იმერული "ევროყველი" - კვირის პალიტრა

იმერული "ევროყველი"

ჯერჯერობით, მაინც უჭირს გლეხებს კოოპერატივებზე მინდობა. ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად ახალი ხილია და ურჩევნიათ ყველი თუ რძე დამოუკიდებლად გაიტანონ ბაზარზე. ისე კი, თუ გინდა, რომ გენდონ, შენც სანდო უნდა იყო და კარგად იმუშაო

ზესტაფონის რაიონში მაღალტექნოლოგიური ყველის საწარმო ამოქმედდა. სოფელ როდინაულში გლეხს მცირე, მაგრამ საიმედო შემოსავალი გაუჩინა და ასპარეზზე ახალი ფერმერები გამოიყვანა. მიხეილ ჭანკოტაძეს კოოპერატივის შექმნაში, ევროკავშირთან ერთად, იმ ადამიანებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც წლების განმავლობაში შრომაში გამოცდილი ჰყავდა...

მიხეილ ჭანკოტაძე, კოოპერატივის თავმჯდომარე: - ზესტაფონშიც, ფაქტობრივად, ყველა ფერმა დაინგრა, სადაც კი პირუტყვი იზრდებოდა. იგივე ბედი ეწეოდა როდინაულის ფერმასაც. მე პირუტყვი მიყვარს, მესაქონლეობა ვიცი, ამიტომაც ყველაფერი გავაკეთე, რომ როდინაულის ფერმა შემენარჩუნებინა. შენობები ჯერ იჯარით ავიღე, საბოლოოდ კი შევისყიდე. 2003-2004 წლებში ფერმაში ხბოები გამოვზარდე. იმხანად კი ეს საქმე წარმატებული ვერ გამოდგა - ფერმის ასაწყობად მეწილეებმა იმდენი კრედიტი ავიღეთ, რომ მთელი შემოსავალი მის დაფარვას ხმარდებოდა, ამიტომაც კრედიტები გავისტუმრეთ და უკეთესის მოლოდინით, ფერმა დროებით დავხურეთ.

წლეულს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მითხრეს, ევროკავშირის წარმომადგენლები მზად არიან, მუშაობაში ხელი შეგიწყონო. მადლობა ვუთხარი და საქმე დავიწყე. "ენპარდმა" 145 ათასი ლარი გადმოგვცა - ამ ძველი ფერმიდან თანამედროვე სტანდარტების ფერმა აამუშავეთ, ოღონდ თანადაფინანსებით, თანხის ნაწილი თქვენ უნდა ჩადოთო. დანარჩენი, ანუ 100 ათასი ლარი, მე და ჩემმა კომპანიონმა როგორღაც შევაგროვეთ.

ფერმის თითოეული დეტალი, თითოეული დანადგარი ისეთი პასუხისმგებლობით შევარჩიეთ, პატარა ნიუანსიც არ გამოგვრჩენია. შევარჩიეთ თანამედროვე თურქულ-გერმანული რძის ხაზი და რძის ნაწარმისთვის საჭირო სადისტრიბუციო მანქანა, ისეთი, რომ სოფლებიდან წამოღებისას რძემ ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს. რემონტიც ისეთი გავაკეთეთ, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. რძეს მხოლოდ კოოპერატივის წევრებისგან არ ვიბარებთ - ვისაც სურვილი ექნება და რძის მოწველისას ჰიგიენურ ნორმებს დაიცავს, უარს არავის ვეტყვით. პირიქით, გვინდა წარმოება გავაფართოოთ და იმერეთის არცთუ მდიდარ სოფლის მოსახლეობას გვერდით დავუდგეთ.

- როგორ ამუშავებთ რძეს ამ საწარმოში?

- უპირველესად, საჭიროა, დაცული იყოს რძის უვნებლობის სტანდარტები - სოფლებიდან ტრანსპორტირებით დაწყებული, ქარხანაში სრული გადამუშავებითა და ყველის ამოყვანით თუ მაწვნის შედედებით დამთავრებული. რძის შენახვა ნებისმიერ ტემპერატურაზე მოწველიდან ორი საათის განმავლობაში შეიძლება, მერე აუცილებლად მაცივარშია გადასატანი. საწარმოში მოტანისთანავე რძეს სპეციალური ხელსაწყოებით ვამოწმებთ. ვადგენთ, შეიცავს თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიშ ბაქტერიებს. პირველი საფეხური რძის პასტერიზაციაა, რა დროსაც იხოცება რძის შემადგენელი არასასარგებლო, დაავადებასაშიში ბაქტერიები. შემდგომ სპეციალური დანადგარებით რძის მთელ მასაში თანაბრად ვანაწილებთ ცხიმებს, რათა, მაწონი იქნება თუ არაჟანი, ცხიმი თავზე არ მოიყენოს. ამით პროდუქტი გემრიელი ხდება, სპეციფიკური და სასიამოვნო გემო ეძლევა. გვაქვს ასევე ყველის ამოსაყვანი ტექნოლოგიები და მისი შესანახი თაროები, რომელთა სისუფთავე მაქსიმალურად არის დაცული. ვამაყობ საწარმოს პროფესიონალი და ერთგული პერსონალით. მათზე დაყრდნობა შეიძლება. გაფართოების მერე პერსონალის რაოდენობასაც გავზრდით და მაშინაც პროფესიონალებს შევარჩევთ.

- სამწუხაროდ, არ ხდება პირუტყვის სრულფასოვანი სელექცია. პირუტყვი საძოვარზე მრავლდება, რითაც ჯიშებიც კნინდება და მათი წველადობაც. როგორც ცნობილია, დღეს იმერული პირუტყვის წველადობა მცირეა - დაახლოებით 8-10 ლიტრი. ეს რძის ჩაბარების რაოდენობაზე არ მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს და სწორედ ამიტომაც ვაგროვებთ რაც შეიძლება მეტი ოჯახიდან რძეს. დღეში დაახლოებით 200-300 ლიტრის შეგროვებას მაინც ვახერხებთ. სანამ ჯიშები გაუმჯობესდება, ხალხმა მანამდე ხომ უნდა იარსებოს. თუმც კი ერთ რამეს ვიტყვი -

ჯერჯერობით მაინც უჭირთ გლეხებს კოოპერატივებზე მინდობა. ალბათ იმიტომ, რომ ახალი ხილია და ურჩევნიათ, ყველი თუ რძე დამოუკიდებლად გაიტანონ ბაზარზე. ისე, თუ გინდა, რომ გენდონ, შენც სანდო უნდა იყო და კარგად იმუშაო.

- ახლა იმერული ყველის განსაკუთრებულ თვისებებზეც მითხარით. სახაჭაპურედ მაინცდამაინც მას რატომ ირჩევენ?

- იმერული რძე ნაკლებცხიმიანია და გამოცხობისას ისე არ დნება და "ქრება" ყველში, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ცხიმიანი ყველი. ასეთ შემადგენლობას კი ჩვენებურ ყველს ჩვენებური ბალახი აძლევს, რომელიც რძეში შემავალი ნივთიერებების კონცენტრაციას განაპირობებს. სულ ეს არის იმერული ხაჭაპურის "საიდუმლო". ამასთანავე, ამ მიზეზით არა მხოლოდ იმერული ყველია გემრიელი, არამედ მაწონიც, ხაჭოცა და არაჟანიც, რომლებსაც ჩვენში ნაკლებად იცნობენ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენს ქარხანაში ეს პროდუქტებიც დავამზადოთ და ამისთვის ბევრს ვიშრომებთ. ისე კი, ქართული ყველი ყველა კუთხეში გემრიელია და რაც მეტად მოვუვლით პირუტყვსაც და ყველსაც, მით უფრო დადგება ჩვენი ქვეყანა ფეხზე. ამას აქამდეც ვაკეთებდით, მაგრამ დღეს საზღვრები გაიხსნა და ამ საქმეში ცოდნის გაღრმავება შეგვიძლია.

ეთერ ერაძე