ჩოხატაურელ კაცს "ოქროს თევზებმა" ბავშვობის ოცნება აუსრულეს
17-10-2016
ჩოხატაურელ კაცს "ოქროს თევზებმა" ბავშვობის ოცნება აუსრულეს
ოთარ გიორგაძე: "მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მდინარეში ორი კალმახი დავიჭირე და ჩემს კარ-მიდამოში, წყაროს წყალში ჩავ­სვი, თან ვაკვირდებოდი..."

ოთარ გიორგაძე: "ჩვენი წყლის რესურსები საკალმახე მეურნეობის გაფართოების საშუალებას გვაძლევს..."


სოფელ ჩხაკოურის საკალმახე მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ "სამ­ეგობრო 2014"-ს ეკუთვნის. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ეს მაღალმთიანი სოფელი ზღვის დონიდან თითქმის 950 მ-ზე მდებარეობს და 100 წლის წინ ხულოდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებით არის დასახლებული. სოფელს აქვს ეკოლოგიურად­ სუფთა­ მთის წყალი და კალმახის მოსაშენებლად საუკეთესო პირობები (მინერალები,­ ჟანგბადი,
ტემპერატურული რეჟიმი) აქ ბუნებრივად არსებობს.

ჯგუფის წევრები წლებია, საკალმახე მეურნეობას ერთობლივად ამუშავებენ და ამ საქმეში ახლობლებთან ერთად არიან ჩართული. კოოპერატივის სტატუსი­ ორი წლის წინ მიიღეს და ქონებაც გააე­რთიანეს.

ოთარ გიორგაძე, თავმჯდომარე:
- ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული საკალმახე ავზები და სხვა რესურსი კოოპერატივში გავაერთიანეთ. ამან წელიწადში
10 ტონაზე მეტი კალმახის გაზრდის საშუალება მოგვცა. ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ქვირითსა და ლიფსიტასაც.

ჩვენი წყლის რესურსები საკალმახე მეურნეობის გაფართოების საშუალებას გვაძლევს. საჭირო ნაგებობის დამატება და თანამედროვე აღჭურვილობა 400 ათასამდე ლიფსიტის გაზრდის საშუალებას იძლევა. საგრანტო თანხა სამი ახალი ავზის მოსაწყობად, მეურნეობის ეზოს შემოსაღობად, დამატებითი წყლის მოსაყვანად, საქვირითე და სალიფსიტე ნაგებობის გასამართად, ჩვენამდე მოსასვლელი გზის შესაკეთებლად და თევზის ტრანსპორტირებისთვის პიკაპის ტიპის ავტომობილის შესაძენად გამოვიყენეთ.

- როგორ გადაწყვიტეთ კოოპერატივის შექმნა?

- ინფორმაცია კოოპერატივის შესახებ ENPARD-ის მეშვეობით მივიღეთ და იდეა ძალიან მოგვეწონა. მანამდე მეგობრულად, მეზობლურად ვთანამშრომლობდით.

ამ საქმიანობის იდეა კი მრავალი წლის წინ გაჩნდა. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მდინარეში ორი კალმახი დავიჭირე და ჩემს კარ-მიდამოში, წყაროს წყალში ჩავ­სვი, თან ვაკვირდებოდი. თევზები თავს კარგად გრძნობდნენ... 8 კლასი რომ დავამ­თავრე, ბათუმში გადავედი. ეს ადგილი მიტოვებული მქონდა და მეზობლებმა შემომთავაზეს, მათთვის მიწა მიმექირავებინა ბოსტნეულის მოსაყვანად, რაშიც თანხას გადაიხდ­იდნენ. თუმცა, ადგილი არ გავაქი­რავე - თითქოს თავიდანვე საკალმახედ ვამზადებდი, რადგანაც ამისთვის შესანიშნავი ადგილია. მაგრამ მაშინ ამ საქმის წამოსაწყებად სახსრები­ არ მქონდა. მომდევნო წლებში ვცადე საკა­ლმახის საკუთარი ძალებით გაკეთება,­ ამისთვის მანქანაც კი გავყიდე. მასალებით (მილები,­ ბადე) მეხმარებოდნენ ძმები - ნუგზარ და მურმან დუმბაძეები, მაგრამ გზა გაფუჭდა, ხიდი წყალმა წაიღო და საქმე არ აეწყო. მოკ­ლედ, 3-4 წელიწადს ვიწვალე. ერთი ხანობა გაჩერებაც მინდოდა, სანამ ხსენებული ორგანიზაციის პროგრამაში არ ჩავერთე, რის შემდეგაც პრობლემები გადავლახეთ.

- დღეს როგორია თქვენი საკალმახე?

- რის გაკეთებაც მინდოდა, ყველაფერი­ გაკეთდა, დალაგდა. ახლა აქვე კოტეჯებ­ის აშენებას ვაპირებ, რადგან აქ ამომს­ვლელთა რიცხვი დიდია. ოჯახებით უნდათ მოსვლა და დასვენება, ღამის გათენება. ახლოს ვართ ბახმაროსთან, ნაბეღლ­ავთან.
ვფიქრობ, იქნებ ისევ რომელიმე უცხოური ორგანიზაცია დაგვეხმაროს. ბიზნესპროექტი გვაქვს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ტურისტული ზონა გავხსნათ. ერთი-ორი კოტეჯი უკვე დავდგი და გაფართოება გვინდა. მოკლედ, სოფლის ტურიზმი უნდა განვავითაროთ...

- ლიფსიტების წლიური რაოდენობა­ რამდენია?

- 300 ათასამდე გამოგვყავს და 78 ტონამდე თევზს ვაწარმოებთ.

- ძალიან ლამაზი ყვითელი კალმახებიც გყოლიათ...

- კი, ეს დეკორატიული კალმახია, რომელიც ცხიმიანობით გამოირჩევა. გვყავს ამერიკული შავკოპლებიანი კალმახიც. ბოლოს ზუთხის გამრავლება ვცადე და კარგი შედეგი მივიღე. ის კალმახზე უკეთ იზრდება და მისი წარმოება გარემოს არ აბინძურებს. ახლა ჩავერთე სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში"­ და დაფინანსებას ველოდები. ზუთხის მოშენებას სხვა აუზი და კიდევ რაღაცები­ სჭირდება.

- თევზებს რით კვებავთ?

- ევროპული საკვებით. არსებობს თუ­რ­ქულიც, ორი თეთრით ნაკლებია, მაგრამ თევზს ზრდაში ხელს არ უწყობს, ამიტომ ევროპულს ვყიდულობთ.

- რა არის აუცილებელი თქვენს საქმიანობაში?

- ყველაფერი წყაროს წყალზეა დაფუძნებული. ჩვენი წყალი არასდროს იმღვრევა, არის სუფთა, კამკამა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვიღებთ. კოოპერატივის წარმატებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ქართველ ფერმერებსაც ვურჩევ, ჯანსაღი პროდუქტი აწარმოონ და ის სარგებელი გამოიყენონ, რომელიც კოოპერატივის შექმნას მოაქვს.
ჩვენთან სუფთა გარემოა, ჩვენ ზემოთ წყალში არაფერი ჩაედინება. ეს უცხოელებმაც შეამოწმეს.

ლალი ფაცია
გიო
24 ოქტომბერი 2016 12:09
გენმოდიფიცირებული საკვებით კვებისას,ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს როგორ იღებთ?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები