ფანქართევზა და კაკადუ ერთ აკვარიუმში
26-09-2016
ფანქართევზა და კაკადუ ერთ აკვარიუმში
თბილისელ მალხაზ შერგელაშვილს თევზების საინტერესო კოლექცია აქვს. მას სხვადასხვა სახეობის 24 თევზი ჰყავს.

- აკვარიუმი პირველად 11 წლის ასაკში მქონდა, მაგრამ კარგად ვერ ვუვლიდი, თან უშუქობის პერიოდს უამრავი პრობლემა ახლდა და თევზების მოვლა ძნელი იყო, ამიტომ მაშინ თავი დავანებე. შარშან კი კვლავ მომინდა და 140-ლიტრიანი აკვარიუმი დავდგი. დამწყებს თევზების მრავალფეროვნებაზე თვალები უჭრელდება და გაურკვევლობა იპყრობს, თუმცა მერე გემოვნებაც ყალიბდება. გააჩნია, ვის რა მოსწონს. აკვარიუმისტიკაში ბევრი მიმართულებაა. მე სამხრეთამერიკული სახეობების მიმართულება
ვარჩიე. აკვარიუმი ვერ წარმომიდგენია ბუნებრივი წყლის მცენარეების გარეშე. საბედნიეროდ, ისეთი თევზები მომეწონა, რომლებიც მცენარეებთან ერთად ცხოვრობენ, ეს მათთვის აუცილებელიც კია.

წითელი ნეონი

- თავდაპირველად რომელი სახეობები გყავდათ?
- თავიდან ბევრი სახეობა მყავდა, ერთიმეორესთან შეუსაბამო... საბოლოოდ ამაზონის თევზები ავარჩიე. ახლა 70-ლიტრიანი აკვარიუმი მაქვს, რომელშიც ცხრა-ცხრა წითელი
ნეონი (Cardinal tetra) და ვარსკვლავა პრისტელა (Pristella tetra), აგრეთვე ორ-ორი ე.წ. ფანქართევზა (Pencil fish) და ჯუჯა ციხლიდი-კაკადუ (Apistogramma cacatuoides) ცხოვრობენ.

- რა დამახასიათებელი ნიშნები აქვთ თქვენს თევზებს?
- წითელი ნეონი გუნდის თევზია, ხუთი თევზი მაინც უნდა იყოს ერთად და მეტად ლამაზ ჯგუფს ქმნიან. ვარსკვლავა პრისტელაც გუნდური თევზია, ერთად დაცურავენ და ლამაზად, სინქრონულად მოძრაობენ. ფანქართევზაც გუნდის თევზია, თუმცა განსხვავებული და საინტერესო ცურვის მანერით. კაკადუ კი ჩემი ფავორიტი სახეობაა, ჯუჯა ციხლიდების წარმომადგენელი ამაზონიდან, საინტერესო და მრავალფეროვანი ქცევით.
ეგზოტიკური იერის გარდა, აპისტოგრამებს აქვთ ინდივიდუალური და განსხვავებული ხასიათი და ფიქრის" უნარიც კი. მათი ცურვის სტილი ისეთია, წინასწარ დაგეგმილი გეგონებათ. ნებისმიერი მოქმედება - კვება იქნება თუ ტერი­ტორიისთვის ბრძოლა, თითქოს წინასწარ აქვთ განსაზღვრული.

ვარსკვლავა პრისტელა

- როგორც ვიცი, იშვიათი სახეობაა.
- აპისტოგრამები ჩვენთან ზოომაღაზიებში იშვიათად ჩამოჰყავთ, ისინი ძნელად მოსავლელ სახეობად ითვლება. მათ აქვთ განსაკუთრებული თვისებებიც, გამოირჩევიან მშობლის ინსტინქტით და თავიანთ ნაშიერებს იცავენ. რაც შეეხება გამრავლებას, მათი მამრისა და მდედრის ურთიერთობა ცალკე თემაა. აპისტოგრამების ზოგი სახეობა მონოგამიურია, ზოგიც - პოლიგამიური. აპისტოგრამა კაკადუს მამრს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მდედრთან ჰქონდეს ურთიერთობა. აპისტოგრამა პანდუროს შემთხვევა კი განსხვავებულია. ორი მდედრის ყოლა ერთ აკვარიუმში შესაძლოა ერთ-ერთი მდედრის სიკვდილით დასრულდეს. საინტერესოა, რომ პანდუროებში დომინანტი მდედრია, კაკადუებში კი - მამრი.

- ძნელია მათი მოვლა?
- აუცილებელია ბიოლოგიური ფილტრი, კვირაში ერთხელ წყლის 30%-ით გამოცვლა, გრუნტის დასუფთავება იმ ადგილებში, სადაც მცენარე არ არის და ხარისხიანი კვება - კონკრეტული ფირმის ცოცხალი ან ცოცხლად გაყინული საკვები. თუ თევზებს საკვები მოაკლდებათ, მალე დაიხოცებიან.

ეკა გადახაბაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა