გურული თევზაძეების თევზსაშენი - კვირის პალიტრა

გურული თევზაძეების თევზსაშენი

"კალმახს, ძირითადად, ბეტონის აუზში ზრდიან, სადაც ხელოვნურ, კომბინირებულ საკვებზე ჰყავთ. ჩვენი თევზი კარგი გემოთი გამოირჩევა, რადგან ბუნებრივი საკვები ბევრი აქვს. ეს აძლევს თევზს განუმეორებელ გემოს. როცა თევზი ხელოვნურ საკვებზეა, ეს დაახლოებით იმის ტოლფასია, ფერმაში საქონელი დაბმული რომ იყოს"

ალბათ, იშვიათია, როცა გვარად თევზაძე მთავარ საქმიანობად თევზის მოშენებას ირჩევს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში წლების წინ სამმა ძმამ თევზის მოშენება გადაწყვიტა. კონდოლი ალაზნის ვაკეზე, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირას, თელავიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი საუკეთესოა თევზის მოსაშენებლად, იქ ბევრი ხელოვნური ტბა თუ ტბორი არსებობს, სადაც თევზი გამოჰყავთ...

ჩვენი რესპონდენტი ზურაბ თევზაძე პროფესიით ეკონომისტია, ადრე თავისი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ახლა მისი და მისი ძმების მთავარი საქმე თევზის მოშენებაა.

- საქმიანობა 7-8 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა 2009 წლამდე ასეთი მასშტაბური არ იყო. 2009 წლიდან პრივატიზაცია გავაკეთეთ და დღეს გვაქვს შპს, რომლის საფუძველზეც ხელოვნური ტბორების პატრონები ვართ.

- როგორც ვიცი, თელავის რაიონში ბევრი ტბორია, რომლებიც კერძო საკუთრებაა.

- ასეა. ჩვენ ექვსი ტბორი გვაქვს, სულ 65 ჰექტარი, სადაც ვამრავლებთ სარკისებრ კობრს, ალაზნის ლოქოს, თეთრ ამურსა და სქელშუბლას - სულ ოთხ ჯიშს. გვაქვს ჩვენი ინკუბატორიც. იქ ლიფსიტა გამოგვყავს, მერე სამი წელიწადი უნდა, რომ სასაქონლე პოზიციამდე მოვიყვანოთ და გავყიდოთ.

- საქმიანობა როგორ დაიწყეთ?

- ჯერ სადედე ფარა შევიძინეთ, ძველი, კომუნისტების დროინდელი ინკუბატორი აღვადგინეთ და იქ გავუშვით. ტბორებიც ამორტიზებული იყო და გავარემონტეთ. ახლა აქ 12 კაცია დასაქმებული.

- კონდოლი თქვენი მამაპაპეული სოფელია?

- არა, ჩვენ გურულები ვართ. ადრე ჩემი ძმები მუშაობდნენ კონდოლში - აქ მეურნეობა იყო. 15-20 წელიწადს ყველაფერი გაჩერებული გახლდათ და ჩვენ ავამუშავეთ... წლეულს ფუტკარიც მოვაშენეთ, 40 სკა გვაქვს და გვინდა, მეურნეობა 100 სკამდე გავაფართოოთ.

- თევზის გამოზრდა რთული ყოფილა. იქნებ მისი ზრდის ეტაპებზე ვისაუბროთ?

- გაზაფხულზე დედალი თევზებისგან მივიღებთ ქვირითს, შემდეგ მამალი თევზები მას გაანაყოფიერებენ და ქვირითი საინკუბატორო აპარატებში იტვირთება. იქ 3-4 დღე უნდა ლიფსიტის გამოჩეკას. მერე გადაგვყავს ტბებში, სადაც ვზრდით. ერთ წელიწადში 50 გრამამდე იზრდება, სეზონის განმავლობაში კი - ნახევარ კილომდე. მესამე წელს უკვე კილო-ნახევრამდე იწონის.

- რით კვებავთ?

- ხორბლით, სიმინდით, ასევე - კომბინირებული საკვებით. თევზი ბალახსაც ჭამს. რაც შეეხება წყალს, ალაზნის წყლით საზრდოობს - ტბორებში ამ მდინარის წყალი შედის. დაავადებების საწინააღმდეგოდ თევზს მარილწყლის აბაზანებში ვავლებთ. დეზინფექციისთვის ასევე ვიყენებთ კირსა და სხვადასხვა წამალს.

შემოდგომით ტბები იცლება და იქ კირი იყრება, რათა ზამთარში მოისპოს, თუ რამე დაავადებაა...

- რამდენს აწარმოებთ?

- წელიწადში 50 ტონამდე...

- მუშაობისას რა პრობლემა გაქვთ?

- განსაკუთრებული არაფერი. ვსარგებლობთ შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც საქმეში ძალიან გვეხმარება. ისე, დიდი მოგება არ რჩება, ამიტომ გვინდა, წარმოება გავზარდოთ და მომავალი წლისთვის 60-70 ტონამდე ავიდეთ, რომ მოგებამაც მოიმატოს. ძირითადი ხარჯები თანამშრომლების ხელფასებში, საკვებში, ტექნიკაში მიდის. ტბორების ყოველწლიური გარემონტებაა საჭირო. ფართობი დიდია და ამიტომაც დიდი ხარჯები გვაქვს წყალსატევების რემონტსა და აღდგენაზე.

- რით არის თქვენი თევზი, მაგალითად, კალმახისგან გამორჩეული?

- კალმახს, ძირითადად, ბეტონის აუზში ზრდიან, სადაც ხელოვნურ, კომბინირებულ საკვებზე ჰყავთ. ჩვენი თევზი კარგი გემოთი გამოირჩევა, რადგანაც ბუნებრივი საკვები ბევრი აქვს. სწორედ ეს აძლევს თევზს განუმეორებელ გემოს. როცა თევზი ხელოვნურ საკვებზეა, ეს დაახლოებით იმის ტოლფასია, ფერმაში საქონელი დაბმული რომ იყოს.

პრობლემებზე მკითხეთ და მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დროს ცოტა გაყიდვა გაჭირდა, რადგანაც ფასი დავარდა, ამიტომ იძულებული ვართ, გავაიაფოთ.

- რა ღირს კილოგრამი?

- 1 კგ თევზი 7-8 ლარად იყიდება (ყველაზე ბევრი სარკისებრი კობრი გვყავს), არადა, 1 კგ თევზი რომ მივიღოთ, 6-7 კგ საკვები უნდა ვაჭამოთ.

- თქვენს საქმიანობას ვინ ამოწმებს?

- როცა მაღაზიებში ჩვენი პროდუქცია შედის, იქ მას იქთიოლოგები ამოწმებენ...

ლალი ფაცია