ალღოიანმა თუშმა "გულში ამოჭრილი" სურვილი აისრულა - კვირის პალიტრა

ალღოიანმა თუშმა "გულში ამოჭრილი" სურვილი აისრულა

ქვემო ალვანში გამრჯე ფერმერი გოგი ელანიძე ცხოვრობს. მომხიბლა მისმა წარმატებისთვის აუცილებელმა ალღომ. ამას ისიც ემატება, რომ დამოუკიდებლად დადგა ფეხზე - სამწუხაროდ, სახელმწიფომ მისი დახმარება ვერასდროს მოახერხა. დღეს კი თავისი შრომით ზემოალვანელი ფერმერი 1-1,5 ტონა თაფლსა და ტონობით ხურმას აწარმოებს, რაც კონტეინერებით გადის საზღვარგარეთ. რაც შეეხება მეცხოველეობას, ბავშვობიდან ცხვრის კულტურასთან ნაზიარებმა თუშმა ახლა ავსტრიიდან საკუთარი ხარჯებით ზაანური თხები ჩამოიყვანა.

- ჩვენს ქვეყანაში თხას ჯერ კიდევ არ აფასებენ, თორემ ევროპის მეცხოველეობაში განუსაზღვრელად დიდი ადგილი უჭირავს. არც არის გასაკვირი, - თხის ყველიცა და ხორციც ძროხის ან ღორის ხორცზე 3-4-ჯერ ძვირად ფასობს, რადგან გემრიელიც არის და უქოლესტერინოც. მეც ამ ამბავს დავაკვირდი და გულში ამოვიჭერი, რომ თხა უსათუოდ უნდა მომეშენებინა, მიუხედავად იმისა, რომ ის აღმოსავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული კულტურა არ არის. მართალია, დასავლეთ საქართველოში თხები მცირედ, მაგრამ მაინც ჰყავთ, მაგრამ იქიდან ალვანში თხის ჩამოყვანის იდეა მაინც სარისკო იყო. ეს ჩემ გარშემო ალვანელების პრაქტიკამაც დამიმტკიცა, - რამდენიმემ სამეგრელოდან მეგრული თხები ჩამოიყვანა, მაგრამ ადგილობრივ გარემოს ვერ შეეგუვნენ და ავადობდნენ. შედარებით გამძლე გამოდგნენ ალვანში დაბადებული თიკნები, თუმცა, მათმა წველადობამ არ დამაკმაყოფილა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ალვანში თხის ჩამოსაყვანად სამეგრელოს მთიანი სოფლები მოვიარე, იქიდან თხების წამოყვანა მაინც ვერ გავბედე და ისევ შვეიცარიულ, ზაანური ჯიშის, თხებზე დავფიქრდი. მართალია, ეს კოლოსალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მეც საკუთარი თავის გარდა გვერდით ამომდგომი არავინ მყავდა, ერთ კარგ კაცს, ზურაბ მარსაგიშვილს მაინც შევუამხანაგდი ევროპიდან თხების ჩამოსაყვანად - მას თავისთვის უნდოდა, მე - ჩემთვის და ავსტრიაში გავემგზავრეთ.

სწორედ ისეთი 5 ბოტი ჩამოვიყვანე კარგი ჯიშის თხის გასამრავლებლად, როგორიც მე მინდოდა. თითო ბოტის ჩამოყვანა 820 ევრო დამიჯდა, მაგრამ წუთით არ მინანია, რადგან ის შედეგი მივიღე, რაც მინდოდა - ჩვენებურ თხებთან შევაჯვარე და უკვე მეორე-მესამე მაკეობაზე თითქმის ისეთივე ჯიში გამოვიდა, როგორიც ზაანურია. ასე რომ, თუ მსოფლიოში არსებობს ფრანგული, გერმანული და ა.შ. ზაანური ჯიშის თხები, ჩემს გამოყვანილ თხას შემიძლია ვუწოდო ქართულ-ზაანური ჯიშის თხები.

ზაანური თხის ჯიში XIX საუკუნეში შვეიცარიის ალპებშია მიღებული, კერძოდ, მდინარე ზაანეს ხეობაში, რომლის კლიმატმა და ალპურმა საძოვრებმა დიდი როლი ითამაშა ამ ჯიშის ჩამოყალიბებაში. ზაანური თხის საუკეთესო ცოცხალი წონა 50-80 კილოგრამია, ერთი თხა 18-25 თიკანს შობს. თუმცა, ყველაზე საუკეთესო მაინც წველადობა აქვს. თუ ქართული თხა 2 ლიტრამდე რძეს იწველის, ზაანური 4-6 ლიტრს იძლევა, მერძეულობის პერიოდი კი 9-10 თვე აქვს.

კიდევ 3 წელიწადი მჭირდება, რომ ჩემი ფერმა ბოლომდე ზაანური ჯიშის თხებით გავმართო, მაგრამ არც ახლა ვემდური. თუ დასაწყისში რძეს მხოლოდ ალვანში ვყიდდი, ახლა სოფელ შალაურში თხის ყველის მეწარმესთან დავდე ხელშეკრულება, რომელიც ჩემგან ეკოლოგიურად სუფთა რძეს, ლიტრს 2,5 ლარად იბარებს, მე კი ყოველდღე დაახლოებით 50 ლიტრს ვაბარებ.

- რძიდან ნაწილი ალბათ თხის თიკნების კვებაზე მიდის.

- ჯერჯერობით დიდი ნაწილი მიდის... როცა თხების რაოდენობას გავზრდი, ასე აღარ იქნება.

- თხას მთა და ნეკერი სჭირდება - აღმოსავლეთ საქართველოში სწორედ გარემო პირობების გამო არ აშენებდნენ თხებს.

- მართალია, მაგრამ ჯიშსაც გააჩნია. ზაანური თხა შეგიძლია შინაურ პირობებშიც კვებო. საკვებთან დაკავშირებული საკითხები კი მეტად საინტერესოა, - ჩინეთიდან მთელი მოწყობილობა ჩამოვიტანე, სადაც 1 კილო ქერს დავთესავ და 10 კილომდე ჯეჯილს ვიღებ ყოველ 6 დღეში. ქერი სპეციალურ დანადგარში ითესება, სადაც შესაფერისი ტენიანობა და ვენტილაცია აქვს და 6 დღეში უკვე იმ ზომის ყუათიან ჯეჯილად იქცევა, რომელიც შეგიძლია თხას "მიართვა".

- დაუჯერებელია.... ბევრი იფიქრებს, რომ თხებს არაეკოლოგიური საკვებით კვებავთ.

- არაეკოლოგიური საკვებით რომ ვკვებავდე, თხის რძეში 2,5 ლარს არავინ გადაიხდის. ან არაეკოლოგიური რა უნდა იყოს, როცა ჩვეულებრივ ქერს ვთესავ, რომელსაც ახლობელს ვართმევ, რადგან ვიცი, რომ ის ქერის მოსაყვანად შხამებს არ იყენებს. ან თუნდაც თხებს რატომ უნდა ვაჭამო შხამი? ხეირს არც მე დამაყრის და ყველაფერი წყალში ჩამიცვივდება. რაც შეეხება ჯეჯილის მოყვანის ტექნიკას, ყველაფერი გენიალური მარტივია და ამის ათვისების უნარი უნდა გვქონდეს, თორემ ამ ტექნოლოგიას ქართველებიც მშვენივრად ვიცნობთ, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია. აღდგომის წინ ბამბაზე ჯეჯილს რომ ვზრდით, იგივე არ არის? უბრალოდ, ჩინურ მოწყობილობაში ტენიანობისა და ვენტილაციის მეტად ხელშემწყობი პირობებია შექმნილი.

- ალბათ ამ მოწყობილობის ჩინეთიდან ჩამოტანა ძვირი დაგიჯდებოდათ.

- 6.000 დოლარი და დიდი ნერვიულობა - სადღაც ჩინეთში, რომელიღაც ჩინელს, ავიღე და ფული ალალბედზე გავუგზავნე. ბანკშიც კი მითხრეს, რისკავო, მაგრამ რა უნდა მექნა?! ამაზე ნაკლები არც მაშინ მინერვიულია, როცა ამ

ტექნიკის განბაჟება 3.000 დოლარი დამიჯდა. სხვათა შორის, ვთხოვე სახელმწიფოს, სხვაზე არაფერზე დაგწოლივართ კისერზე და როგორღაც დამეხმარეთ, რომ განბაჟებისას ამდენი ფული არ გადავიხადო-მეთქი. ვერ დამეხმარნენ, - ასე არ შეიძლებაო. თითქმის იგივე მიპასუხეს ხურმის ბაღთან დაკავშირებითაც - 600 ძირი ხურმის ბაღი მაქვს, რომელიც საკუთარი ხელით, წარმოუდგენელი შრომით გავაშენე.

არავის ვამადლი, ჩემია და უპირველესად მე უნდა მომცეს მოგება, მაგრამ სახელმწიფოსაც ხომ ახეირებს?

ასეთი პროექტებისთვის დღეს სახელმწიფო შეღავათიან კრედიტებს იძლევა. მე კი კრედიტი არ მითხოვია, მხოლოდ ტრაქტორისთვის ვითხოვე სესხი, მაგრამ ამაზეც მითხრეს, არც ეს შეგვიძლია, თუ გინდა, ბაღს შემოგიღობავთო! არ მინდა, შემოღობილი მაქვს-მეთქი. აბა, ჩვენ ტრაქტორი არ შეგვიძლიაო!.. იმედიანი კაცი ვარ და ჩემით მივაღწევ ყველაფერს. აუცილებლად უნდა გავზარდო წველადობა ისე, რომ დღეში 100 ლიტრ თხის რძეს ვაბარებდე. აი, მაშინ კი გამომივა, რომ მოგებაზე ვიმუშაო.

ეთერ ერაძე