უცხო "ხილი" საქართველოში "მოშინაურდა" - კვირის პალიტრა

უცხო "ხილი" საქართველოში "მოშინაურდა"

"გვინდა, საქართველო მსოფლიო რუკაზე დავიტანოთ, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა"

"ეს კულტურა დღეს უკვე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაშენებული, მაგრამ ყველაზე მეტად კახეთის მიწა და კლიმატი მოუხდა"

ერთი საინტერესო ოჯახის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც კახეთში, სოფელ მაშნაარში დიდ მეურნეობას უვლის. 16 წელიწადი ჰოლანდიაში, ემიგრაციაში იცხოვრეს, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოს დაუბრუნდნენ და მამაპაპეულ მიწაზე დიდ საქმეებს შეუდგნენ.

გიორგი სვანიძე: - მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული. მერე ჰოლანდიაში წავედით. ქართულ სათვისტომოს ვხელმძღვანელობ, ასევე ვარ ბენილუქსის ქვეყნებში სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ჰოლანდიაში. პირველი ქართული სკოლა გავხსენით და მიმაჩნია, რომ ბევრი საქმე გავაკეთეთ. თუმცა, ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერი მაინც თავის ქვეყანაშია, ამან განაპირობა, რომ საქართველოში, მამაპაპეულ მიწაზე დავბრუნდით.

ემიგრანტები მანამდეც ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის... იმ პერიოდში პატრიარქს, ილია II-ს თავის ზამთრის ბაღში ზეთისხილის ნერგი ჰქონდა, რომელმაც ერთი ცალი ნაყოფი გამოიღო. ყველას ეუბნებოდა, ხომ ვამბობდი, საქართველოში ზეთისხილი იხარებსო და სხვადასხვა ბიზნესმენს სთხოვდა, ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში შემოეტანათ. ერთხელ თურქეთში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენებურმა ქართველებმა გვაჩვენეს ზეთისხილის ხეები და გვითხრეს, ეს კულტურა საქართველოში გაიხარებსო...

ნერგები, რომლებიც თურქეთიდან შემოვიტანეთ, 10-12 სანტიმეტრით სწრაფად იზრდება, კანი უფრო თხელი აქვს, კურკა - უფრო პატარა, რაც მეტყველებს, რომ შედარებით მაღალი ხარისხის არის, ვიდრე ჯიშების უმეტესობა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს კულტურა საქართველოში შემოგვეტანა.

- ალბათ, რისკი მაინც ახლდა, რადგანაც საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინ ეს ახალი კულტურა იყო...

- რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესპროექტი, ესეც სარისკო იყო. ამიტომ პროექტი უფრო მეცენატური ჩანდა, ვიდრე ბიზნესის. ღვთის წყალობით, გაამართლა, საქმე გამოვიდა და უკვე მეშვიდე წელიწადია, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. 250-260 ჰექტრამდე გვაქვს გაშენებული. ეს კულტურა დღეს უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია გაშენებული, მაგრამ ყველაზე მეტად კახეთის მიწა და კლიმატი მოუხდა.

- გაქვთ საწარმო, სადაც ზეთს ხდით, ნაყოფის დამარინადებასაც ხომ არ აპირებთ?

- შარშან პირველად გადამუშავდა ზეთისხილი, გამოვხადეთ ზეთი, დამარინადებას კი წლეულს ვიწყებთ. გვინდა, დავამზადოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია და შევიტანოთ სხვადასხვა დიდ სავაჭრო ქსელში. შემდგომი ეტაპი უკვე ექსპორტია.

ზეთისხილის 7 ჯიში გვაქვს და 4 - ყურძნის. სიამაყით გეტყვით, რომ ვინარჩუნებთ პაპაჩემის ვენახსაც...

მხოლოდ ბიოპროდუქციას ვაწარმოებთ, გვაქვს ამის სერტიფიკატი და ამიტომ ყოველწლიურად გერმანული კომპანია ჩამოდის, ამოწმებს როგორც ნიადაგს, ისე მცენარეებს.

ჩვენი ოჯახისთვის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ტურიზმია, კომპანია გვაქვს და ტურისტები მთელი მსოფლიოდან შემოგვყავს. ორჯერ დაგვაჯილდოეს, როგორც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემომყვანი კომპანია. ვმუშაობთ ასევე ვიპ-სექტორზეც.

გვინდა, საქართველო მსოფლიო რუკაზე დავიტანოთ, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა. ვფიქრობ, ეს დიდი საქმეა, რასაც სხვადასხვა მიმართულებით მოჰყვება განვითარება. ამით ბევრი ადამიანი დასაქმდება და ეს ბიუჯეტსაც შეავსებს.

- ალბათ, მამულში სხვა კულტურებიც მოგყავთ...

- მაშნაარში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბებიაჩემს ყოველთვის მოჰყავდა კიტრი, საზამთრო, ნესვი, პამიდორი... ყველაფერი ისევე მოვაწყვეთ და იმავე ტრადიციით განვაგრძეთ, როგორც 30-40 წლის წინ იყო.

კარგი ბოსტნის გარდა, გვაქვს მშვენიერი ხეხილის ბაღი. ძველ ქართულ ჯიშებს ვეძებთ, მაგალითად, გვაქვს 20 ძველი ქართული სახეობის ვაშლი, გარგარი, მსხალი. არ ვიყენებთ არანაირ შხამქიმიკატს და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვიღებთ.

მოკლედ, გვინდა, ჩვენი ქვეყანა უფრო პოპულარული გავხადოთ მსოფლიოში.

ლალი ფაცია