოლოკი მოდის, რისთვისაც ნიადაგში 80% მინერალი უნდა შეიტანონ. საქართველოში იმავე ფართობზე საკმარისია 1 ჰექტარი 3% მინერალით გავამდიდროთ და მივიღებთ 20 ტონა ბოლოკს. თუმცა რად გინდა? ამაზე იქ არ ფიქრობენ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ.

P.S. იმ დღეს ნიქოზში ქარი უბერავდა. თურმე ესეც ვნებს ნარგავებს, რადგან ქარსაცავი ზოლი აღარ არის. კომუნისტების დროს დარგული 7-მწკრივიანი ზოლი დროთა განმავლობაში გაანადგურა მოსახლეობამ, რომელსაც ახლა ნიქოზში გიორგი მჭედლიძე ეხმარება მომავლის შენების თავიდან სწავლაში.


ეკა ლომიძე
გელა
30 სექტემბერი 2016 16:11
მარინას - გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ”მამულ-დედულის” მეილზე და რესპონდენტის ტელეფონს იქიდან შეგატყობინებთ.
mamul-deduli@palitra.ge
qqqq
24 სექტემბერი 2016 10:45
არ უნდა ჩამოსულიყავი ამერიკიდან, აქ არაფერს არ აქვს პერსპექტივა, ყოველთვის გამოჩნდება მახეები რომელიც საქმეს გაგიფუჭებს.
მარინა
23 სექტემბერი 2016 11:03
მივესალმები ბ-ნ გიორგის ასეთ საშვილიშვილო საქმის წამოწყებას.მომწონს მისი ენთუზიაზმი და თუ შეიძლება მოგვეცით მისი საკონტაქტო ნომერი რომ პირადად დავუკავშირდეთ.

რედაქტორის რჩევით