უნიკალური სვია ღობის ძირასაც გაიზრდება
21-11-2016
უნიკალური სვია ღობის ძირასაც გაიზრდება
ამ სტატიის თემა "კვირის პალიტრის" ერთგულმა მკითხველმა გვიკარნახა: "ჩემს ბაღში აღმოვაჩინე სვიის ნერგი, რომელიც ხეზეა ასული და ასხია კიდეც. გამიგონია, რომ სვიას პურის ცხობის დროს საფუვრის დანიშნულებითაც იყენებენ... იქნებ გამარკვიოთ, რამდენად სასარგებლო მცენარეა სვია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ქიმიური საშუალების, მათ შორის, საფუვრისა და საჭმელი სოდის ნაცვლად?" - გვწერს ქ. ახალციხის მკვიდრი შალვა ტაბატაძე.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ლალი გოგინავა:

- სვია მრავალწლიანი მცენარეა, ძირითა
დად იზრდება ტენიან ადგილებში და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ლამაზი, ხვიარა მცენარეა, ამიტომ დეკორატიული მიზნითაც იყენებენ. საქართველოში სვია ყველაზე მეტად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში.
სვიას მცირე ზომის გირჩები აქვს, რომელიც დამწიფებამდე უნდა მოვაგროვოთ, დამწიფების მერე ის უვარგისი ხდება. დაკრეფის შემდეგ სწრაფად უნდა გავაშროთ, რათა სასარგებლო ნივთიერებები არ დაკარგოს.

ლუდისთვის აუცილებელი

ლუდის ხარშვა სვიის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სასმელს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს აძლევს. სვიის გირჩები შეიცავს ანტიბაქტერიულ ტანინებს, რაც ხელს უწყობს ლუდის დაწმენდასა და შენახვას. საქართველოში, განსაკუთრებით მთაში, ლუდს უძველესი დროიდან ხდიდნენ და სვიასაც ოდითგან იყენებდნენ.

საუკეთესო საფუარი

ცნობილია, რომ უცხოეთიდან შემოსულ საფუარში სხვადასხვა მინარევია და მარხვის დროს მისი გამოყენება სასურველი არ არის. ამიტომ ეკლესია-მონასტრები ცდილობენ, საფუარი სვიისგან დაამზადონ. სასულიერო პირები პურის ცხობისას სწორედ მას იყენებენ. სხვათა შორის, სვიისგან საუკეთესო საფუარი მზადდება, რომლის რეცეპტი უმარტივესია:
1 მუჭა ახალ სვიას უმატებენ 2 ჭიქა თბილ წყალსა და 1/2 ჭიქა პურის ფქვილს. ერთმანეთში ურევენ და თბილ ადგი­ლას დგამენ 1 დღით. ეს ნაზავი დუღილს იწყებს და ფუვდება. დაახლოებით 4-5 კილოგრამ პურის ფქვილს თუ ამ ნაზავში მოვზელთ და რამდენიმე საათს გავაჩერებთ, არაჩვეულებრივი პური გამოცხვება.
თუ სვიის მარცვლებს დანაყავთ და ნამცხვრისთვის განკუთვნილ მაწონში ჩაყრით, მაწონი აფუვდება. ასეთი მაწონი ნამცხვრის ცხობისას საუკეთესოა. სვია ამ შემთხვევაში­ საჭმელი სოდის მოვალეობას ასრულებს.­

მკურნალი

გამხმარი სვია საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაცაა. სტომატიტის ან ყელის ტკივილის დროს სვიის ნაყენის გამოვლება კარგ შედეგს იძლევა. ის კარგი ტკივილგამაყუჩებელია და მალამოსავით დაედება მტკივან ადგილებს. ასე რომ, სვია სამკურნალო მცენარეა. მის გირჩებში არის ნივთიერება ლუპულინი, რომელიც დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ კარგია უძილობის დროს. სვიის ექსტრაქტი საუკეთესო საშუალებაა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ...
სვია საუკეთესო მადის აღმძვრელი საშუალებაა: როცა ბავშვი საკვებზე უარს ამბობს, სვიის ნაყენი უნდა ასვათ. საინტერესოა, რომ სვიის გირჩებისგან დამზადებული ნაყენი აჩერებს თმის ცვენას.
ზოგჯერ სვიის გირჩებს ტოტიან-ფოთლიანად კრეფენ და კედელზე ჰკიდებენ. ოთახი სვიის სურნელით იჟღინთება, რაც ნერვულ სისტემას ამშვიდებს. სვიას იყენებენ დაჟეჟილობისა და რევმატიული ტკივილების დროსაც, მისი საფენები ეფექტიანად მოქმედებს ეგზემასა და კანის ანთებაზე. უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო სვიის გირჩებს კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ კანის გამონაყარისა და გაღიზიანების სამკურნალოდ.

როგორ მოვუაროთ სვიას

სვიის მოშენება და გამრავლება ადვილია. მისი კალმები 10-15 სმ სიგრძისა უნდა იყოს. კალმებს აფესვიანებენ წინასწარ მომზადებულ ნიადაგზე. 1 ჰექტარ ფართობზე ათასობით კალმის გახარება შეიძლება.­ საერთოდ, სვია თესლითაც მრავლდება და კალმითაც, ოღონდ ამ მცენარეს ღობე ან კედელი სჭირდება, რათა მოეხვიოს და გაიზარდოს. არ არის გამორიცხული, სვია თავისითაც ამოვიდეს, რადგან მისი თესლი ფრინველებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ და თავისდა უნებურად ამრავლებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ნათია
04 მაისი 2017 14:56
აუცილებლად გამოვიყენებ თქვენი რეცეპტით გამზადებულ საფუარს ... მომწონს ბუნებრივი სსშუალებით ჩანაცვლებული ქიმიური პროდუქტები. მადლობა ასეთი წერილებისთვის

რედაქტორის რჩევით