სანდრო, მეტსახელად "კოლხური ბზა" - 16 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სანერგე მეურნეობა მოაწყო - კვირის პალიტრა

სანდრო, მეტსახელად "კოლხური ბზა" - 16 წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სანერგე მეურნეობა მოაწყო

"მე ვიქნები გარემოს დამცველი!"

16 წლის სანდრო ნარსია ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ცხოვრობს. მე-11 კლასის მოსწავლე სწავლას მშვენივრად უთავსებს მამულიშვილურ საქმეს - საქართველოს "წითელ წიგნში" შეტანილი კოლხური ბზის გადარჩენას. მომავალმა გარემოს დამცველმა შარშან საკუთარი სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა და 1 300 მარცვალი დათესა. სანდრო გახარებული ნერგების ეკლესიებისა და სკოლებისთვის ჩუქებას, ერთი წლის შემდეგ კი ტოტების ხელახლა დაკალმებას გეგმავს. ოცნებობს კოლხური ხოხბის მოშენებაზეც, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

- ყველაფერი 2015 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც სკოლიდან ურთის მთაზე წავედით კოლხური ბზის თესლის შესაგროვებლად. შევაგროვეთ თესლი და სკოლაში დავაკალმეთ კოლხური ბზის რამდენიმე ათეული ტოტი. დასაკალმებლად ჩემს ეზოში არსებული უძველესი კოლხური ბზის ბუჩქები გამოვიყენეთ და დაახლოებით 250 ნერგი გამოვიყვანეთ, რომელთა ნაწილი სკოლაში დარჩა, ნაწილი კი გავაჩუქეთ. იგივე გავიმეორეთ 2016 წლის ადრე გაზაფხულზეც. ვინაიდან საქართველოს მასშტაბით ბზის კორომების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, გადავწყვიტე, თვითონ მომეწყო პატარა სანერგე სახლში და ჩემი წვლილი შემეტანა კოლხური ბზის გადარჩენაში.

- შენს სასათბურე მეურნეობაში რა ხდება?

- 1 500 ძირი ბზა მაქვს. მათგან 200 დაკალმებულია. დახურულ გრუნტში - 900, ხოლო ღიაში 600 მარცვალია დათესილი. ისინი განსხვავებული მეთოდით დავთესე. იმედი მაქვს, მათი უმრავლესობა გაიხარებს და მერე მათ ეკლესიებსა და სკოლებს გადავცემ. ყველას გაჩუქებას ვფიქრობ, ოღონდ გაიხაროს. ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, გარდა იმისა, რომ ბევრს ვკითხულობდი და ენდემური ჯიშის მცენარის შესახებ ინფორმაციას ვეცნობოდი, არაერთ აქტივობასა და ტრენინგ-სემინარში მივიღე მონაწილეობა. ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში" 27 ფინალისტი ვიყავით და ყველას შეარქვეს მეტსახელი. მე "კოლხურ ბზას" მეძახდნენ.

- შენს ეზოში ასაკოვანი ბზაც გადაგირჩენია...

- ეზოში მაქვს ოთხი ძირი ბზის ბუჩქი. ორი მათგანი 150 წლისაა, დანარჩენი ორი - შედარებით ახალგაზრდა. ვიცოდი, რომ კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, შეტანილია "წითელ წიგნში" და გადაშენების პირასაა. ორჯერ შევწამლე და გადავარჩინე. სოკომ წელსაც სცადა გამრავლება, მაგრამ ჩემი ცოდნა გამოვიყენე და მავნებელს ჩემი ბებერი ბუჩქების განადგურების საშუალება არ მივეცი. ოქტომბერში შევწამლე და კვლავ ამოყარა ყლორტები ჩვენმა ბზამ.

- მგონია, რომ შენი მომავალი პროფესიაც გარემოს დაცვის სფეროს უნდა უკავშირდებოდეს...

- მე ვიქნები გარემოს დამცველი. ფლორის გარდა, ცხოველები და ფრინველებიც მიყვარს, ვარ ყოფილი ფერმერი - მებოცვრე. ადრე ბოცვრები მოვაშენე, მაგრამ უდროობის გამო მათმა გაყიდვამ მომიწია. ამჯერად ვუვლი ჩემს ნახარებ კოლხურ ბზებსა და ბოსტანს, სადაც მომყავს სხვადასხვა ბოსტნეული კულტურა. მინდა მოვაშენო კოლხური ხოხობი. მისი მოშენება კერძო პირობებში შემიძლია, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ოჯახში მარტო მე და ბებია ვართ (მშობლები დედაქალაქში ცხოვრობენ). ვეცდები, გავაკეთო დიდი ზოოპარკი. მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოში არ გვაქვს ამის ფუფუნება. ხშირად მეკითხებიან, სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში დარჩებიო? ვეცდები, დედაქალაქში არ დავრჩე და ჩემი ცოდნა ჩემი სოფლის - ხეთის განვითარებას მოვახმარო.

"წითელ წიგნში"...

ბზისებრთა ოჯახის მცენარე, მარადმწვანე ბუჩქნარი ან ხეა, რომლის სიმაღლე 9-10 მ-ია. რელიქტური სახეობაა და იზრდება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქნე მცენარედ ითვლება. კოლხური ბზა გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში". სოკოვანი დაავადების გამო განადგურებულია ბზის კორომების 90%-მდე. სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისთვის თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. სოკოვანი დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, მას ზამთარში ხუთ გრადუსზეც კი შეუძლია განვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით საშიშია კარგ ამინდში. დღეისთვის კოლხური ბზის მდგომარეობა ფასდება, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

ნანა ფიცხელაური