"ლას-ცხვრეგასი" ახმეტაში - კვირის პალიტრა

"ლას-ცხვრეგასი" ახმეტაში

"თანამედროვე საპარსი მობილური სისტემაა, დაშლი, ჩააწყობ ჩანთაში და დაატარებ, თან გენერატორიც ახლავს. საძოვარზე თუ სადმე დენი არ არის, გენერატორს ვდგამთ და ვიწყებთ ცხვრის პარსვას"

თანამედროვე საპარსებით ცხვარი 3 წუთში იპარსება. ამიტომაც არც ცხვარი იღლება და არც გამპარსავს აწვალებს. დუქარდით ერთი ცხვრის პარსვას ბარე 15 წუთი სჭირდება და ადამიანიც ღონდება და ცხვარიც, იმიტომაც ებრძვის მეცხვარეს, იწევს, გეყოფა, აღარ გინდა, ახლა გამიშვიო

ჩვენი ქვეყნისთვის ცხვრის კულტურას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, მეურნეობის ეს დარგი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უკან და უკან მიდიოდა. არადა, მატყლისგან დამზადებული ქსოვილი ერთ-ერთ ძვირად ღირებულ პროდუქციად ითვლება და მასზე მოთხოვნილებაც იზრდება. დღეისთვის მსოფლიოში დაახლოებით 1,3 მილიონ ტონა მატყლს აწარმოებენ და აქედან 60% ტანსაცმლის წარმოებაზე მოდის. ქართული მატყლი ჯერჯერობით არც ამ პროცესში მონაწილეობს, - მართალია, დაუმუშავებელი ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვეს, მაგრამ მატყლისგან თანამედროვე ტანსაცმლის წარმოებას მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები სჭირდება, რომელთა შესახებ ბოლო დრომდე არც კი გვიფიქრია.

მატყლის ბოჭკო ცხვრის გაპარსვისთანავე ზიანდება, - ჩვენ ხომ ცხვარს კვლავ მამაპაპური დუქარდით ვპარსავთ, ის კი მატყლს გაპარსვისთანავე აფუჭებს. მართალია, ბოჭკოდაზიანებული მატყლით ჩვენი წინაპრები მშვენიერ წინდებსა თუ სხვა ტანსაცმელს იქსოვდნენ, მაგრამ დღეს ეს საკმარისი აღარ არის. გარდა ამისა, დუქარდით პარსვას დიდი დრო მიაქვს, ცხვარსაც ღლის და ადამიანსაც.

ასე რომ, თვალებს არ დავუჯერე, როცა ახმეტაში ალვანელ მპარსავებს თანამედროვე ცხვრის საპარსები დავუნახე და ჩემ თვალწინ ჩასუქებული ჭედილები სულ 3 წუთში დაპარსეს. ისიც შევამჩნიე, რომ ცხვრებს პარსვა სპა-მასაჟივით სიამოვნებდათ და განაბული იყვნენ. ვკითხე კიდეც თუშ მპარსავებს, მე მეჩვენება, თუ ამ ცხვრებს პარსვა სიამოვნებთ-მეთქი და დამიდასტურეს, ასეაო. ასე რომ, ოთხფეხებისთვის ნამდვილი "ლას-ცხვრეგასი" იყო მოწყობილი ანდრო ვარდოშვილის ფარეხში.

ბესო ლაგაზიძემ (ცხვრის მპარსავების კოოპერატივის თავმჯდომარე) გამანათლა:

- თანამედროვე საპარსებით ცხვარი 3 წუთში იპარსება. ამიტომაც არც ცხვარი იღლება და არც გამპარსავს აწვალებს. დუქარდით ერთი ცხვრის პარსვას ბარე 15 წუთი სჭირდება და ადამიანიც ღონდება და ცხვარიც, იმიტომაც ებრძვის მეცხვარეს, იწევს, გეყოფა, აღარ გინდა, ახლა გამიშვიო.

იმიტომაც არის ჩვენთვის და ჩვენი ცხვრისთვის შვება თანამედროვე საპარსები, თანაც დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებ დროში იპარსება ცხვარი და მატყლიც ბევრად ხარისხიანია.

- მაგრამ ახალი საპარსები იაფი არ უნდა იყოს.

- შარშან ახმეტის გამგეობაში გვითხრეს ჩეხებს თქვენი დახმარება სურთ, ცხვრის 24 საპარსს უსასყიდლოდ გადმოგცემენ, მაგრამ ამისთვის მპარსავების კოოპერატივი უნდა შექმნათო. საპარსები ჩეხურმა ორგანიზაცია "კარიტასმა" გადმოგვცა, რომელიც განვითარებაში ეხმარება ჩვენისთანა ქვეყნებს, ვისაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის აღორძინება სურს. ერთი სიტყვით, მეცხვარეებსა და ფარის მეპატრონეებს ამ უცხო ხალხმა ისეთი საქმე გაგვიკეთა, ამის დაუნახაობა არ იქნება: დაგვასვენა ცხვრის პარსვისას, ახლა არც ჩვენ ვწვალობთ, არც ცხვარი, არც ნაპარსი მატყლია ნაწვალები და დანაკუწებული, ხარისხიანი გამოდის. მართალია, მატყლის დიდი ნაწილი ჯერაც იყრება, რადგან გასაღების არეალი ვიწროა, მაგრამ როცა ქართული მატყლის დამუშავებისა და გარეთ გატანის საკითხი დადგება, სწორედ ასეთი ნაპარსი დაგვჭირდება.

- კოოპერატივის ჩამოყალიბება ჩვენში ჯერ კიდევ სირთულედ ითვლება, სიახლე ძნელად მკვიდრდება. ხალხი ამბობს, კოოპერატივში ბევრი ხალხია და მოგებიდან ვის რა უნდა დარჩესო!

- ყველა საკუთარი ჭკუით ცხოვრობს. თუშებსაც ჩვენი ჭკუა აღმოგვაჩნდა და ამ ჭკუამ 9 კაცს კოოპერატივის შექმნა მოგვაწონებინა.

უკვე მეორე წელია, ჩვენს კოოპერატივს ცხვრის გასაპარსად გვეძახიან მეცხვარეები. ცხვრის ახალი აპარატებით პარსვა ჩეხებმა გვასწავლეს, სპეციალური ტრენერი, პროფესიონალი სლოვაკი მპარსველი, იან სმოლნიკი ჩამოგვიყვანეს. ძალიან მაგრად პარსავდა, სამუხში ჩვენთან ერთად. იანმა გვითხრა, მე და ჩემი ოჯახი თავს ცხვრის პარსვით ვირჩენთო.

- როგორც ვხედავ, თუშებს პარსვა კარგად გისწავლიათ.

- ან აქამდე რატომ არ უნდა გვესწავლა, ან არ გვქონოდა ცხვრის მოვლისთვის ის იარაღები, რაც ევროპას აქვს?! უკვე 20 ათასი სული ცხვარი გვყავს გაპარსული. თუ ვიმარჯვებთ, დღეში ახალი საპარსებით 150 სული ცხვრის გაპარსვაც შეიძლება, მაგრამ თანამედროვე საპარსებით ჯერჯერობით ყველა არ იპარსება, - ფარის პატრონი მეცხვარეს რომ ფულს უხდის ცხვრის საძოვარზე პატრონობისთვის, ამ ფულში ცხვრის გაპარსვაც შედის და ასე რომ, რახან პარსვის ფული უკვე გადახდილია, დროსა და ხარისხს აღარ დაგიდევენ, მაგრამ სიახლე შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ ყოველთვის მკვიდრდება. ახალ საპარსებს იმდენი პლუსი აქვს, რომ შეუძლებელია, მთელი ქართული ცხვარი ამ ტექნოლოგიაზე არ გადავიდეს.

- როგორც ვხედავ, საპარსები სატარებლადაც იოლია.

- დიახ, მობილური სისტემაა, დაშლი, ჩააწყობ ჩანთაში და დაატარებ, თან გენერატორიც ახლავს. საძოვარზე თუ სადმე დენი არ არის, გენერატორს ვდგამთ და ვიწყებთ ცხვრის პარსვას.

ჯაბუ მოზაიძე, მპარსავების კოოპერატივის წევრი: - საწყენი ის არის, რომ ჩვენი მატყლის დიდი ნაწილი იყრება, მომხმარებელი არა ჰყავს. მართალია, მეცხვარეებს იმედი გაგვიჩნდა ქართული მატყლისთვის ევროკავშირის ბაზარზე გზის გახსნით, მაგრამ ამ ბაზარს თავისი პირობები აქვს და, ჯერჯერობით, ვერ ვაკმაყოფილებთ. თუ 20%-ს გამოვიყენებთ სასაბნედ ან საქსოვად, ან ვინმეს ვაჩუქებთ პატივისცემის ნიშნად, სულ ეგ არის ჩვენი მატყლის მოხმარება. მე რომ მკითხო, ეს დანაშაულია, - მეცხვარის გაღატაკებასთან ერთად მატყლის გადაყრა ბუნებასაც წამლავს, - მატყლი არ იხრწნება, მდინარეებში ჩადის და თევზს ხოცავს. რატომ, როცა აგერ ჩვენ გვაქვს მატყლის გასაღების ბაზარი? მხოლოდ პატარა დახმარება გვინდა და ჩვენი მატყლი სიმდიდრედ იქცევა.

- რომელ ბაზარს გულისხმობთ?

- ჯერ კიდევ ორი წლის წინ ალვანში ნახჭევნიდან ჩამოდიოდა ხალხი, ეს და მის გარშემო მიმდებარე ირანის საზღვრისპირა აზერბაიჯანული სოფლები მასობრივად აწარმოებენ ხალიჩებს. დღესაც გვეხვეწებიან, თუ გინდათ, მთელ თუშურ მატყლს შევისყიდით, ოღონდ გარეცხილი გაგვატანეთო. ჩვენ კიდევ მატყლის სარეცხი და საშრობი დაზგების ფული ვინ მოგვცა! დამხმარეს ვეძებთ, იქნებ ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც ჩეხებივით ამოგვიდგება მხარში! ისე კი, ალბათ, ამდენ ხანს სახელმწიფოც უნდა დაფიქრებულიყო, -

თუში მეცხვარის ფეხზე დადგომა რომ ქვეყნის ფეხზე დადგომასაც ნიშნავს, ეგ ყველამ კარგად იცის!

ეთერ ერაძე