ქართული ჩაის ფრანგული გემო
31-10-2016
ქართული ჩაის ფრანგული გემო
ნატალია ფარცხალაძე: "19 სახეობის არომატული ბალახი მოგვყავს"

"სათბურში ჯერ ჩითილები გამოგვყავს, გაზაფხულზე კი გრუნტში გადაგვაქვს. პირველ შრობას ივნისის ბოლოდან ვიწყებთ. სპეციალურ ოთახში სტელაჟებზე ვაწყობთ და ტემპერატურას ვურჩევთ..."


ნატალია ფარცხალაძეს რამდენიმე პროფესია და სამეცნიერო თუ საჯარო სამსახურებში­ მუშაობის გამოცდილება აქვს. ბოლოდროინდელ საქმიანობაში საფრანგეთში ცხოვრება, კერძოდ, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი დაეხმარა... დღეს ნატალიას კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში ბალახები მოჰყავს, რომელთაგან სასარგებლო და არომატულ ჩაის ამზადებს.

- საფრანგეთის სამხრეთში ჩემი და ცხოვრობს ოჯახით.
ძალიან სასიამოვნო გარემოა - გამოხვალ აივანზე და დაინახავ, მაგალითად, ლავანდის ან ვარდის მინდორს. ჰაერში სხვადასხვა მცენარის სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. იქაურობა ამქვეყნიურ სამოთხეს ჰგავს. სწორედ იქიდან ჩამომქონდა გემრიელი ჩაი, მაგალითად,­ ცაცხვის, მელისას, ცოცხანას­ (ვერბერა), პიტნის. იქ იყიდება როგორც ცალკე ჩაის პაკეტები, ასევე სხვა­დასხვა კომპოზიციაც, ანუ ერთმანეთში
არეული არომატები. ყველაფერი ლამაზად არის შეფუთული. თავიდან ამას ისე ვუყურებდი, როგორც ტურისტულ სუვენირს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამომქონდა. ერთხელაც, საცდელად თესლები ჩამოვიტანე, ჩემს სოფელში დავთესე და ლავანდა და როზმარინი იოლად ამოვიდა.

- თქვენი გვარი ქართლიდან არ არის. ამ სოფელში როგორ მოხვდით?

- სოფელი არასდროს გვქონია. 80-იან წლებში სამსახურებში სააგარაკო მიწის ნაკვეთებს არიგებდნენ და მამას ერგო ლავრისხევში პატარა ნაკვეთი. სოფელში სულ რამდენიმე ოჯახია და ზამთარში იქაურობა თითქმის იცლება.
მივხვდი, რომ ლავრისხევში საუკეთესო­ გარემო იყო იმ ბალახეულისთვის, რაც დავთესე. პატარა პროექტი დავწერე, 7 ათასი ევროს ფარგლებში, და გავიმარჯვე.

- ჩანაფიქრი ასეთი გქონდათ­ - საკუ­თარ მიწაზე ბალახეული ჩაის მინიწარმოების შექმნა ჩაის მოყვანის სრული ციკლით?

- დიახ და მამაჩემის ძველი სახლი გავაცოცხლეთ, საწარმოდ გადავაკეთეთ,­ წესების დაცვით გავარემონტეთ. იქ ახლა მიმდინარეობს შრობა, დაკალიბრება, დაკ­უპაჟება და შეფუთვა. პროდუქტი ყველა­ ეტაპს გადის პირველადი წარმოებიდან ბრენდამდე. გვაქვს ბაღი წვეთოვანი მორწყვით, სადაც 19 სახეობის არომატ­ული ბალახი მოგვყავს.

- ამ ყველაფერს ცოდნა სჭირდება. სად ისწავლეთ მცენარეების მოშენება?

- საფრანგეთშიც და აქაც არაერთ ფიტოფარმაცევტთან გავიარე კონსულტაცია.­ ბევრი ლიტერატურა წავიკითხე, ინტერნეტშიც უამრავი ინფორმაციაა. მაინტერესებს ეთნობოტანიკური კვლევებიც, მაგრამ ფიტოისტორიულ მასალას ჯერ ვერ მივაკვლიე - საბჭოთა კავშირმა ეს სფერო გაანადგურა. ამასობაში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი... მცენარეები ჯგუფებად არის დაყოფილი და თითოეულს თავისი აქტიური თვისებები აქვს: მატონიზებელი, სედატიური, ანტისეპტიკური, ანტისტრესული. მათგან კომპოზიციებს ვქმნი. ყურადღება თავიდ­ანვე გემოვნური თვისებების წინ წამოწევას მივაქციე.

- მცენარეთა თესლები უცხოეთიდან ჩამოგაქვთ?

- დიახ, საფრანგეთიდან. მინდოდა, ბაზარზე სრულყოფილი პროდუქტით შემოვსულიყავი და ამისთვის კომპოზიციები საგანგებოდ შევქმენი. ცხრა კომპოზიცია გვაქვს - გამათბობელი, გამაგრილებელი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, რომანტიკული და სხვ.

- რამდენი ადამიანი მუშაობთ?

- ხუთნი ვართ. მე ზაფხულიდან ოჯა­ხით იქ ვარ, სანამ არ აცივდება. სათბურში ჯერ ჩითილები გამოგვყავს,­ გაზაფხულზე კი გრუნტში გადაგვაქვს. პირველ შრობას ივნისის ბოლოდან ვიწყებთ. გაშრობას 4-5 დღე უნდა. სპეციალურ ოთახში სტელაჟებზე ვაწყობთ და ტემპერატურას ვურჩევთ, ვენტილაცია ჰაერით ხდება, ბუნებრივად, ტექნოლოგიურად არ ვერევით. შემდგომ უკვე გამშრალ ბალახს ნარმაში ვაგროვებთ. კუპაჟირებამდე ორ სხვადასხვა კალიბრის საცერში ვატარებთ­. მერე ვწონით და ვფუთავთ. ყველაფერს ხელით ვაკეთებთ.

- საქმეში თქვენი შვილებიც არიან ჩართული?

- კი, 13-ის, 10-ისა და 8 წლის სამი ბიჭისთვის ეს "ბიზნესია". მინდორში მიდიან, თან სეირნობენ და თან მინდვრის მცენარეებს აგროვებენ. კალათებს ტარიფები აქვს: დიდი 3 ლარი ღირს, პატარა კალათა - 1 ლარი. თავშავა სულ მათი დაკრეფილია. მიაქვთ პატარა მაკრატელი და ყვავილის გვირგვინებს ჭრიან. სხვათა შორის, ამაში სოფლის სხვა პატარებიც არიან ჩართული. ოღონდ, ყველას ვასწავლე, როგორ უნდა იმუშაონ, რომ მინდ­ორში ბიომრავალფეროვნება არ გაანადგურონ. ერთ ადგილზე იღებენ დაახლოებით 30%-ს, დანარჩენს ტოვებენ და სხვაგან გადადიან.

- სოფელი გამოგიცოცხლებიათ...

- დიახ, დღეს ისეა გამოცოცხლებული იქაურობა, ვერ წარმოიდგენთ. რაც მთავარია, საქმეში ჩართულ ადამიანებს­ იმედი და სტიმული გაუჩნდათ. მარტო ლაურასთვის, ჩვენი კოოპერატივის წევრისთვის, ღირდა ამ ყველაფრის წამო­წყება. ისეთი ბედნიერია, მის ცხოვრებას აზრი მიეცა. სხვათა შორის, ამ სფეროში შეიძლება ბევრი ადამიანი დასაქმდეს. პროექტის მიზანი ისიც იყო, რომ წარმოების სრული ციკლი მომეცვა. მუჭა-ნახევარი მარცვლით დაიწყო ყველაფერი, ეს მუჭა-ნახევარი იდეად გაიყიდა და მოიმკო ლამაზი ბრენდი, რომელსაც სახელიც შევურჩიე. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ წარმოების გაზრდა-გაფართოებაზე.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები