"ხვლიკს რაღაც თბილი გამოხედვა აქვს" - კვირის პალიტრა

"ხვლიკს რაღაც თბილი გამოხედვა აქვს"

"ბავშვობისას ნებისმიერი ქვის აწევისას ქვემოთ ვიხედებოდი და სიურპრიზივით ველოდი იქაური ბინადრების დანახვას. რაც თავი მახსოვს, სულ მყავდა ადგილობრივი ჯიშის ობობები და გველები, ერთხანს გიურზაც კი"

"მყავს ავსტრალიური ხვლიკი, რომელიც ფისოსავით სახლში დააბიჯებს"

გიორგი ჯაფარიძე, პროფესიით ფიზიკოსი, 10 წელია, მსოფლიო ბანკის კონსულტანტია ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საკითხებში. რაც შეეხება ჰობის - უცნაური გატაცება აქვს, ცხოვრობს რამდენიმე ქვეწარმავალსა და რეპტილიასთან ერთად.

- ეს არსებები ყოველთვის მაინტერესებდა. ბავშვობისას ნებისმიერი ქვის აწევისას ქვემოთ ვიხედებოდი და სიურპრიზივით ველოდი იქაური ბინადრების დანახვას. რაც თავი მახსოვს, სულ მყავდა ადგილობრივი ჯიშის ობობები და გველები, ერთხანს გიურზაც კი.

ახლახან აღმოვაჩინე, რომ ლისის ტბაზე ბინადრობენ ხოჭოები, რომლებიც ბაყაყებს ჭამენ. ძალიან უცნაური შემთხვევაა, როცა მსხვერპლი ევოლუციურად გარდაიქმნება და თვითონ იკვებება იმ არსებით, ვისგანაც თავის დაცვა უწევდა...

- რომელი არსებები ბინადრობენ თქვენთან?

- მყავს ობობები, ტარანტული, Damon Diadema კი არც მორიელია და არც ობობა. შხამიანი არ არის, მაგრამ მეტად საინტერესო არსებაა. მყავს ავსტრალიური ხვლიკი Bearded Dragon-ი, რომელიც ფისოსავით დააბიჯებს სახლში, ორი გველი, ორი კალიფორნიული მახრჩობელა, ერთი ობობა და მინდვრის თაგვი, რომელიც სახლში გამექცა და ოთახებში დარბის. სულ დამიხრა გაყვანილობის მილები - უკვე სამჯერ გამოვცვალე. ვერაფრით ვიჭერ, არადა, წყალი და საჭმელი ყოველთვის უდგას, ის კი მაინც ღრღნის და ღრღნის. ახლა რომც დავიჭირო, ვეღარ გავუშვებ, აცივდა და უნდა გამოიზამთროს. ძალიან საყვარელია, დიდი ყურები და შავი თვალები აქვს. კიდევ მყავს გეკონი და ობობას ყველაზე ლამაზი სახეობა.

ზოგჯერ რომელიმე არსებას ბუნებაში დავიჭერ, დროებით წამოვიყვან, ვაკვირდები, კარგად "გავიცნობ" და მერე ისევ იქ ვუშვებ, საიდანაც წამოვიყვანე.

- ისეთი სახეობები, რომელთაც საქართველოს ბუნებაში ვერ შეხვდები, როგორ ხვდებიან თქვენთან?

- მეგობრებისა და ჩემნაირი ჰობის მქონე ადამიანების წყალობით. თავიდან მათი გამოკვება მიჭირდა. როცა სეზონია, კალიებს ვაჭმევ, მაგრამ თუ ჩემთან გამოზამთრებაც უწევთ, საკვებზე უნდა ვიზრუნო.

ჩვენთან მათი საკვები ზოომაღაზიებში არ იყიდება, მხოლოდ ერთი კაცი ვიცი, რომელიც ტარაკნებს ამრავლებს და მისგან ვყიდულობ ზამთრობით. ხვლიკი, ტარაკნების გარდა, ბოსტნეულსა და ხილსაც სიამოვნებით ჭQამს. გველები, სამწუხაროდ, მხოლოდ ლაბორატორიის თეთრ თაგვებს ჭამენ.

- სად ყიდულობთ?

- ერთი კაცი ამრავლებს და ზოოპარკს ამარაგებს თეთრი თაგვებით და მისგან ვყიდულობ. გველებს თუ უცვლელი მენიუ აქვთ, ხვლიკებისა მრავალფეროვანია. უყვართ საზამთრო, ნესვი, სალათის ფოთლები, ვაშლი.

ჩემი ხვლიკი გალიაში არ ზის, თავისი ოთახი აქვს, დიდი, და იქ დარბის. ოთახში მცენარეები მაქვს. ამას წინათ მარწყვი დავურგე და შესანსლა, არც აცალა დამწიფება. გველები ვოლიერებში ცხოვრობენ, ისინიც სეირნობენ ხოლმე შინ, მაგრამ არა ერთდროულად - მეშინია, არ იჩხუბონ. როცა ხვლიკი სეირნობს, გველები ტერარიუმში არიან, ხოლო როცა გველები სეირნობენ, ხვლიკია ოთახში ჩაკეტილი.

- ხმებს თუ გამოსცემენ?

- ხვლიკს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ შეშინდა ან რამეს აპროტესტებს. ჯერჯერობით ჩემთან თავს კარგად გრძნობს. ჩემი ხვლიკიცა და გველებიც გოგონები არიან. ახლა უნდა გავამრავლო... ხვლიკი ახლა 60 სანტიმეტრია, ამაზე მეტად არ გაიზრდება. გველების ეს ჯიში ორ მეტრამდე იზრდება, ჩემები კი ჯერ მხოლოდ ერთი მეტრი სიგრძის არიან.

- მეზობლებმა იციან, თქვენს ბინაში უცნაური არსებები რომ ბინადრობენ?

- მეზობლებმა, მგონი, ისიც არ იციან, მე რომ ამ სახლში ვცხოვრობ.

- როცა შინ არ ხართ, მათ ვინ უვლის?

- თუ საზღვარგარეთ მიწევს სამსახურიდან წასვლა, მაშინ მეგობრები მოდიან. მერწმუნეთ, კატასა და ძაღლზე ადვილი მოსავლელები არიან. ობობას შეიძლება რამდენიმე თვე არ აჭამოთ, ხვლიკს - 1-2 დღე, გველი კი კვირაში ერთხელ მიირთმევს.

- ამ ჰობის როგორ ხვდებიან თქვენი მშობლები?

- ნორმალურად. რაჭაში სოფელი გვაქვს და თუ დედაჩემმა გველი დაინახა, სურათს უღებს და მიგზავნის, ხომ არ წამოგიყვანოო. ხელში არ აიყვანს, არ უყვარს, თუმცა ინტერესით ათვალიერებს.

- ყველაზე საყვარელი არსება ამ ბინადრებიდან რომელია?

- ხვლიკი, იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობა შეიძლება. ვთქვათ, თუ ფილმს ვუყურებ, ამოძვრება და დაიძინებს, ან თუ ჭურჭელს რეცხავ, შესაძლოა, ზურგზე გაჯდეს. თან რაღაც თბილი გამოხედვა აქვს. გველები რეფლექსური არსებები არიან და პატრონის სუნს რომ გრძნობენ, მასთან მშვიდად არიან. აი, ხვლიკი ხელიდანაც ჭამს, თუმცა სიხარულსა და სიყვარულს ძაღლივით ვერ გამოხატავს.

- როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მეორე ნახევარი, ხომ არ გაუჭირდება ამ არსებებთან ერთად ცხოვრება?

- ადამიანი, რომელიც ჩემთან გამონახავს საერთოს, ამათაც შეეჩვევა.

- ძაღლთან ან კატასთან ერთად ბევრ პატრონს სძინავს, თქვენთან რომელიმე ბინადარი თუ იძინებს?

- გველიც, ხვლიკიც, თუმცა, ცოტა მეშინია, ხვლიკი არ გავჭყლიტო. გველი შხამიანი არ არის. ერთი-ორჯერ კი მიკბინა, მაგრამ გველისგან ასეთი რამ საწყენი არაა. თვითონ გველისთვის არის ცუდი, რადგან თუ ხელი უცებ გასწიეთ, შესაძლოა, კბილი მოსტყდეს...

ეს არსებები ჩემთვის სამყაროს ნაწილია, ჩემს ჭერქვეშ თავმოყრილი.

ეკა სალაღაია