"კაცისთვის იმაზე დიდი სიამოვნება რა არის, როცა შენს დარგულ ხეს ეფერები" - "ალილოს" მომღერლის წალკოტი ბროწეულაში - კვირის პალიტრა

"კაცისთვის იმაზე დიდი სიამოვნება რა არის, როცა შენს დარგულ ხეს ეფერები" - "ალილოს" მომღერლის წალკოტი ბროწეულაში

"არეულობის წლებში, თბილისში პურის რიგები რომ იდგა, აქ კარგი "გლეხური ფეჩიც" გვედგა, სადაც ხაჭაპურსა და პურს ვაცხობდით. სახლიდან გასვლა არაფრისთვის არ გვჭირდებოდა. დილით საბუდრიდან 30 კვერცხი გამოგვქონდა..."

"ადრე ამ ფერდობებზე ბევრი ბროწეული ხარობდა. მერე, ხალხმა დასახლება რომ დაიწყო, ბროწეულები გაიჩეხა, თუმცა, ძველი სახელი - ბროწეულა შემორჩა... ამ ადგილს ულეველიც რქმევია. საუკუნეების წინ, მარტყოფის ველზე, ბრძოლები მართლაც არ ილეოდა... ჰოდა, ეს ბრძოლის ველი გასულ საუკუნეში სააგარაკე ნაკვეთებად დაიყო, სადაც კინოსტუდიის თანამშრომლები დასახლდნენ", - გვეუბნება გია დავითიანი, ანსამბლ "ალილოს" პირველი ხმა და "ქუჩის მუსიკოსების" წევრი.

გია მაყურებელს საკუთარი ხელოვნებით სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი დიდი მეურნეა, აქვს თავისი ხელით გაშენებული ბაღ-ბოსტანი...

- ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში ვმუშაობდი (პროფესიით ზოოტექნიკოსი ვარ), ხშირად ფანჯრიდან აქაურობას ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. თან, ვხედავდი, რომ ამ ტერიტორიაზე სახლები სოკოებივით მრავლდებოდა. ერთხელ ვიკითხე, - რა ადგილია-მეთქი? სააგარაკე ფართობია და ძირითადად კინოსტუდიის ხალხი სახლდებაო. აქ აგარაკები ჰქონდათ იპოლიტე ხვიჩიას, რეზო ჩხეიძეს...

ერთხელაც, მანქანით რომ ამოვიარე და ეს ფერდობი კიდევ უფრო მომეწონა, დავინტერესდი, მიწა ხომ არ იყიდება-მეთქი.

ამ ადგილმა, სადაც ახლა ჩემი აგარაკია, განსაკუთრებულად მიმიზიდა, რადგან ხეობის თავზეა. გამიმართლა, ადგილი, რომელიც ძალიან მომეწონა, იყიდებოდა და მაშინვე შევიძინე - 1500 კვმ მიწის ფართობი 600 მანეთად. 80-იანი წლების ბოლო იყო. იმ დღიდან შრომაში ჩავები. 4-5 წელია, რაც სახლის მშენებლობა და რემონტი დავასრულე. თუმცა, აქ გასაკეთებელს რა გამოლევს?

ეზოში 800 ძირი ტუია მაქვს, უკვე კარგი ბუჩქნარია, რომელსაც სპეციალური მაკრატლით ვამუშავებ. 100 ძირი ნაძვი საკუთარი ხელით დავრგე... მაქვს ყურძნის ტალავერი და სუროს ხეივანი, სადაც სხვადასხვა ფერის - ყვითელი, ჭროღა, ბორდოსფერი, წითელი ვარდები ხარობს. მაისში ულამაზესი სანახავია...

შარშან, შემოდგომით, ნუშები დავრგე. გაიზრდება და მათ ნახვას არაფერი აჯობებს. მოვაშენე შინდიც, მსხვილნაყოფიანი ალუბალიც, ჭერამიც და კიდევ უამრავი ხე, რომლებიც კარგად ხარობს.

- აქ მუდმივად ხართ?

- ზაფხულში კი. აუზიც გვაქვს, მაგრამ აქ დასვენებაზე მეტად მუშაობა მომწონს. აქაურობა ჩემს შვილებსაც უყვართ. ფანჩატურში მაგიდა გავაკეთე, აქ დროს ტარებას არაფერი სჯობს და მეგობრები ხშირად ვიკრიბებით. გიტარა და კარგი სიმღერაც ჩვენზეა...

- რეპეტიციებისა და კონცერტების პარალელურად ახერხებთ შრომას?

- კვირაში ორ დღეს მაინც მოვდივარ. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, ფიზიკურად და მორალურად ისვენებს კაცი. თან ეკოლოგიურად სუფთა გარემოა...

- პლეხანოვზე გაზრდილს მიწისა და მეურნეობის ასეთი სიყვარული როგორ გაგიჩნდათ?

- მეგობარი მყავს, ზაზა ნატროშვილი, ერთად გავიზარდეთ. მის ოჯახს ზაჰესში აგარაკი ჰქონდა. ზაზას მამა, ბატონი დავითი, ხშირად მეპატიჟებოდა იქ. ძალიან მომწონდა იქაურობა. ბავშვობიდან ვნატრობდი, მეც მქონოდა სადმე ისეთი ადგილი, სადაც ჭიშკარს გავაღებდი, შევიდოდი და ვიმუშავებდი, დავისვენებდი. კურო ვარ ზოდიაქოთი და მიწის სიყვარული და მიწასთან შრომა ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია. მიწის სუნიც კი მიყვარს. როცა ვბარავ, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ...

- შეისწავლეთ ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები?

- ხეხილის გასხვლა, შეწამვლა, მყნობა, ვაზის გაფურჩქნა. ეს ყველაფერი დაბადებიდან არავის დაჰყოლია. აგრონომიულ ლიტერატურას ვკითხულობდი, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხებოდი და ყველაფერში ნელ-ნელა გავერკვიე. ჩემს ბაღ-ბოსტანს თვითონ ვუვლი, ვიცი, რომელმა ხემ რომელი ტოტი როდის გამოიტანა.

პროფესიითაც ზოოტექნიკოსი რომ ვარ, ესეც სოფლის საქმეებისგან შორს არ არის. ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში 15 წელიწადს გახლდით განყოფილების გამგე.

მიყვარს, როცა ეზოში ქათმები დადიან, მაინც მეფრინველე ვარ და აქ ქათმების მომრავლებასაც ვაპირებ. ერთ დროს ამ ეზოში 50 ფრთა ულამაზესი ფრინველი დაგოგმანებდა. თუ სადმე ლამაზ ქათამს ვნახავდი, მომყავდა. მინდა, ამ საქმეს ისევ დავუბრუნდე.

ისე, მე და ჩემი ცხონებული მეუღლე ბავშვებთან ერთად, ადრეულ წლებში აქ ახალ წელსაც ვხვდებოდით. გვყავდა ძროხა, რომელმაც 2 ხბო მოიგო. ჩვენ ვუვლიდით, ამოგვყავდა ყველი, ვდღვებდით კარაქს, გვქონდა ნადუღი. გვყავდა ინდაურებიც.

არეულობის წლებში, თბილისში პურის რიგები რომ იდგა, აქ კარგი "გლეხური ფეჩიც" გვედგა, სადაც ხაჭაპურსა და პურს ვაცხობდით. სახლიდან გასვლა არაფრისთვის არ გვჭირდებოდა. დილით საბუდრიდან 30 კვერცხი გამოგვქონდა...

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ დარგული?

- არის უწიპწოც, თეთრი, შავი ყურძენი, რქაწითელის მსგავსი, თითა, ალადასტური. ძირითადად სადესერტო ყურძნის ჯიშებია. ვკრეფ და მერე კალათებით შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს ვურიგებ...

- ყურძენს არ წურავთ, თუმცა ბუხრიანი მარანი კი გაქვთ...

- სახლს მარანიც უხდება... დიდი სახლები არ მიყვარს, იმხელა სახლი მაქვს, რაც ჩემს ოჯახს საცხოვრებლად ჰყოფნის.…

50 წელს გადაცილებული კაცისთვის იმაზე დიდი სიამოვნება რა არის, როცა შენს დარგულ ხეს ეფერები, როცა საკუთარ ეზოს ყურადღებას აქცევ. შრომას რომ გასწევ, ხიდან ნაყოფს მოწყვეტ და დააგემოვნებ.

არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მაღელვებს და მინდა, რომ ყოველთვის აქ ვიყო, რაღაცას ვაკეთებდე, ვმუშაობდე, ვრგავდე... ძალიან მიყვარს ყვავილების მორწყვაც. დილას რომ ვიღვიძებ და ყველაფერი გაფურჩქნილი მხვდება, მწვანდება, სურნელებას აფრქვევს, სულს მიხარებს. ყველა ვურჩევ, იშრომონ, ეს ენერგიას შეგმატებთ და გაგახალისებთ.

ლალი ფაცია