ქართველი ტენორის მინისამოთხე ბონში - კვირის პალიტრა

ქართველი ტენორის მინისამოთხე ბონში

"სვანეთის ბუნებით ყოველ ზაფხულს აკუმულატორივით "ვიტენები", რაც მთელ წელიწადს მყოფნის..."

"ადამიანები რაც უფრო შორდებიან გარემოს, მით კარგავენ ადამიანურ სახეს, იმატებს დეპრესია და ყოველდღიური ცხოვრების რიტმში გვავიწყდება, რომ ჩვენც ბუნების ნაწილი ვართ"

"დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ბუნებას. როგორც სვანეთში გაზრდილს, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მასთან. ჩემი ბავშვობა ძალიან ჰგავს ვაჟას "გველისმჭამელის" მინდიას, იმ დონემდე ვიყავი მისული, ლამის ფრინველთა და ცხოველთა ენაც მესმოდა. მთის მდინარის ხმაური იყო ჩემი იავნანა... ასეთ გარემოში ვიზრდებოდი", - ამბობს ქართველი ტენორი, საოპერო მომღერალი გიორგი (გია) ონიანი, რომელიც წლებია, უცხოეთში მოღვაწეობს და მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო სცენებზე გამოდის. ოჯახით გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბონში ცხოვრობს, მწვანეში ჩაფლულ სახლში. სხვადასხვა მცენარით სავსე ეზოს ბატონი გია მეუღლესთან ერთად, დიზაინერისა და მებაღის დაუხმარებლად უვლის.

- სად არ წამიყვანა ცხოვრებამ, მაგრამ ბუნების სიყვარული არასდროს გამნელებია... უდიდეს ენერგიას ვიღებ, როცა დროს ბუნებაში ვატარებ, ამიტომ ყოველ ზაფხულს სვანეთის ბუნებით აკუმულატორივით "ვიტენები", რაც მთელ წელიწადს მყოფნის...

- პედაგოგების ოჯახში იზრდებოდით, მიწასთან შრომას პატარაობიდან შეგაჩვიეს?

- როგორც ჩემი თანასოფლელები, მშობლებს მეც ვეხმარებოდი და ვშრომობდი: ვხნავდი, ვთესავდი, ვთოხნიდი, ვბარავდი, ძროხაც მომიწველია, ყველიც ამომიყვანია, ყურძენიც დამიწურავს და თუ ვინმე ქვრივ-ობოლი იყო, ყველას ვეხმარებოდი... კაკლის ბერტყვა მიყვარდა, ხეებზე ცოცვა და მაუგლივით ხიდან ხეზე ხტომა.

- დღეს გერმანიაში ცხოვრობთ და გაქვთ სახლი ეზოთი, თავად უვლით მას?

- ვცხოვრობ ბონში, ქალაქში, რომლის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყე-პარკებს უკავია. ტრანსპორტის გამონაბოლქვი მკაცრად კონტროლდება და შედეგიც სახეზეა, ჰაერი სავსეა ჟანგბადით.

ეზოიანი სახლი ჩემი ოცნება იყო. მართალია, დიდი არ არის, მაგრამ საკმარისია ჩემი მინისამოთხის მოსაწყობად. შინ ადამიანი უნდა ისვენებდეს, ამიტომ, თუ ცუდი ამინდია, თავისუფალ დროს მინით გადახურულ ტერასაზე ვატარებ. კარგ ამინდში მზისგულზე ვწვები და ვირუჯები.

- თბილისშიც ხომ გაქვთ ბინა?

- კი, ოღონდ კორპუსში, ამიტომ ბუნებასთან კავშირი ქალაქგარეთ გასვლებით მიწევდა...

სამწუხაროდ, თბილისში ხეები ისე იჩეხება და მცირდება პარკები თუ სკვერები, ქალაქელებს ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობა დაუკარგეს. არაფერს ვამბობ უჟანგბადობასა და ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ასწლოვან ხეებს მოსაჭრელად ისე ადვილად იმეტებენ, ტირილი მინდება. სამწუხაროდ, ქალაქის გამწვანების ბედი არაპროფესიონალებისა და ვაიპატრიოტების ხელშია. მე და ჩემი მეგობრები ყოველი გოჯი მიწისა და ხის გადასარჩენად ვიბრძვით, მაგრამ მაინც ცუდი ვითარებაა. მეგობრებთან ერთად, ჩვენს დედაქალაქში შვებულების ნახევარი საპროტესტო და დასუფთავების აქციებზე გავატარე. ეს პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ქართველ საზოგადოებას ჰგონია.

ერთმანეთს თუ მხარში არ ამოვუდექით, მალე ქუჩებში აირწინაღებითა და ჟანგბადის ბალონებით მოგვიწევს სიარული.

- გერმანიაში ეზოების მოვლის კულტურა მაღალ დონეზეა... ბუნების სიყვარული და მიწაზე მუშაობის გამოცდილება არც თქვენ გაკლიათ და წალკოტის გაშენებაც დაგიწყიათ...

- კი, გერმანიაში სხვა სიტუაციაა... ჩემი მეუღლე ხევსურია და გამიმართლა, რომ მასაც ძალიან უყვარს ბუნება. თუ სადმე ლამაზ მცენარეს დაინახავს, მის გახარებას ცდილობს. ზოგი ხარობს, ზოგი - ვერა, მაგრამ თვითონ შრომა, ყვავილების გადარგვა-გადმორგვა, მორწყვა თუ ადგილის მიჩენა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეზოს ორივე მხარეს მეზობლები გვყავს და გამყოფი ღობე ბუნებრივი გვაქვს. სპეციალური ჯიშის, მჭიდროდ დარგული ნაძვებით არის ეზოები გატიხრული და წელიწადში ერთხელ ვკრეჭ. გერმანიის კანონმდებლობით, ღობის სიმაღლეში ყველა შეზღუდული ვართ და წესით, 140 სანტიმეტრს არ უნდა ასცდეს. ჩემი ცოტა მაღალია და უკვე მივიღე შენიშვნა, დაადაბლეო და, ალბათ, მომიწევს.

- მოგვიყევით თქვენს ეზოზე...

- სახლის შესასვლელთან პატარა მიწის მონაკვეთიც ჩვენია და რაც კი შეიძლებოდა, მაქსიმალურად მცენარეებით დავტვირთეთ. ჩვენივე დიზაინით შევიტანეთ დეკორატიული ელემენტებიც. თბილ სეზონზე ბალახს კვირაში ერთხელ ვკრეჭ და სპეციალურ, ბიონაგვის კონტეინერებში ვყრი. ამ ზაფხულს საქართველოდან ქართული ვარდების კალმები წამოვიღე. მინდა, გავახარო. აქაურ ვარდებს სურნელი არა აქვს, ლამაზია, მაგრამ უსუნო.

აქ ყველაფერს ვყიდულობთ, მაგალითად, ვარდებისთვის სპეციალურ მიწას, სხვა მცენარეებისთვის - სხვას. ბალახიანი ეზოს პატარა ნაწილი გამოვყავი, მიწა ავამაღლე და ქართული ვარდები დავრგე. ახლა მოუთმენლად ველოდები, როდის გაიხარებს და გაიზრდება. ეს ყველაფერი შრომას მოითხოვს, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და სულ მინდა, რაღაც ვაკეთო.

- ესე იგი, მცენარეებს მეუღლე უვლის...

- ასეა, ყველა ყვავილს შვილივით ეფერება. ზოგი სეზონურია, ზოგი - მუდმივი და ყველას შესაბამისი მოვლა სჭირდება. ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვხვეწთ ყველაფერს. რამდენიმე წელიწადში უკეთესი ეზო გვექნება. როცა აქ კორპუსში ვცხოვრობდით, ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავით, თუმცა ხშირად დავდიოდით პარკებში ან რაინის სანაპიროზე, სადაც ფანტასტიკური ბუნებაა... ადამიანები რაც უფრო შორდებიან გარემოს, მით კარგავენ ადამიანურ სახეს, იმატებს დეპრესია და ყოველდღიური ცხოვრების რიტმში გვავიწყდება, რომ ჩვენც ბუნების ნაწილი ვართ. ამიტომ სრული ჰარმონიის მისაღწევად, რაც შეიძლება უფრო ხშირად უნდა გვქონდეს კონტაქტი ბუნებასთან.

- დამწყები მებაღეებისთვის რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მცენარე ცოცხალი არსებაა: იბადება, სუნთქავს, იზრდება და ისიც ბერდება, კვდება. რადგან არ ლაპარაკობს, მისი უნდა გესმოდეს, მოუარო და უყურადღებობით არ დააზიანო. ისინი უდიდეს საქმეს აკეთებენ, ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნიან, რაც ჩვენთვის და ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამიტომ თითოეული ხის მოჭრით საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს. ვისაც ეზო არა აქვს, შეუძლია ოთახის მცენარეები მოაშენოს... მთავარია, კონტაქტი გქონდეს მცენარეებთან, შინ იქნება თუ გარეთ.

მომავალში მინდა ტერასას ქართული ვაზიც ავაყოლო, ვნახოთ თუ გამომივა. კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ პატარა ეზოში ამის საშუალება არ არის. საბედნიეროდ, სოფელ არაგვისპირში მაქვს მიწა და იქ ვაპირებ აგარაკის აშენებას. დიდი, ხეხილიანი ეზო მაქვს, სადაც ვაპირებ, ავისრულო ყველა ჩანაფიქრი და მოვაწყო ისე, როგორც მინდა. ამ თემაზე საუბარი, წარმოიდგინეთ, ოპერაზე მეტადაც მსიამოვნებს...

- ქართველებს ბონში პატარა საბოსტნე ნაწილი ხომ არ გამოგიყვიათ, თუნდაც მწვანილისთვის?

- არა, მწვანილი არა გვაქვს... ჯერჯერობით, ასეა, მერე ვნახოთ. ერთხელაც რომ დავრჩები უქინძო ლობიოს ამარა, ალბათ, ამაზე მერე ვიფიქრებ.

ლალი ფაცია