ქართული ყველის ზეიმი - კვირის პალიტრა

ქართული ყველის ზეიმი

"წარმოდგენილი გვაქვს საფერავში და თეთრ ღვინოში დაძველებული და სუნელებში, წიწაკით და პიტნით შეზავებული ყველი"

წლეულს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რიგით მეათე ყველის ფესტივალს უმასპინძლა. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი ქართული ყველის პოპულარიზაცია და საუკუნეების განმავლობაში დაკარგული სახეობების აღორძინებაა. გასულ წლებთან შედარებით, ფესტივალზე წარმოდგენილი ყველის სახეობები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო და კერძო ფერმერთა რაოდენობაც გაიზარდა.

ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი: - 60-ზე მეტი ახალი სახეობის ყველია წარმოდგენილი და 45-ზე მეტი ფერმერი მონაწილეობს. ქართული ყველის ბევრი სახეობა მივიწყებული იყო და ახლა მათი "გაცოცხლება" ხდება. ტურისტები გაკვირვებული არიან ყველის ხარისხით.

ანა მიქაძე ქართული ყველის წარმოშობის ასაკს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ თიხის ნამუშევრებს უკავშირებს. მცხეთაში, არქეოლოგიის მუზეუმში 28 საუკუნის თიხის საყველე ჭურჭელი ინახება. ამ ჭურჭლის სრულყოფილი ფორმა მიუთითებს, რომ ეს კულტურა საქართველოში კიდევ უფრო ძველია.

ანა მიქაძე, პროექტ ""ქართული ყველის"" ხელმძღვანელი: - ყველის შესახებ ინფორმაცია რომ მოგვეპოვებინა, სოფელ-სოფელ დავდიოდით, ვეძებდით... კალტი, ჩოგი, დამბალხაჭო, ტენილი... ეს ყველის სახეობებია. წლეულს ყველის 101 სახეობა წარმოვადგინეთ. სულგუნის ბაზაზე, იმერულის ბაზაზე, დამბალხაჭოს ბაზაზე, ევროპული ტექნოლოგიით და ა.შ.

ფესტივალზე სტუმრები, ყველის უძველესი სახეობების დაგემოვნების გარდა, მათი დამზადების პროცესსაც გაეცნენ.

მარიამ ხუცურაული, კოოპერატივ "სანათას სახლის" წარმომადგენელი: - სპეციალიზებული ვართ დამბალხაჭოს წარმოებაზე და წარმოდგენილი გვაქვს მისი პირველადი პროდუქტი - ერბო. ფრანგმა მკვლევრებმა აღიარეს, რომ ფშაურ პროდუქტს - დამბალხაჭოს - მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება.

წითელი ღვინო რომ იდეალურად ეხამება ყველს, ამაზე არავინ დაობს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კასპელმა ფერმერმა ღვინოში დაძველებული ყველის წარმოება დაიწყო.

ირმა გოგობერიძე, ფერმერი: - ჩვენ ვაწარმოებთ თხის ყველს. წარმოდგენილი გვაქვს საფერავსა და თეთრ ღვინოში დაძველებული და სუნელებში, წიწაკითა და პიტნით შეზავებული ყველი. გაგებული მქონდა ამ ტექნოლოგიის შესახებ, მაგრამ დამზადების წესი თავად შევიმუშავე. გავაკეთე ოჯახური მეურნეობა, დავიწყე წარმოება და უკვე მეოთხე წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული.

ფესტივალზე მისულ უამრავ დამთვალიერებელს შორის ტურისტებიც მრავლად იყვნენ.

სვეტლანა პერტე, რუმინელი ტურისტი: - 10 წლის წინ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ქართველების ოჯახში მოვხვდი და ქართული ყველი პირველად მაშინ გავსინჯე. ეს იყო შებოლილი სულგუნი და მისი გემო ახლაც მახსოვს. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში და არ ვუშვებ შანსს, გავსინჯო თქვენი ყველის სხვადასხვა სახეობა. ყველა ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც სულგუნია.

ნინო წიფურია