კავკასიური ბიოტოპი - მდინარე მეჯუდის ველური აკვარიუმი - კვირის პალიტრა

კავკასიური ბიოტოპი - მდინარე მეჯუდის ველური აკვარიუმი

ბუნების დაცვა, მცენარეებისა თუ ცხოველების სიყვარული და მათი მოვლა ახალგაზრდა თაობაში და საერთოდ ქართველ საზოგადოებაში უფრო პოპულარული ხდება. თევზების კოლექციონერი და საქართველოში კავკასიური ბიოტოპის შემქმნელი გიორგი ხიზანიშვილი საზოგადოებას განსხვავებულ ნამუშევრებს სთავაზობს. ის გორის რაიონში ცხოვრობს და მდინარე მეჯუდის ბიოტოპს (ცხოველთა და მცენარეთა სამყოფელი გარემოს უბანი, სადაც მეტ-ნაკლებად ერთგვარი პირობებია) ქმნის.

- ჩემი საქმიანობა აკვარიუმისტიკის მოყვარულთა საქმიანობისგან განსხვავდება. ვფიქრობ, ბუნება უფრო კარგ აკვარიუმებსა და საცავებს ქმნის. რადგან ის ყველაზე ლამაზი მხატვარია. ჩემი მთავარი საქმიანობა კავკასიური ბიოტოპის შექმნას უკავშირდება. ვიყენებ მდინარე მეჯუდას წყალს, მცენარეებს ქვიშასა და ამ მდინარეში მობინადრე თევზებს.

- რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?

- აკვარიუმისტიკით 25 წელია, დაკავებული ვარ. როგორც ამბობენ, ნამდვილი აკვარიუმისტი ორჯერ იბადება, ერთხელ ბიოლოგიურად, მეორედ კი... 13 წლის ვიყავი, როცა პირველი აკვარიუმი შევიძინე. მას შემდეგ სამხრეთამერიკული და სხვადასხვა ქვეყნის თევზები მყავდა, ახლაც მყავს ამაზონის თევზები - ნეონი და ტეტრა ამანდა. მათთვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსი მაინც უნდა იყოს, თორემ შემდეგ იმუნიტეტი ეკარგებათ. მტკნარი წყლის თევზებს კვება, განათება, ჟანგბადი და ფილტრაცია აუცილებლად უნდა უკონტროლოთ.

- რამდენი ხანია, რაც ბიოტოპების გაკეთება დაიწყეთ?

- 17 წელი ხელოვნური აკვარიუმი მქონდა. მრავალფეროვანი და ჭრელი თევზები მყავდა და აკვარიუმსაც მცენარეებით ვაფორმებდი. დროთა განმავლობაში ცოტა მოსაწყენი გახდა, ამიტომ გადავედი ბიოტოპების შექმნაზე. ახალი საქმიანობის შესასწავლად ამერიკაში წასვლა ვერ მიხერხდებოდა, ამიტომ მდინარე მეჯუდას შესწავლა დავიწყე. ბიოტოპის პირველი ნიმუში, რომელიც ვნახე, ცნობილი ფოტოგრაფისა და მეცნიერის, აივან მიკოლჯის ნამუშევარი იყო, რომელმაც შემდეგ ჩემი ნამუშევარიც ნახა და შეაფასა, რომ პლანეტის მეორე მხარეს ბიოტოპთა მსგავსი ნამუშევარი, როგორიც ჩემია, აქამდე არ ენახა. ჩემთვის ეს შეფასება ფასეულიც იყო და წამახალისებელიც.

- როგორ ქმნით ბიოტოპებს?

- მდინარე მეჯუდაში უამრავი სახის თევზია, ამიტომ მინის აკვარიუმში პირდაპირ გადმომაქვს მდინარის წყალი, აკვარიუმს ვალამაზებ მდინარეში გავრცელებული მცენარეებით. თუ ადრე სამხრეთამერიკულ და აზიურ მცენარეებს ვრგავდი აკვარიუმში, ახლა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლამაზი მცენარეები გამოვიყენე და კავკასიური ბიოტოპი შევქმენი.

ის არ არის ხელოვნურად შექმნილი, ის ჩვენი ლამაზი ბუნების ნაწილია, იმ თევზებითა და მცენარეებით, რომელიც საქართველოს მდინარეებშია გავრცელებული. კავკასიური ბიოტოპი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია, მთისა და ბარის განსხვავებული ფლორა და ფაუნა დიდი არჩევნის საშუალებას გვაძლევს. მდინარე მეჯუდის გრუნტი, ქვა თუ მცენარეები ბიოტოპს, ანუ ველურ აკვარიუმს განსაკუთრებულ სილამაზეს აძლევს.

ეკა გადახაბაძე