ნედლი ხილის "მშრალი შემოსავალი" - კვირის პალიტრა

ნედლი ხილის "მშრალი შემოსავალი"

რეზო ნანეტაშვილი: "მართალია, შრომატევადი საქმეა, მაგრამ სოფელში საჯარო სამსახურები არ არის და მხოლოდ მიწაზე ვართ დამოკიდებული, თუ არ გაინძერი, არაფერი გამოვა..."

გამრჯე ადამიანს რა დალევს. ერთ-ერთი მათგანია რეზო ნანეტაშვილი, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ცხოვრობს. პროფესიით ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ტექნოლოგია, დღეს მიწას ებრძვის და ხილ-ბოსტნეული მოჰყავს. ამასთან, მისი მეურნეობის ნაწილი ხილის გადამუშავება გახლავთ. ამ საქმის წინ წასაწევად სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გრანტით სპეციალური დანადგარიც კი შეიძინა და შრომის ხარისხი შეუდარებლად გააუმჯობესა.

რეზო ნანეტაშვილი: - ჩვენს კუთხეში რა ხილიც მოდის - ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი - თითქმის ყველაფერი მოგვყავს. შინდი და ტყემალიც მოდის, მაგრამ ისე ვერ არის გავრცელებული, როგორც ზემოხსენებული ხილი. ნაწილს ვყიდი, ნაწილს კი ჩვენი წარმოებისთვის ვიყენებ. ხეხილის ბაღი 3 ჰექტარამდეა, მიწა სიმამრთან ერთად მაქვს, ერთად ვცხოვრობთ და მეურნეობასაც ერთად ვეწევით.

- ხილს როგორ ამუშავებთ?

- ვაკეთებ ჩირს, ტყლაპს და ბაზარზე ვყიდი. 1 კილოგრამი ჩირის მისაღებად 5-6 კილოგრამი ხილია საჭირო.

- ჩირისთვის ნედლეულს ხელით ჭრით და მარტო აუდიხართ ამ საქმეს?

- მიკრომეწარმაე ვარ და მუშის დაქირავების უფლება არ მაქვს. ამიტომ, ყველაფერს ოჯახის წევრები ვაკეთებთ. კარგად მოგეხსენებათ, სოფელში არავინ მუშაობს და ჩვენი საქმეც ოჯახური ბიზნესი გამოდის. ხილს ხელით ვჭრით, რადგანაც არ მაქვს და ვერსად ვიშოვე სპეციალური საჭრელ-სათლელი მანქანა. ისე, რომც ვიშოვო, ალბათ ძვირი იქნება და ჯერჯერობით მის შეძენას ვერც შევძლებ, ვერ შევწვდები...

- რა დრო სჭირდება 1 კილოგრამი ჩირის მიღებას 5 კილოგრამი ნედლი მასალისგან?

- სპეციალურ საშრობში მის გამოშრობას 2-3 სამი დღე უნდა... სახელმწიფო პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, დამაფინანსეს და ხილის საშრობი დანადგარი ვიყიდე, სადაც თითქმის ყველაფერს ვაშრობ, რასაც ვაწარმოებ.

დანადგარში თაროებია, რომლებზეც დაჭრილი ხილი იწყობა და 2-3 დღეს შრობით საბაზრო სახეს იღებს, ანუ მზად არის გასაყიდად.

- საშრობი ელექტროენერგიით მუშაობს?

- ელექტროენერგიაც სჭირდება და გაზიც. საერთოდ, მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობაა, მაგრამ ენერგიის სხვა წყაროს მიშველება მაინც სჭირდება.

- ბევრ პროდუქციას ქმნით?

- ეს მოსავალზეა დამოკიდებული. აქამდე ყველაფერს კუსტარულად ვამზადებდი და, ცხადია, ბევრს ვერ გავაკეთებდი. ფაქტია, რომ საშრობით უკეთესია. წლეულს ქართლში მაინცდამაინც დიდი მოსავალი არ ყოფილა, არც ხარისხიანი იყო - დასეტყვა. ჩირისთვის კი ნედლეული ხარისხიანი და საღი უნდა იყოს... ძალიან ძვირი ღირდა წლეულს, მაგალითად, ქლიავი, 1 კილოგრამი ნედლეული 9 ლარი ჯდებოდა, სხვა ხარჯებიც ემატება და მეტისმეტად ძვირი გამოდიოდა. ამიტომ ცოტა გავაკეთე და რაც მქონდა, უკვე გასაყიდადაც გავუშვი.

- ვაშლის მოსავალიც მწირი იყო?

- არა, მაგრამ ვაშლის ჩირი მაინცდამაინც გასავლიანი არ არის. დიდი მოთხოვნაა ქლიავისა და გარგარის ჩირზე. წლეულს, ქართლის მსგავსად, არც სხვა კუთხეებში ვარგოდა მოსავალი და თან ძვირიც იყო.

- როგორც ვხვდები, საშრობში არა მარტო თქვენი მოწეული ხილის ჩირს ამზადებთ, არამედ სხვაგან შეძენილსაც.

- დიახ, წლეულს ბანანის და კივის ჩირი გავაკეთე, მაგრამ მხოლოდ ოჯახისთვის, რადგანაც ბანანი ძვირი ღირს და რომც დავამზადო, გაყიდვა გამიჭირდება. ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ტექნოლოგი ვარ და ვიცი, რომ ორგანიზმისთვის ჩირის მიღება უკეთესია, ვიდრე ნედლი ხილის. ამიტომ ოჯახში თითქმის ყველა ხილის ჩირი ყოველთვის გვაქვს.

- ვაშლის ჩირი ყველაზე კარგი რომელი ჯიშისგან გამოდის?

- ყველა კარგია, მაგრამ ანტონოვკა საჩირედ გამორჩეულია. მომჟავო გემო აქვს, თან არომატულია. ასევე მშვენიერი ჩირი გამოდის ტკბილი ბანანი ვაშლისგან.

- ტყლაპის ერთი ფირფიტის დასამზადებლად რა ნედლეულია საჭირო და როგორი?

- საერთოდ, ჩირის დამზადება უფრო მომგებიანია, ტყლაპზე დიდი მოთხოვნილება არ არის.

ჩირის გაკეთება ნედლეულის ფასზეა დამოკიდებული - თუ ხარისხიანი ჩირის მიღება გსურთ, საღი და ხარისხიანი ნედლეულით უნდა გააკეთოთ, რომ კარგად გაიყიდოს, რაც, რა თქმა უნდა, ძვირი ღირს.

ტყლაპზე კი შედარებით დაბალი ხარისხის ნედლეული მიდის, ისეთი, საკონსერვოებში რომ აბარებენ, მთავარია, გაფუჭებული და დამპალი არ იყოს. ტყლაპი უმთავრესად, ვაშლისა და ქლიავისგან კეთდება. ტყლაპსაც იქვე ვაშრობ, სამაგისო თაროებიც მაქვს. საშრობი ტყლაპით რომ გამოავსო, 150 კგ ნედლეული მაინც არის საჭირო.

- ვატყობ, დანადგარის მუშაობით კმაყოფილი ბრძანდებით...

- რა თქმა უნდა. მართალია, შრომატევადი საქმეა, მაგრამ აქ საჯარო სამსახურები არ არის და მხოლოდ მიწაზე ვართ დამოკიდებული, თუ არ გაინძერი, არაფერი გამოვა... საშრობი დანადგარი ზამთარშივე ავამუშავე, როგორც კი მივიღე.

- მუშაობაში ხელს რა გიშლით, რა პრობლემებია?

- ერთადერთი პრობლემა გასაღების ბაზარია. ჩირს ისე ძალიან არ უჭირს გაყიდვა, როგორც ტყლაპს. ალბათ იმიტომ, რომ შედარებით ნაკლები მზადდება და უფრო ადვილად იყიდება, არც რჩება. კარგი იქნებოდა, ტყლაპიც ასევე იყიდებოდეს. გასაღების ბაზარს როცა ვამბობ, ვგულისხმობ საქართველოდან გატანას. მხოლოდ ჩვენს ბაზარზე ჭირს გაყიდვა.

და კიდევ, მინდა ხილის სათლელ-საჭრელი აპარატის შოვნა. ძნელია ხელით თლა და დაჭრა. ხურმის ჩირის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ ისიც ხელით არის დასამუშავებელი და ამდენის ხელით გათლა ჭირს. შედარებით ადვილი სამუშაოა კურკოვანებზე. კურკას ამოაცლი და დამთავრდა.

- პროდუქციას სად ყიდით?

- ბაზარზე მიმაქვს და მერე გადამყიდველებს მიაქვთ. იმდენი დრო არ მაქვს, რომ იქ დავდგე და თვითონ გავყიდო. ჩემი პროდუქტი ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყიდება, თბილისში - ნაკლებად.

ლალი ფაცია