ახალციხის "სხვანაირი" კარტოფილი - კვირის პალიტრა

ახალციხის "სხვანაირი" კარტოფილი

"თუ უმ კარტოფილს გავჭრით და მზეზე დავდებთ, ჩვენი კარტოფილი შავდება, რაც ნიშნავს, რომ მასში ბევრი სახამებელია და შხამი თითქმის არ არის. თურქულ, ირანულ და ეგვიპტის კარტოფილს თუ გავჭრით, მალე წითელი ხაზები გაუჩნდება"

სამცხე-ჯავახეთის კარტოფილი რომ განთქმულია, ყველამ იცის. იმის გასარკვევად, როგორ მოჰყავთ ეს პროდუქტი, ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, და მესხეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ჩავედით. ჩვენს რესპონდენტ ფერმერებს კარტოფილი დიდ ფართობებზე მოჰყავთ და შედეგით კმაყოფილი არიან, მაგრამ პრობლემები მაინც აქვთ.

ხულგუმოელი აპეტნაკ ზანდარიანი რამდენიმე წელია, კოოპერატივს ხელმძღვანელობს: - 2007 წელს ჩავერთეთ სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროგრამაში. კოოპერატივის წევრებად 30 კაცი შევკრიბეთ და მუშაობა დავიწყეთ. მიწა იჯარით გვქონდა აღებული. 2015 წელს ტენდერში გავიმარჯვეთ და ტრაქტორი გადმოგვეცა. ახალმა ტექნიკამ საქმე გაგვიადვილა.

- 30-ივე წევრი დღემდე ერთად ხართ?

- არა. ოცნი დავრჩით - ოთხი მამაკაცი და 16 ქალი. მოსავლის აღებაში ერთმანეთს ვეხმარებით. კერძო ფერმერების მოწეული პროდუქციისგან განსხვავებით, ჩვენი კარტოფილის თვითღირებულება დაბალია. მომგებიანი კოოპერატივი გვაქვს, თუმცა, სამომავლოდ მიწის მომატება გვინდა და 2-3 წელიწადში სხვა წევრების შემომატება. შარშანდელი შემოსავლით საჭირო ტექნიკა ვიყიდეთ. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გაერთიანება, უფრო მოღონიერდება სახელმწიფო.

- რით განსხვავდება თქვენი მოწეული კარტოფილი მაგალითად, მარნეულელი და ბოლნისელი ფერმერების კარტოფილისგან?

- დიდი განსხვავებაა. ჩვენთან სხვანაირი ნიადაგია, სხვანაირი ბუნებრივი პირობები. ამასთან, მარნეულსა და ბოლნისში უმეტესად შხამქიმიკატებს იყენებენ. ჩვენს მიწაში ის დაავადებები თითქმის არ ჩნდება, რაც მათთან. ამის გამო მაღალხარისხიანი პროდუქცია გვაქვს.

- შხამქიმიკატებს არ იყენებთ?

- მხოლოდ აზოტს, კალიუმსა და ფოსფორს, თანაც - ძალიან ცოტას. ნიადაგს ორგანული სასუქით ვამდიდრებთ.

- როგორ ვიცნოთ შხამქიმიკატებით გაჯერებული კარტოფილი?

- უპირველესად, გემოთი, ამასთან, მოხარშვის შემდეგ ის წითლდება და სწორედ ის სიწითლეა შხამი (აქ არ იგულისხმება მოწითალო შეფერილობის კარტოფილის ჯიში. - ლ.ფ.). თუ უმ კარტოფილს გავჭრით და მზეზე დავდებთ, ახალქალაქის კარტოფილი შავდება, რაც ნიშნავს, რომ მასში ბევრი სახამებელია და შხამი თითქმის არ არის. თურქულ, ირანულ და ეგვიპტის კარტოფილს თუ გავჭრით, მალე წითელი ხაზები გაუჩნდება.

- რამდენად ყიდით კარტოფილს?

- ჯერ არ ამოგვიღია და ახლა 40-45 თეთრი ღირს. კერძო ფერმერებისთვის ეს ფასი მომგებიანი არ არის, რადგან მათ თვითღირებულება ჩვენზე მეტი აქვთ.

- თქვენს კარტოფილს ძირითადად ვინ ყიდულობს?

- დისტრიბუტორები. აქ 40-45 თეთრად აღებულს 70-80 თეთრად ყიდიან. გვინდა, მომავალში ჩვენ უფრო ძვირად გავყიდოთ. ჩვენთვის პრობლემაა საირიგაციო სისტემა. წლეულს წვიმიანი ზაფხული იყო და ამან გვიშველა, თუმცა არც ზედმეტი ტენიანობა ვარგა.

- ბაზრებზე ვაჭრები თურქულ კარტოფილს ხშირად ახალქალაქისად ასაღებენ...

- ბაზარში ხშირად ყველა კარტოფილს ახალქალაქის კარტოფილი აწერია. იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტი მუდამ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. მომხმარებლის ასეთი მოტყუებით, ჩვენც ვზარალდებით.

ზურაბ სადათიერაშვილი ახალციხელი ფერმერია, სოფელ წნისიდან: - კოოპერატივში ოთხნი ვართ. ნაქირავები და საკუთარი მიწა 10 ჰექტარზე მეტი გვაქვს. უმეტესად კარტოფილი მოგვყავს. ეს პროდუქტი მთის კულტურაა, მისთვის აქ საუკეთესო ტემპერატურაა, უმეტესად გრილა. პლუს =+30-32 გრადუსზე კარტოფილი ზრდა-განვითარებას აჩერებს. მოკლედ, ზომიერი და გრილი ტემპერატურა უყვარს და მარნეულისა და ბოლნისის კარტოფილთან შედარებით, აქ შენახვითაც უკეთესად ინახება. იქ ეს კულტურა ადრე ამთავრებს ვეგეტაციას, ზაფხულში უკვე შემოსულია, ამიტომ უფრო დიდხანსაც უწევს შენახვა.

მართალია, თანამედროვე სტანდარტებით გამართული საწყობები არ გვაქვს, მაგრამ ბუნებრივი პირობების წყალობით ჩვენთან კარტოფილი ადვილად ინახება. ზოგ საწყობს ვქირაობთ, ზოგიც ჩვენია. კულტურა თანამედროვე ტექნოლოგიით მოგვყავს. გვაქვს წვეთოვანი სარწყავი სისტემები. მოსავლიანობა მაღალია - 1 ჰექტარზე 40-45 ტონას ვიღებთ. წინა წლებში ბაზარი იზრდებოდა, არცთუ ურიგოდ ვითარდებოდა, ახლა კი გაყიდვა გაჭირდა.

- მიზეზი რა არის?

- ზოგი ამბობს, თურქეთის კარტოფილის შემოტანამ გამოიწვიაო, ზოგის აზრით, მოცულობების გაზრდამ. მარნეულმა დაფარა ბაზარი. მოკლედ, ახლა კარტოფილს 40-45 თეთრად ვერ ვყიდი.

- ვინ ყიდულობს?

- მოვაჭრეები. "მარშრუტკებით" ამოდიან და მიაქვთ, ადრე კი დიდი, 25-ტონიანი მანქანებით დადიოდნენ. ზოგი აზერბაიჯანიდანაც ჩამოდიოდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სადაც მიაქვთ, რატომღაც იქაც არ იყიდება. გაურკვეველი ვითარებაა. შარშან 80 თეთრი ღირდა და ვაჭრებს ნაკვეთიდან ვერ ვიშორებდით, წინასწარ იბევებდნენ.

- თბილისშიც გვიჭირს გაყიდვაო?

- ასე გვეუბნებიან. არადა, 7 ჰექტარზე გვითესია კარტოფილი და 300 ტონამდე უნდა მივიღოთ. ჩვენს რაიონში მიწის ფონდი არ არის, რადგანაც ბევრ მესაკუთრეს შორის არის წვრილ ნაკვეთებად დაყოფილი. ფართობებს კერძო პირებისგან ვყიდულობთ ან ვქირაობთ, ნიადაგმა რომ დაისვენოს. წლებგამოტოვებით მარცვლოვან კულტურებს ვთესავთ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარებისთვის გრანტი მოვიპოვეთ, 15 ათასი ევროს ოდენობით, სადაც ჩვენი თანამონაწილეობა დაახლოებით 30 პროცენტია. კონტრაქტი უკვე დადებულია და ცოტა ხანში ტექნიკას შევიძენთ, რაც ძალიან გვჭირდება. გაისად კი ბოსტნეულს ჩვენი ტექნიკით დავთესავთ.

ლალი ფაცია