"ჩვენში მოყვანილი მარწყვი ლაღიძეს წყლების დასამზადებლად დედაქალაქში ჩაჰქონდა..."
10-10-2016
"ჩვენში მოყვანილი მარწყვი ლაღიძეს წყლების დასამზადებლად დედაქალაქში ჩაჰქონდა..."
"მარწყვთან ერთად გვაქვს ჟოლოს პატარ-პატარა პლანტაციები, რომელიც, მარწყვისგან განსხვავებით, თოვლის მოსვლამდე მოდის და 1 კილოგრამს 7 ლარად ვყიდით"

"როგორც აგრომეცნიერები ამბობენ, ადგილზე კენკროვანის გემოს ბევრად განაპირობებს გაზაფხულზე წიწვოვანი მცენარეების დამტვერვის სეზონი"


როცა ამბობენ, ქალები მამაკაცებზე ძლიერები არიანო, ამას კამათი მოჰყვება ხოლმე. თუმცა, როცა ბორჯომში, სოფელ დაბაში, ირმა მაღრაძის კოოპერატივის კენკროვანი პლანტაციები ვნახე და მერე მასაც მოვუსმინე, ეს ადვილად ვირწმუნე: მშრომელი დიასახლისი რამდენიმე წელიწადში ცნობილი ფერმერი გახდა და, რაც მთავარია, არც
მას და არც მისი კოოპერატივის წევრებს ხელი სამათხოვროდ არ აქვთ გაწვდილი. პირიქით, მათი წარმოებული პროდუქცია მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა,­ რომ კოოპერატივის ფართობები სულ იზრდება.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო,­ როცა წაღვერის გარშემო სოფელში ფინური ორგანიზაცია მოვიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარი ტყეების აღსადგენად. მათ
ქართველ პარტნიორებს­ ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება­ სთხოვეს. შეკრებილებს კი დაჰპირდნენ, - სოფლის განვითარებაში დაგეხმარებით,­ ტრადიციულ კულტურებს შეგიძენთ და მათი მოვლის ახალ ტექნოლოგიებს გასწავლითო. მოსახლეობამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, შეთავაზება საეჭვოდ ჩათვალა, - რა რჯით, რომ გვეხმარებიანო და უცხოელების დაგეგმილ სემინარებზე სასწავლებლად 2-3 კაცი წავიდა, მათ შორის ირმა მაღრაძეც­ იყო. აგრარულ უნივერსიტეტში კურსის გავლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა და კვლავ შეეცადა, თანასოფლელები კოოპერატივების სარგებლიანობაში დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ.

ირმა მაღრაძე: -
ისეთ ადამიანებს ეძებდნენ, ვისაც მცირეოდენი სასოფლო-სამეურნეო განათლება მაინც ჰქონდა, რათა ახალი მეთოდები სწრაფად აეთვისებინათ. მე შესაბამისი განათლებაც მაქვს და მათი შეთავაზებაც მომეწონა. ვუთხარი, რომ ადგილობრივ სოფლებში იყო კენკროვანი კულტურების მოყვანის ტრადიცია. წაღვერის ახლოს, სოფელ ზანავში, მიტროფანე ლაღიძესაც კი ჰქონდა მარწყვის პლანტაცია და ჩვენში მოყვანილი მარწყვი ლაღიძეს წყლების დასამზადებლად დედაქალაქში ჩაჰქონდა... სხვათა­ შორის, სოფელში, ჩემს 300 კვმ მიწაზე მეც მომყავდა მარწყვი და კლიენტს ვერ ავუდიოდი.

მოკლედ, თბილისში, სასოფლო უნივერსიტეტში ლექციების კურსის მოსასმენად გავემგზავრე არასტუდენტური ასაკის 3 შვილის დედა. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ვერც წარმოიდგენს, რამდენად შეუძლია მოსავლის გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუმცა სოფელში ჩამოსვლისას ისევ სირთულეებს წავაწყდი.

ზოგს იმისიც კი ეშინოდა, კოოპერატივი რომ შეიქმნება, მიწას წაგვართმევენო... რამდენიმე კაცი საქმეს მაინც შევუდექით, - მარწყვი შემოდგომაზე დავრგეთ და უკვე ივნისის ბოლოს, როცა მოსავალი მოილია, იმდენად კარგი შემოსავალი მივიღეთ, რომ კოოპერატივის სარგებლიანობისა სხვებმაც ირწმუნეს და მასში 9 კაცი გაერთიანდა.­ მოგვიანებით მეორეც შეიქმნა და ახლა უკვე კოოპერატივებში 15 კაცი ვირიცხებით.

მარწყვთან ერთად გვაქვს ჟოლოს პატარ-პატარა პლანტაციები, რომელიც, მარწყვისგან განსხვავებით, თოვლის მოსვლამდე­ მოდის და 1 კილოგრამს 7 ლარად ვყიდით.

- ამ 15 კაცს ალბათ მცირემიწიანობის გამო კენკრის პლანტაციები თქვენსავით მთის ფერდობებზე აქვს შეფენილი.

- ასეა. მაგრამ ჩვენ კოოპერატივი ვართ, გეგმები საერთო გვაქვს და მოსა­ვალზეც ერთად ვზრუნავთ. ჩვენი მოსავალი სრულად ეკოლოგიურია, - როცა ჩვენი პირველი დამფინანსებლები დარწმ­უნდნენ, რომ ჩვენს პატარ-პატარა მიწებში­ ქიმიის ნატამალიც არ იყო, მარწყვისა და მაყვლის ნერგებიც ბუნებრივი ჯიშისა შემოგვიტანეს. მაგალითად, ჩვენი მარწყვი­ კახური ჯიშისაა და ძალიან გემრიელია. ასეა მაყვალიც. გარდა ამისა, პროფესორ ლალი გოგავას მარწყვსაც ვთესავთ, მან კახური მარწყვი ჩვენი მთის სოფლის მარწყვთან შეაჯვარა და მიიღო ჯიში, რომელიც პირში დნება. ამ ჯიშს თავისი პატარა შვილიშვილის, კიწის სახელი დაარქვა. ის დიდი არ იზრდება, მაგრამ იმდენად ტკბილია, რომ კოოპერატივის წევრები მურაბებსა და ჯემებს მხოლოდ ამ მარწყვით ვამზადებთ.

- კენკროვანების მოყვანაში ალბათ ნიადაგს, კლიმატსა თუ დამტვერვას განსაკუთრებული ადგილი აქვს.

- ცხადია. ასე რომ არ ყოფილიყო, განთქმული მიტროფანე ლაღიძე წყლების მოსამზადებლად სოფელ ზანავში მარწყვის პლანტაციას არ გააშენებდა. როგორც აგრომეცნიერები ამბობენ, ადგილზე კენკროვანის გემოს ბევრად განაპირობებს გაზაფხულზე წიწვოვანი მცენარეების დამტვერვის სეზონი. ცხადია, მოქმედებს კლიმატიცა და ნიადაგიც. სამწუხაროდ, ზანავში ლაღიძის­ ჯიშის მარწყვი ცოტაა, მაგრამ მიზნად მაქვს დასახული, რომ მისგან ჩვენს კოოპერატივში პლანტაცია გავაშენო. ის შესახედავადაც ორიგინალურია - ძალიან წითელი არ არის, თუმცა საოცარი სურნელი და გემო აქვს.

- მარწყვის მოყვანის ახალ ტექნოლოგიაზე ბრძანებდით. მთის ფერდობზე თქვენს პლანტაციას დამულჩვა და წვეთოვანი სარწყავი აქვს გაკეთებული.

- სწორედ ეს ტექნოლოგიები შედის ახალ მეთოდში, რომელიც მარწყვის მაქსიმალურ მოსავალს გვაძლევს - 1 კვმ-ზე დაახლოებით 20 კილოგრამს. შედეგს იმით ვაღწევთ, რომ მარწყვს ვაცლით კავებს, წანაზარდებს და როცა მცენარე წანაზარდების კვებაზე ენერგიას აღარ ხარჯავს, მოსავალიც იმატებს.­ მორწყვა და დამულჩვაც აუცილებელია. ნიადაგზე მულჩის გადაფარება აუცილებელია, რათა სარწყავი წყალი სწრაფად არ აორთქლდეს. ამავე დროს, მულჩი - ცელოფანი, სარეველების ამოსვლასაც აფერხებს. წვეთოვანი მორწყვის სისტემა ძვირი არ ჯდება - პლასტმასის მილები, რომლებიც ნიადაგში ეწყობა და წყალი წვეთობით გამოედინება, საკმაოდ იაფია. წყალიც გვაქვს ჩვენს სოფლებში და მორწყვისთვის ადვილად გამოვიყენეთ, მტკვრის შენაკადიდანაც ამოვქაჩეთ ფერდობზე.

შედარებით რთულია სანერგეში ნერგების გამობარვა და ახალი პლანტაციის გაშენება­ - რიგთაშორის მიწა უნდა დაიბაროს,­ ამა­­ღლდეს და ზედ მულჩი გადაეფაროს. ძველი პლანტაციის გამოც­ვლა და ახლის გაშენება ყოველ 4 წელიწადშია საჭირო. თუმცა, ახალი პლანტაციის გაშენებამდე­ ძველის ადგილას ლობიოს ვთესავთ. ის მიწას ფოსფორით ამდიდრებს და ანოყიერებს, მერე კი იქ გაშენებული მარწყვი ძლიერი ხდება.

- თუ საიდუმლო არ არის, რა შემო­სავალს იღებთ კოოპერატივის წევრები?

- მარწყვისა და ჟოლოს მოსავალზე­ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. ისიც სასიამოვნოა, რომ უკვე გვიცნობენ - ნაყოფთან ერთად, ნერგებსაც ვყიდით, რომლებიც რეგიონიდან რეგიონში ჩვენი სახელით გადადის.

მალე გვექნება კენკროვანთა რიგთა­შორისი დასამუშავებელი ტრაქტორი, რომელიც შრომასაც შეგვიმსუბუქებს და მოსავლიანობასაც აგვიმაღლებს. ეს ძვირად ღირებული ტექნიკაა, დაახლოებით 30 ათასი ლარი ღირს. სახელმწიფო 40%-ით კი გვიფინანსებდა, მაგრამ ჩვენთვის დანარჩენი 60%-ის გადახდაც არ იყო იოლი. საბედნიეროდ, ევროკავშირი მოგვევლინა მხსნე­ლად ენპარდის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით. პროექტი დავწერე და ტრაქტორის ღირებულების 60%-დან 3/4-ის დაფინანსება იკისრეს, კოოპერატივის წევრებმა კი მხოლოდ თანხის 1/4 უნდა გადავიხადოთ, თითოეულს დაახლოებით 500 ლარი მოგვიწევს. ასე რომ, ტრაქტორიც გვექნება, გაისად კი მარწყვის საუკეთესო მოსავალიც, რომელიც ჩვენში ნამდვილად უყვართ.

ეთერ ერაძე
noa
30 აპრილი 2017 22:40
ძალიან მეამაყები ირმაკო ცარმატებებიი მიყვარხარ
ჯული
15 ოქტომბერი 2016 07:57
ნეტა ცოტა ახალგაზრდა ვიყო და შემეძლოს რა კარგი დრო დადგა ყველაფრის გაკეთება შეუძლია ადამიანს თუ ზარმაცი არ არის
სოფიო
14 ოქტომბერი 2016 23:08
ყველაზე მაგარი ფერმერი ♥

რედაქტორის რჩევით