სიძესიმამრიანი, ანუ ქორწილში დაბადებული მწყრის ფერმის იდეა... - კვირის პალიტრა

სიძესიმამრიანი, ანუ ქორწილში დაბადებული მწყრის ფერმის იდეა...

"მწყერზე ზრუნვა კვერცხიდანვე რომ დავიწყე, ამით ბევრი რამ ვისწავლე... უნდა იცოდე, როგორი კვერცხი გამოდგება გამოსაჩეკად"

"ახალგამოჩეკილი წიწილა ახალგამოჩეკილ მწყრის ჩოჩორთან შედარებით ვაჟკაცია"

იყო დრო, როცა მწყერი დელიკატესად ითვლებოდა - მხოლოდ ზაფხულის ბოლოს მოინადირებდნენ და თანაც - ცოტას. ამჟამად მწყერი ფერმებში მრავლდება და სუფრაზეც ხშირად გვხვდება. ამის მიუხედავად, კარგი გემოსა და სასარგებლო თვისებების გამო, ის მაინც დელიკატესად ითვლება. ამიტომაც არის, რომ მწყრის გამრავლებას ჩვენში ბევრმა მოჰკიდა ხელი. შეიძლება ჯერჯერობით ამ საქმიანობას ისეთი მოგება არ მოაქვს, მასზე დახარჯულ შრომას რომ შეესაბამებოდეს, მაგრამ ოჯახის რჩენა შეიძლება და პერსპექტიულიც არის - ვინც მწყერს ამრავლებს და ეს საქმე კარგად იცის, იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მის პროდუქციას მყიდველი ყოველთვის ეყოლება.

მწყრის ფერმა ახალციხეში ვეფხია დიაკონაშვილმაც შექმნა. მას წარმატებაში საქმის, ფრინველისა და შრომის სიყვარული დაეხმარა, საქმიანობის ბიძგად კი ქალიშვილის ქორწილი იქცა. სუფრისთვის მწყერი მისაქციელიდან ჩაიტანა, ქორწილის შემდეგ კი სიძესთან მწყერზე საუბარმა წაახალისა და მისი გამრავლების სურვილიც გაჩნდა.

ვეფხია დიაკონაშვილი: - ყველას მოეხსენება, რომ მწყერი ისეთი გემრიელია, გულგრილს არავის ტოვებს. ჰოდა, ქორწილის შემდეგ ვისხედით, ვსაუბრობდით და სიძემ მითხრა, მწყრის მოშენება სხვაგან თუ გამოდის, ვითომ ახალციხეში რატომ არ უნდა გამოვიდესო! ვუთხარი, მისი მოვლა არ ვიცი-მეთქი. მაგას რა უნდა, ინტერნეტში ვნახოთო. ჰოდა, ვნახეთ. თავდაპირველად ის მომეწონა, რომ ყველგან ეწერა, მწყრის ჩოჩორი ადვილად არ იღუპება და ქათამზე უკეთ იზრდებაო. ამასთან, მწყერს შედარებით ცოტა საკვები ჰყოფნის და ქათმის ნაკლები ხარჯი აქვს, მასზე მოთხოვნილება კი, მართალია, სეზონების მიხედვით იცვლება, მაგრამ მაინც ყოველთვის არის.

მოკლედ, ისევ ინტერნეტი დავიხმარე და გლდანში წავედი მწყრის კვერცხების შესაძენად - 1000 ცალი ვიყიდე. მეტი ვერ გავრისკე, რადგან მოვლა ჯერ არ ვიცოდი და შემეშინდა, დასაწყისშივე არ მეზარალა.

- რატომ მწყრის ჩოჩორი არ შეიძინეთ? ასე ხომ უფრო მალე გაზრდიდით...

- ასე გამოცდილებას ვერ მივიღებდი. მწყრის მოვლა მისი გამოჩეკისთანავე უნდა ისწავლო და იმასაც დააკვირდე, როგორ იზრდება, რა არის მისთვის სასარგებლო და რა - არა. ამ 1000 კვერცხიდან 560 ჩოჩორი გამოიჩეკა.

- ალბათ, ეს პროცესი ძალიან ლამაზია - ჩოჩორი წიწილასთან შედარებით პატარაა.

- ახალგამოჩეკილი წიწილა ახალგამოჩეკილ მწყრის ჩოჩორთან შედარებით ვაჟკაცია. მართლაც საოცრად ლამაზები არიან.

თავს რამდენიმე ასეული ჩოჩორი რომ მოიყრის და ქოთქოთებს, ამის ცქერას არაფერი სჯობს. როცა 2000-მდე ჩოჩორს შესცქერი, უნებლიეთ იწყებ ფიქრს, რა სასწაულია ბუნება, რომელიც თითქოს არაფრისგან სიცოცხლეს აჩენს.

მწყერზე ზრუნვა კვერცხიდანვე რომ დავიწყე, ამით ბევრი რამ ვისწავლე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იცოდე, როგორი კვერცხი გამოდგება გამოსაჩეკად - ზომაზე დიდი ან პატარა, ბევრი შავი ლაქებით, სულ თეთრი, ან მეტისმეტად ხორკლიანი - ჩოჩრის გამოსაჩეკად არ გამოდგება. აუცილებლად ზომიერი კვერცხი უნდა შეირჩეს.

კვერცხისმდებელ დედალზე ზრუნვა კი ჩოჩრობიდან იწყება. მწყრის გამოსაჩეკად ინკუბატორში 17 დღეა საჭირო. ჩოჩრები გამოჩეკიდან ზუსტად 3 საათის შემდეგ უნდა გამოიკვებონ წვრილად დაღერღილი სიმინდით, რომელსაც კარგი იქნება, თუ ერთ მესამედ დაღერღილ ხორბალსაც დავუმატებთ. მალევე გამოჩნდება, რომელი წიწილა იზრდება სწრაფად, ანუ რომელი უფრო ძლიერია. ასეთ ჩოჩრებს გამოვარჩევთ და ზოგს სადედედ შევინახავთ, უფრო მეტს კი, რასაკვირველია, სხვებზე ადრე გავყიდით. მწყერი დაბადებიდან 35-40 დღის ვადაში ითვლება საუკეთესო საკვებად. ზოგი ფერმერი მწყერს 80 გრამიდან ყიდის, მე კი გაყიდვას მხოლოდ მაშინ ვიწყებ, როცა მისი წონა 120-დან 160 გრამამდეა. ამ დროს შეიძლება მწყერი ძვალთან ერთად მიირთვა, შემდეგ კი მკვრივდება და მწყერიც არა შესაწვავად, არამედ ბულიონების მოსამზადებლად უფრო გამოდგება. ბულიონებთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაგიმხილოთ:

მწყერი და მისი ბულიონი, ასევე კვერცხი, უფრო სასარგებლოა ჩვილისთვის, ვიდრე წიწილა. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ მწყრის კვერცხს დიაბეტით დაავადებულებს საგანგებოდ უნიშნავენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი და მათ შორის, მწყრის ხორციც, მხოლოდ მაშინ არის გემრიელი, როცა მას გემრიელ და ნატურალურ საკვებს აძლევ. ჯანსაღი საკვებით გაზრდა ერთი შეხედვითაც ეტყობა. მწყრებს ყოველთვის ქართულ სიმინდს ვაჭმევ, დაღერღილს, ხორბალთან ერთად და განსაზღვრულ დროს. ერთხანს ქართული ყვითელი სიმინდი შემომაკლდა და ერთ-ერთი კომპანიისგან რუსეთიდან შემოტანილი სიმინდი ვიყიდე, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მწყერი ვერაფრით დავანაყრე. კალორიულობა არ ჰქონდა. აკენკავდნენ თუ არა, იმწუთასვე შიოდათ. ხოლო როცა ქართული სიმინდი შემოვიდა, დანაყრებითაც მალე დანაყრდნენ და ბუმბულიც გაუბზინდათ.

- საინტერესოა, ჩოჩრებს კვებას როგორ ასწავლით, მათ ხომ დედა არ ჰყავთ, რომელიც ველურ გარემოში "ამ საკითხზე" ზრუნავს.

- ამიტომაც ისე უნდა მოვიქცე, როგორც ველური მწყრები იქცევიან - გამოჩეკიდან 3 საათის შემდეგ ჩოჩორს დაღერღილ საკვებთან ვსვამ, რომელსაც მწყრის ფრთით ვუნიავებ. ჩოჩორი ამ დროს საკვებს ამჩნევს და კენკავს. სულ ეს არის. წყალსაც ასე ვასმევთ. მერე დანაყრებულ ბარტყს თანატოლებს შორის გალიაში ვსვამთ, ყველას ერთად ვუყრით საკვებს და ეს ჩვენი "მოსწავლე" დანარჩენს ასწავლის, როგორ იკვებონ.

- ძალიან საინტერესოა. კიდევ რის სწავლება გიხდებათ მწყრებისთვის დედის ნაცვლად?

- შინაურ პირობებში მწყერს ბევრი რამ ავიწყდება, მათ შორის - ჩოჩრების გაზრდა და ფრენაც კი. შინაური მწყრის საქმე კვერცხის დადება, კვება და ძილია. ჩვენც 10 დღე, 24 საათის განმავლობაში, ჩოჩრებს ინფრაწითელ შუქს ვუნთებთ, რომელიც დედის ნაცვლად ათბობს. 10 დღის შემდეგ კი შუქს 10-11 საათიდან ვაქრობ და ბარტყებიც მაშინვე იძინებენ.

- კვერცხის დადება ახსენეთ. დღეში დაახლოებით რამდენ კვერცხს იძლევა თქვენი ფერმა?

- ზაფხულში მწყერზე მოთხოვნილება იკლებს და კვერცხისმდებელ მწყრებსაც ვამცირებ, მერე კი, საჭიროებისამებრ, ვამრავლებ. ასე რომ, 1500 კვერცხის მდებელი მწყერიც მყოლია, რომლებიც დღეში 800 კვერცხს დებდნენ. მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ფერმერებს პროდუქტის გასაღებაში ხელი შეგვიწყონ. თუკი ასე მოხდება, შემიძლია, ბიზნესი გავაფართოო. მესმის, რომ სახელმწიფო გაყიდვის საქმეში დიდ როლს ვერ შეასრულებს, მაგრამ ბიზნესის რეგულირება შეუძლია.

ეთერ ერაძე