"ადამიანს საქმის უსიყვარულობა ღლის" - კვირის პალიტრა

"ადამიანს საქმის უსიყვარულობა ღლის"

"დღეს მთავარი საზრუნავი კვალიფიციური მუშახელია"

მიხეილ სულაქველიძე "კვირის პალიტრის" იღბლიანი მკითხველი აღმოჩნდა. მან ცოტა ხნის წინ უნიკალურ პროექტში ("ქართული მონეტების ოქროს კოლექცია") ნამდვილი, ოქროს 16-გრამიანი მონეტა მოიგო. გაირკვა, რომ იგი 1995 წლიდან ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველია და ყოველ ახალ ნომერს მოუთმენლად ელოდება. ბატონი მიხეილი სამტრედიელი გახლავთ, ისტორიის მასწავლებელია და წლებია, მეურნეობასაც მისდევს. ახლა იგი სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება.

- მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველა ფიქრობდა, რომ აგრონომი გამოვიდოდი, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტი ავირჩიე. ისტორიკოს-არქეოლოგი ვარ, სკოლაში ისტორიას ვასწავლი, თუმცა დიდი ხანია, მეურნეობას მივდევ. მე და ჩემმა მეგობარმა მარცვლეულის მოყვანით დავიწყეთ. დღესაც მოგვყავს სიმინდი, სოია.

- მაინცდამაინც მარცვლეულის მოყვანა რატომ გადაწყვიტეთ?

- ძლიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია მარცვლეული და ენერგომატარებლები. კარგია ყურძენი, მანდარინი, ჩაი, მაგრამ ადამიანს, უპირველესად, პური სჭირდება. რამდენიმე წელია, თურქეთში გამოფენებში ვმონაწილეობ, სიახლეებს ვეცნობი. 2009 წელს პირველად საცდელად ჩამოვიტანეთ პომიდვრის, საზამთროს, ნესვის ნერგები, წვეთოვანი სისტემებიც პირველად მაშინ დავამონტაჟეთ. ექსპერიმენტმა გაამართლა -ყველაფერმა გაიხარა.

ჩვენთან ძველი ცოდნა მივიწყებულია, ახალს კი არ ვიძენთ. ნამყენი ნერგები რატომღაც ყველას გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული ჰგონია, არადა, განსხვავება დიდია.

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს პედაგოგობასა და მეურნეობას?

- ყველაფერს ვასწრებ. სამტრედიაში მაღაზიები მაქვს, იმასაც მიხედვა უნდა... და დღეში 50 გვერდის წაკითხვასაც ვახერხებ. თუ საქმე გიყვარს, მისი კეთებისას არ იღლები. მგონია, რომ ადამიანს სიზარმაცე და საქმის უსიყვარულობა ღლის. ხანდახან მეკითხებიან, ბავშვებთან ურთიერთობას როგორღა ახერხებო. უპირველესი ჩემთვის ბავშვებია. დილით სკოლაში რომ მივდივარ და მათ ვხედავ, ენერგიით ვივსები.

- ბოსტნეული ღია გრუნტში მოგყავთ თუ სათბურში?

- პომიდორი, საზამთრო, ნესვი ღია გრუნტში მქონდა, საზამთრო და ლობიო კი სათბურშიც მოვიყვანე. თურქეთიდან ამ კულტურების 1 ტონა თესლი ჩამოვიტანეთ და უხვი მოსავალი მივიღეთ. არც გენმოდიფიცირებულია და არც -ჰიბრიდი.

- რამხელა ფართობზე გაქვთ მეურნეობა?

- სულ 43 ჰექტარია... სოიის მოსავალი ჯერ არ აგვიღია. კარგი ჯიშია. თურქეთში ჰექტარზე 5-7 ტონა მოდის. გვაჩვენეს, როგორ გამოჰყავთ ეს ჯიშები. პირველ ჯერზე 3 ტონაც რომ ავიღო, კმაყოფილი ვიქნები. სიმინდს 7-8 ტონას ვიღებ... მქონდა თეთრი "პიონერის" თესლი და 10,5 ტონა მოვიდა.

ისეთი მიწები გვაქვს, თურქეთს არაფრით ჩამოუვარდება, არადა, თურქეთიდან საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოდის!

ყველამ უნდა ნახოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და მის ბიოგრაფიას გაეცნოს! მის დროს დასავლეთ საქართველოდან დიდ ბრიტანეთში კვერცხი გადიოდა, ჩვენ კი სახელმწიფოს მივჩერებივართ, რას გადმოგვიგდებს.

- კოოპერატივის შესახებაც გვიამბეთ.

- მე და ჩემმა მეგობარმა 2015 წელს კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ. ხუთნი ვართ. არ გვინდა, მუშახელი დავიქირაოთ, რადგან ქვეყანაში არაკვალიფიციური მუშახელია, თან ძვირიც ჯდება. თითქმის ყველაფერს ტექნიკით ვაკეთებთ. წელს გრანტისთვის პროექტი დავწერეთ და ტრაქტორი მოგვცეს. უცხოურმა ორგანიზაციებმა 15.000 ევროთი დაგვაფინანსა.

- დღეს მთავარი საზრუნავი რა გაქვთ?

- კვალიფიციური მუშახელი. საქმე არ იციან, მხოლოდ ფულისთვის მუშაობენ.

ახალი 100-ცხენისძალიანი ტრაქტორი გვაქვს, მაგრამ მექანიზატორი არ გვყავს. ვისაც უნდა ვუთხრათ, ყველა დაჯდება, მაგრამ უცოდინარობის გამო მოსპობს. ვინც ამ საქმეს აკეთებს, ტექნიკა უნდა უყვარდეს. ახლა ვეძებთ ახალგაზრდას, რომ გავზარდოთ, ფულიც გადავუხადოთ, ჩვენც წინ წავიდეთ და ქვეყანაც...

ლალი ფაცია