ციცრების გადაფრენა - კვირის პალიტრა

ციცრების გადაფრენა

"ციცარმა გადაფრენა იცის და სწორედ ეგ არის პატრონის თავსატეხი. ამიტომაც ცალ მხარეს მთლიანად ვაცლი ფრთებს, რომ არ გაფრინდეს"

მოვიდა ქორი და დახვდა ქათმების მცველი ციცარი!

ყველაფერს, რასაც ადამიანი გააკეთებს, თავისი საფუძველი აქვს და მერე თანდათან ვითარდება, - ამბობს დავით ტვილდიანი. მეც ვეთანხმები. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ფრინველები ან ცხოველები არ ჰყვარებია, ისეთ ფერმას ვერასოდეს გააკეთებს, როგორიც მას აქვს კასპში, სოფელ საქადაგიანოში. და მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცისთვის ცხოვრება არასდროს ყოფილა იოლი, თავის არცთუ ადვილ საქმიანობას ერთგულად მისდევს...

ბატონი დავითი ციცრების გამო მოვძებნე. ეს იშვიათი და საინტერესო შინაური ფრინველია, მაგრამ გულგრილად ვერც მისი ფერმის სხვა ბინადრებს ავუარე გვერდი.

- ლეჩხუმში დავიბადე და გავიზარდე. აქ დაახლოებით 30 წლის წინ გადმოგვასახლეს მეწყრის გამო. მრავალშვილიანი ოჯახი ვიყავით და მამას ბევრი საქმე ჰქონდა. სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ არასდროს ავიწყდებოდა, შვილებისთვის ცხოველების მოვლა და სიყვარული ესწავლებინა. ყველაფერთან ერთად, კურდღლებიც გვყავდა.

ის საკმაოდ უცნაური ცხოველია, შვილებს ბუდეს, თივასთან ერთად, საკუთარი ბეწვითაც უწყობს და თუ ახალდაბადებულ ბაჭიებს ხელი შეახე, მაშინვე შეიძულებს და ბუდიდან გადმოყრის. მაგრამ ისე მიხაროდა ბაჭიების გაჩენა, მაინც მივირბენდი და ამოვიყვანდი, მერე კი, კურდღელი ბუდიდან რომ გადმოაგდებდა, მწარედ ვტიროდი.

17 წლის ვიყავი, კურდღლის მოშენება რომ დავიწყე. ერთხელაც, უკვე სტუდენტმა, ბაჭიები დიღმის ცხოველების ბაზარზე ჩავაბარე. შემთხვევით დავინახე, როგორ იყიდა კლიენტმა ჩემი ბაჭიები იმაზე ხუთჯერ ძვირად, ვიდრე მე ჩავაბარე. აი, მაშინ დავფიქრდი, რომ ჩემი ცხოველებით თავის რჩენა შემეძლო და თვითონ დავიწყე გაყიდვა. ასე იქცა ჩემთვის ცხოველები ოჯახის შენახვის წყაროდ. დღესაც ამით ვცხოვრობ, თუმცაღა, მარტო ამას ვერ დავჯერდი და იმაზე დავიწყე ზრუნვა, ფერმა როგორ გამემრავალფეროვნებინა. მძიმე წლებში, ფეხზე დასადგომად, ხუთ წელიწადს ვიმუშავე სანქტ-პეტერბურგში. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და დავქორწინდით. სხვათა შორის, ერთად წამოვიყვანეთ იქიდან გალიებით, Yწყვილ-წყვილად, ზღვის გოჭები და ზაზუნები და ფერმის შექმნა დავიწყე.

დღეს უკვე მრავალფეროვანი ფერმა მაქვს, მყავს ციცრებიც. ეს მართლაც საინტერესო აფრიკული ფრინველია, რომელიც ადამიანმა მოგვიანებით მოაშინაურა და სარგებელსაც გვაძლევს. ციცარი ნაყოფიერი კვერცხისმდებელია, 7-8 თვიდან იწყებს და სეზონზე საშუალოდ 70 კვერცხს დებს. მისი კვერცხი სასარგებლოა.

ბოლო წლებში ჩვენში გამოჩნდა სრულიად თეთრი და სრულიად ნაცრისფერი ციცრები. თეთრი ციცრები მეც მყავდა, თუმცა ახლა ტრადიციული, ანუ კოპლებიანი ციცარი დავიტოვე.

- ბრძანეთ, რომ ციცარი მოშინაურებული ველური ფრინველია; ველურის თვისებები, ალბათ, ახლაც აქვს.

- უპირველესად, ეს ხორცზე ეტყობა. ციცრის ხორცი ისეთი მოშავოა, როგორიც, მაგალითად, გარეული იხვის და მასავით გემრიელი, უფრო გემრიელი, ვიდრე შინაური ქათმის. ამასთან, ციცრის ხორცს, როგორც ინდაურისას, ქოლესტერინი ნაკლებად აქვს. მაგრამ ციცარს იმდენი ხორცი არ აქვს, რამდენიც, მაგალითად, ინდაურს ან თუნდაც სელექციით გამოყვანილ ქათმებს. ჩვეულებრივ, მისი სახორცე წონა 1-1,5 კილოგრამს აღწევს; თუმცა, თუ ციცარი 2 წლამდე მივიდა და კარგადაც იკვება, შესაძლოა, მისმა წონამ 2,5 კილოგრამსაც მიაღწიოს. ვინც მის მოშენებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ ციცარს, უგემრიელეს ხორცთან ერთად, სხვა დასაფასებელი თვისებებიც აქვს. მაგალითად, შეუძლია, ქათმები ქორისგან დაიცვას. თუ ქათმებს ქორი დაედევნა, ციცარი აფრინდება, ქორს დაეტაკება და ისეთ დღეს დააყენებს, მტაცებელი უკან აღარ მობრუნდება. ამას გარდა, ციცარი ეზოში თაგვსა და გველს არ გააჭაჭანებს, ქვეწარმავლის ან რამე სხვა საფრთხის დანახვისას ჭახჭახს იწყებს და ასე ატყობინებს ოჯახს საშიშროებას. ციცარი ნაკლებ საკენკსაც დაგჯერდება, ვიდრე ქათამი. ის მშვენივრად იკვებება ხმელი და ნედლი ბალახით; სწორედ ასე იკვებებიან ის ციცრები, რომლებიც ოჯახს გაექცევიან, გადაუფრინდებიან.

- ესე იგი, ციცარმა გადაფრენაც იცის.

- იცის და სწორედ ეგ არის პატრონის თავსატეხი. ამიტომაც როცა ციცარს ან მის კვერცხს ვყიდი, ახალ პატრონს ვაფრთხილებ. ციცარსაც ცალ მხარეს მთლიანად ვაცლი ფრთებს, რომ არ გაფრინდეს.

- რატომ ცალზე?

- იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი ფრთით ვერ გაფრინდება. სხვათა შორის, ზოგი ამას ვერ ითვალისწინებს და ფრინველს ორივე მხარეს აცლის ფრთებს, ან მაკრატლით აჭრის. ეს ძალიან მძიმეა ფრინველისთვის. ვიდრე დაჭრილი ფრთები არ "დაუბერდება" და არ გასცვივდება, ასე უფრთოდ იქნება. დაცლილი ფრთები კი თვე-ნახევარში ამოუვა და ამასობაში მეორე მხარესაც დააცლი ფრთებს. თუკი ასე 2-3-ჯერ გააკეთებ, ციცარი ისე მოგეჩვევა, რომც გაფრინდეს, მაინც შინ დაბრუნდება. ფრინველების მოყვარულთათვის, ალბათ, ეს სილამაზეც კი კმარა, რომ ციცარი იყოლიონ. ბატონი დავითი თავის ფერმას მიუბრუნდა, სადაც მოგოგმანე ციცრები მართლაც ლამაზი სანახავი იყვნენ.

არასერიოზული კრუხი

დავით ტვილდიანი: ციცარი როცა დედობას დააპირებს, ჭახჭახი გალობაში გადადის. ამით მიხვდები, რომ სადღაც კვერცხი აქვს დადებული და კრუხობისთვის ემზადება. ადგილის შეცვლა არ უყვარს, ამიტომ წინასწარ ვუმზადებ საბუდარს. სხვათა შორის, კვერცხების დარაჯობაშიც ყოჩაღია, თითქმის უკლებლივ გამოჰყავს წიწილები 27-28 დღეში, ანუ ქათამზე დაახლოებით ერთი კვირით გვიან. ისე, ძალიან ქარაოცი დედაა - საფრთხეს რომ იგრძნობს, იმხელა მანძილზე გაეკიდება ჭახჭახით, რომ დაბნეული წიწილები დიდი ხნით რჩებიან მარტო. ამიტომ მირჩევნია, ციცრის კვერცხი უფრო "სერიოზულ" კრუხს გამოვაჩეკინო. არა იმიტომ, რომ ციცრის კვერცხი მაგარია და წიწილებს მის ამოსატეხად ძალა არ ჰყოფნით - ისინი ყოჩაღები არიან და კვერცხს ადვილად ტეხენ. კრუხობის ხანგრძლივობაც, ალბათ, ველურობიდან შემორჩენილი თვისებაა. ისე კი, ციცრის წიწილები დედის საბუდარში უფრო ყოჩაღობენ დაბადებისას, ვიდრე ინკუბატორში. კვერცხს თავდაპირველად კი ამოტეხენ სასუნთქად, მაგრამ მთლიან კვერცხს ვერ ტეხენ და პატრონის მიხმარება სჭირდებათ. ამიტომ მე ვტეხ ნაჭუჭს და ვათავისუფლებ "ტყვეობიდან". ძალიან ლამაზია ციცრის წიწილა - წითელი ნისკარტითა და ფეხებით, აგრეთვე მკრთალი ყავისფერი ზოლებით იბადება. გარეგნულად ინდაურის ჭუკებს ჰგვანან. ლამაზი "კოპლები" კი დაახლოებით თვე-ნახევრისებს დაემჩნევათ.

ეთერ ერაძე