ბიომეწარმის ფილოსოფია...
19-09-2016
ბიომეწარმის ფილოსოფია...
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ჩვეულებრივზე ძვირია. საქართველოს ბაზარი კი, როგორც გვეუბნებიან, ძვირად ღირებული პროდუქტების ასათვისებლად ჯერ მზად არ არის. თუმცა, რეგიონებში, აქა-იქ არის ბიოწარმოებები, სადაც ნატურალური პროდუქტები მოჰყავთ. გასულ კვირას ტყუპს - გია და გელა გამტკიცულაშვილებს თელავის სოფელ ნაფარეულში ვესტუმრეთ. ძმებმა კომუნისტებისგან წართმეული მამაპაპისეული მამულები დაიბრუნეს, მარანი აღადგინეს, განავითარეს და ქვევრის ბიოღვინის დაყენებასაც აპირებენ. წლეულს ბიოპროდუქტების წარმოებაც წამოიწყეს და 15 დასახელების ბოსტნეული მოიყვანეს. გვესაუბრება ჩვენი მასპინძელი გია გამტკიცულაშვილი.

- ნიადაგში არც
მინერალური სასუქი შეგვაქვს და შხამქიმიკატებითაც არ ვწამლავთ. მიწა მძიმე იყო და მხოლოდ ორგანული სასუქით, ნაკელით გავამდიდრეთ. ყურძენიც მხოლოდ სპილენძის შემცველი პრეპარატებით იწამლება, ბოსტანშიც ასეა. აქ ყველაფერი ჩემი და ჩემი ძმის ხელით არის მოყვანილი, დროდადრო მეგობრებიც გვეხმარებიან. ბიოწარმოების სერტიფიკატის მისაღებად კიდევ ერთი წელიწადი გვჭირდება და შემდეგ
პროდუქტი უკვე სრულად "ბიოდ" ჩაითვლება.

ბიოღვინის დაყენებასთან ერთად გადავწყვიტეთ, ბიობოსტნეულის წარმოებისთვისაც მიგვეყო ხელი. წლეულს 2,5 ჰექტარი ვენახიც გადავიყვანეთ ბიომიმართულებაზე. ხელშეკრულება გავაფორმეთ ევროგაერთიანების სერტიფიკატის მქონე ორგანიზაციასთან, რომელიც მონიტორინგს ატარებს, რამდენად სწორად ვაწარმოებთ ბიოპროდუქტს.

- ტურისტებს მოსწონთ თქვენი ბოსტანი?

- დიახ, საკუთარი ხელით კრეფენ ბოსტნეულს და ეს ძალიან მოსწონთ. ჯერ იმდენი არა გვაქვს, რომ გავყიდოთ.

- გამოდის, ამ მძიმე მიწაზე არაორგან­ული სასუქის გარეშეც შეიძლება ბიოპროდუქტის მოყვანა.

- რა თქმა უნდა. ეს ადგილები კარგა ხანია არ გამდიდრებულა არც ორგანული და არც მინერალური სასუქით. ნიადაგი გამოფიტული იყო. მხოლოდ მცირეოდენი ნაკელის შეტანა მოვასწარით. პროდუქციის მოცულობა დიდი არ არის, თუმცა გემოთი ნამდვილად განსხვავებულია. ქართული ჯიშის პომიდორი მეტად გემრიელი და არომატულია. ბევრს არ ისხამს, სამაგიეროდ, ნაყოფი გვიან შემოდგომამდე ექნება. მოგვყავს წიწაკა, ბადრიჯანი, ქინძი, რომლის ერთი პირი მოსავალი უკვე მოვიწიეთ და ხელახლა დავთესეთ, მწვანილს მუდმივად ცვლა უნდა. ზოგი ჯიში ორ თვეში ილევა... გვაქვს ჩვეულებრივი სიმინდი, ბატიბუტის სიმინდი, მწვანე სალათა...

- ბოსტნეულის თესლი საიდან შემოიტანეთ?

- ვეცადეთ, მეზობლებისგან შეგვეძინა,­ რადგან ზოგი ჯერ კიდევ ტრადიციული წესით ინახავს თესლს, რომელიც წლებს უძლებს. მართალია, ისინი შხამქიმიკატებისგან მიღებული პროდუქტებისგან არის, მაგრამ რეკომენდაცია მივიღეთ, რომ სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს თესლი გამოგვეყენებინა. ქიმიას არ გამოვიყენებთ და ის უკვე ბიოთესლი გახდება... ერთ ადგილას ხახვის მოსავალი ავიღეთ და ლობიო დავთესეთ. ნახეთ, კომბოსტოს როგორი თავი აქვს. წლეულს ძალიან კარგი საზამთრო მოგვივიდა, რამდენიმეღაა ასაღები. ისე, ბებიაჩემმა იცოდა თქმა, ყურძ­ენი რომ მოიწევა, საზამთრო აღარ იჭმებაო. გვაქვს გოგრა, ნესვი...

- მშენებელი, მევენახე, მეღვინე ხართ, თუმცა­ ბოსტანში მუშაობას ცოდნა-გამოცდილება­ სჭირდება...

- ამ სოფელში დავიბადეთ და გავიზარდეთ, საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, როგორ შრომობდნენ მამა, დედა, ბებია. მამამ ჩვენთვის მჭედელს პატარა თოხები გააკეთებინა და მუშაობას დილით ადრე, 7 საათზე, სიგრილეში ვიწყებდით. მამას საყვედურობდნენ, - ბიჭებს რატომ ამუშავებო. ჩემი საქმისა მე ვიციო, პასუხობდა. სიმინდს, ლობიოს, ხახვს, ნიორს ვთოხნიდით, ვმარგლავდით...
გამოუცდელისათვისაც ეს ყველაფერი დღეს არც ისე ძნელია, რადგანაც უამრავი საშუალება არსებობს თეორიული ცოდნის მისაღებად. ინტერნეტში უამრავი მასალაა. ეს ყველაფერი მთელი ფილოსოფიაა, თუნდაც თოხნის პროცესი - რომელი მოჭრა, რომელი გაუშვა, რა სიხშირით დატოვო... მაგრამ როცა ბავშვობიდან ეს საქმე გიკეთებია, გიადვილდება.

- რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა­ პროდუქტის მიღებაა. გაისად ადგილობ­რივი ჯიშის ძროხისა და ღორის მოშე­ნებას დავიწყებთ. ხორცი და რძის პროდუქტები უნდა ვაწარმოოთ. გვაქვს ადგილი, სადაც მხოლოდ ორგანულ სასუქს შევიტანთ და დავთესავთ ხორბალს, რომლისგანაც მივიღ­ებთ ფქვილს, საქონლისთვის საფურაჟე მასალას. ჩვენი საქონლის ნაკელს ნიადაგის სასუქად გამოვიყენებთ. გვაქვს საკუთარი ტბაც, სადაც თევზი­ გვყავს, რომელსაც ჩვენივე ეკოსიმინდით ვკვებავთ. მოკლედ, არ ვჩერდებით და შედეგებსაც ველოდებით.

ლალი ფაცია
nino
23 სექტემბერი 2016 10:49
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მხარია ჩვენთანაც რომ წამოვიდა ნატურალური პროდუქტი, მე ევროპაში ვცხოვრობ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეუწამლავი პროდუქტი. იმედია მალე ჩვენთანაც მომრავლდება და სერთიფიკატებს მიიღებენ, სპეციალური მაღაზიები იქნება სადაც იცი რომ კარგ პროდუქტს შეიძენ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები