"ჰუმანური" კრავიჭამია
14-11-2016
"ჰუმანური" კრავიჭამია
"ბატკანძერი ცოცხალარსებას არ მიეკარება, ელოდება, როდის მოკვდება და ამის შემდეგ მხოლოდ მისი ძვლებით ნაყრდება"

კრავიჭამია - ასე უწოდებენ საქართველოში ფრინველს, რომელსაც მრისხანე გამომეტყველება, ბრიალა თვალები და ოქროსფრად შეფერილი ლამაზი გულისპირი აქვს. კრავიჭამიას სხვა სახელებიც აქვს, თუმცა მეცნიერები მას ბატკანძერად მოიხსენიებენ. ამ მშვენიერ ფრინველზე გვიამბობს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარ-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

ტერიტორიის კონტროლი

სახელი "კრავიჭამია" უფრო ბარად და ლიტერატურულ თხზულებებში გვხვდება, მთაში ამ ფრინველს ყაჯირსაც ეძახიან. სახელის მიუხედავად, ცოცხალ ბატკნებს არ ჭამს,
არადა, ყოველთვის ეგონათ, რომ ეს ფრინველი ბატკნებითა და ციკნებით იკვებებოდა. ორნითოლოგებს ბატკანძერი ხშირად უნახავთ ავადმყოფი ან მომაკვდავი ბატკნის გვერდით, რომელიც ფარას ჩამორჩა, მაგრამ ცოცხალ არსებას არ მიეკარება, ელოდება, როდის მოკვდება და ამის შემდეგ მხოლოდ მისი ძვლებით ნაყრდება. ბატკანძერი ბინადრობს წინა აზიის მთებსა და კავკასიაში, ასევე
- ალპებსა და ჰიმალაის მთებში. ბატკანძერები სამხრეთ აფრიკაშიც ბინადრობენ, მაგრამ მათი რიცხვი ყველგან ცოტაა. ამ ფრინველს სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ ბატკანძერების ერთი წყვილი ხშირად უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებს - შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდს დედამიწაზე გავრცელებულ ფრინველებს შორის.

ყველაზე მეტი ბატკანძერი დიდ კავკასიონზე გვხვდება, კერძოდ, თუშეთში, ხევსურეთსა და ყაზბეგში, ასევე მცირე კავკასიონსა და ივრის ზეგანზე. დიდ კავკასიონზე 10-დან 20 ბუდემდეა, ხუთამდე ბუდეა აღრიცხული მცირე კავკასიონზე. ფრინველი მტკვრის ხეობაში, ვარძიასთან ახლოსაც ბინადრობს და ხრამის ხეობაშიც.

ბატკანძერის ფრთების შლილი ხშირად სამ მეტრს აღწევს და სვავსა და ორბთან ერთად, ეს ფრინველი საქართველოში რეკორდსმენია. ბატკანძერი 5-7 კგ-ს იწონის.

"ძვალიყლაპია"

დედალი ბატკანძერი ტანით უფრო დიდია, ვიდრე მამალი. მათი ბუმბული ღია მოთეთრო ფერისაა მუცელზე, მკერდსა და თავზე,­ მაგრამ რადგან ფრინველს რკინითა და გოგირდით მდიდარ წყლებში უყვარს ბანაობა, საქართველოში კი ასეთი­ ადგილი­ ბევრია, ბუმბული ოქროსფერ შეფე­რილობას იძენს. ხშირად გვინახავს, როგორ ბანაობენ ბატკანძერები. როცა ბუმბულს იცვლიან, ან მათ საბინადროსთან­ გოგირდიანი წყლები არ არის, მაგალითად­ ზოოპარკში, ბუმბული მთლიანად თეთრი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ბატკანძერი ნაკლებად­ ეტანება ხორცს და უმეტესწილად ძვლებით იკვებება. ორბებისა და სვავებისგან განსხვავებით, ბატკანძერები წყვილებად ცხოვრობენ და არა - ჯგუფებად, ამიტომ მათთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ. თუმცა, ძლიერები არიან და დიდი ჩლიქოსნების ძვლების აწევაც კი შეუძლიათ. კრავიჭამია ენერგიას ძვლის ტვინიდან იღებს: ძვალი მაღლა, კლდის წვერზე ან მთებში ააქვს და იქიდან აგდებს გასატეხად, რათა ძვლის ტვინს მისწვდეს. ამისათვის საყვარელი ადგილებიც აქვთ შერჩეული. თუ ასეთ ადგილს აღმოაჩენთ, შეგიძლიათ ხშირად დააკვირდეთ ამ შთამბეჭდავ სანახაობას. ბატკანძერი ძვლებს მთლიანადაც ყლაპავს, ზოგჯერ უზარმაზარ ძვლის ნატეხებსაც, მერე ეს ძვალი ნისკარტიდან აქვთ გამოჩრილი და ასე დაფრინავენ. საჭმლის მომნელებელი სისტემა იმდენად ძლიერი აქვს და მჟავიანობაც იმდენად მაღალია, რომ ყველაზე დიდ ძვლებსაც კი ინელებს. სხვათა შორის, ამ ფრინველის უახლოესი ნათესავია ფასკუნჯი, რომელსაც მსგავსი თვისება ახასიათებს.


როცა მესამე ზედმეტი არ არის

ბატკანძერი იმითაც არის გამორჩეუ­ლი, რომ ბუდობას იანვარში იწყებს. კვერცხზე დიდხანს - 35-60 დღე ზის და მართვეების აღზრდაც ძალიან დიდხანს გრძელდება. საინტერესოა, რომ დედალთან ერთად, მამალი ბატკანძერიც კრუხობს და ბუდეში მორიგეობით სხედან. ბარტყი რომ გამოიჩეკება, ბუდეში 100-110 დღეს რჩება. კრავიჭამიები ერთ ან ორ კვერცხს დებენ, მაგრამ ორი ბარტყიდან ერთ-ერთი აუცილებლად იღუპება.­ დიდ მტაცებელ ფრინველებზე არსებობს თეორია, რომელსაც "სამარაგო კვერცხის" თეორიასაც ეძახიან, რომლის მიხედვით, ერთი ბარტყი ყოველთვის ჭამს მეორეს. ასე ხდება ბატკანძერების შემთხვევაშიც. მათი წყვილი სიცოცხლის ბოლომდე არ იშლება, ისინი ერთად არიან, თუმცა, თუ ერთ-ერთი მეწყვილე დაიღუპება, მას სხვა ჩაანაცვლებს. ჩვენი კვლევების დროს აღმოჩნდა და უცხოელი ორნითოლოგების კვლევებიც ადასტურებს, რომ ბატკანძერების წყვილს ზოგჯერ მესამე ფრინველიც ახლავს, რომელიც ბარტყის კვებაში მონაწილეობს. ეს, ალბათ, იმის მაჩვენებელია, რომ ერთ-ერთი მეწყვილე დაბერდა ან დასუსტდა და თუ რამე დაემართება, მესამე, ახალგაზრდა ბატკანძერი ჩაანაცვლებს. სიმწიფეს ფრინველი 5-7 წლის ასაკში აღწევს,­ რაც ფრინველებისთვის ბევრია. ამ მიზეზითაც არის, რომ ბატკანძერები მთელ მსოფლიოში ძალიან ცოტაა. მეცნიერებს ის მოწყვლად სახეობად მიაჩნიათ, ამიტომ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაშია შეტანილი და რაოდენობის თანდათანობითი კლებაც აშკარაა. თუმცა, საქართველოში მათი რიცხვი შედარებით მეტია. ჩვენი დაკვირვებით, აქ 30-მდე წყვილი ბინადრობს.­ ალპებში ეს ფრინველი ერთხანს სრულად გადაშენდა და სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რომელშიც ქართველი ორნითოლოგი გიორგი დარჩიაშვილიც მონაწილეობდა. პროგრამის მეშვეობით ალპებში ამ სახეობის აღდგენა მოხერხდა.


სამწლიანი თვალთვალი

ზურაბ ჯავახიშვილი: ჩვენმა ორნითოლოგებმა, გიორგი დარჩიაშვილმა და ლექსო გავაშელიშვილმა, ბატკანძერების ცხოვრების ნირისა და თავისებურებების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს. კვლევაში მეც ვმონაწილეობდი. შესასწავლ ფრინველს სატელიტური გადამცემი დავადეთ (მკითხველს ავუხსნი, რომ ის სპეციალურ ზურგჩანთაში დევს, რომელსაც ფრინველის ყელზე ამაგრებენ). გადამცემის სიგნალი ორნითოლოგებს ატყობინებს, სად იმყოფება ფრინველი. ჩვენი შერჩეული ბატკანძერის გადაადგილებას 3 წლის განმავლობაში მუდმივად ვაკვირდებოდით. ძირითადად, ის ბუდის გარშემო დაფრინავდა, მაგრამ ზოგჯერ დიდ დისტანციაზე - დაახლოებით, 100 კილომეტრის მანძილზე. თუმცა, სადაც უნდა წასულიყო, თავის ბუდეში ბრუნდებოდა. ბატკანძერი არ არის გადამფრენი ფრინველი, რაც ჩვენმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენი დაკვირვების ობიექტი დროის უმეტეს ნაწილს ყაზბეგის ტერიტორიაზე ატარებდა - ანუ იქ, სადაც ვიპოვეთ. 3 წელიწადში ძაფები, რომლითაც გადამცემი ჰქონდა დამაგრებული, როგორც ჩანს, მოსძვრა და თვალთახედვიდან დავკარგეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით