"ჩემს ბონსაის 18 თვეში გამოვიყვან" - კვირის პალიტრა

"ჩემს ბონსაის 18 თვეში გამოვიყვან"

"ნიკო ნიკოლაძეს თავისი ხელით დაურგავს სამტრედიის რკინიგზის სადგურთან ჭაობის კვიპაროსი, რომელიც ას წელზე მეტი ხნის არის"

საქართველოში არაერთი მრავალსაუკუნოვანი ხე გვაქვს, თუმცა მათი წარსულისა ბევრი არაფერი ვიცით. ზოგიერთ მათგანზე ინფორმაციის მოსაძიებლად მცენარეთა მესაიდუმლეს, ვლადიმერ კახიანს დავუკავშირდით, რომლის ერთ-ერთი გატაცება იშვიათი, დეკორატიული ჯიშების გახარება-გამრავლებაა.

ვლადიმერ კახიანი: - საქართველოში იშვიათი, დეკორატიული ჯიშის უძველეს ხეთაგან ძირითადად გვხვდება ცაცხვი, ჭადარი, მუხა, ძელქვა, ურთხმელი, რომელთა ასაკი 300-დან 500 წლამდეც კი აღწევს. გვაქვს კიდევ ერთი უძველესი ხე, რომელიც აკაკის ხის სახელით არის ცნობილი, თუმცა არავინ იცის, რატომ ჰქვია ეს სახელი. შირაქში, კასრისწყლის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე დგას და ამბობენ, გიორგი სააკაძის დარგულიაო. 4 საუკუნის მაინც უნდა იყოს.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საინტერესო ჯიშის ხეები ხარობს - ინდური იასამანი, ციკასის პალმა, ოსმან თუსის მარადმწვანე ხე...

ნიკო ნიკოლაძეს თავისი ხელით დაურგავს სამტრედიის რკინიგზის სადგურთან ჭაობის კვიპაროსი, რომელიც ას წელზე მეტი ხნის არის.

- თქვენს გატაცებაზეც გვიამბეთ.

- მარადმწვანე, იშვიათი ჯიშების გახარება და გამრავლება ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. კარგა ხანს რუსეთში ვმუშაობდი და იქიდან თითო-ოროლა ნერგი ჩუმად, ხან ტანსაცმელში, ხან ჩანთაში დამალული ჩამომქონდა. საბოლოოდ რომ წამოვედი, თან გამოვიყოლე 4-5 პატარა ნერგი - ლურჯი ნაძვი, კვიპაროსის ნაირსახეობა (ერთ-ერთი ლიმონის ფერის და არომატის მქონეა) და იშვიათი ნეკერჩხალი.

- დეკორატიული ნერგების ფასები როგორია საქართველოში და საერთაშორისო ბაზრის ფასებისგან რით განსხვავდება?

- ასეთ ხეებზე მოთხოვნა ჩვენთან უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა კი ძვირია. მაგალითად, მოსკოვში ერთი პატარა ნერგი 20-დან 25 ლარამდე ღირს, ჩვენთან - 50-70 ლარი. ძვირად ღირებულ, მრავალწლოვან ნარგავებსაც საქართველოში ორმაგი ფასი აქვს, სხვა ქვეყნიდან მათი შემოტანა და ტრანსპორტირება ძნელია.

- თითქმის ყოველ წელს ახალ-ახალი მცენარეები შემოგაქვთ და ამრავლებთ. ამჯერად რა გეგმები გაქვთ?

- მინდა, იაპონური ხეების უნიკალური ეგზემპლარები მოვიპოვო და ბონსაი გამოვიყვანო.

- გამოყვანა რას ნიშნავს?

- იმას, რომ ხეს თან გაახარებ, თან გარკვეული ხნით ჯუჯად აქცევ - პირველად არ მისცემ კარგ საკვებს, ნოყიერ მიწას, სხვა მეთოდებიც არსებობს. იაპონიაში თაობები სჭირდება ბონსაის უნიკალური ეგზემპლარების გამოყვანას, მსოფლიოში კი ამას უკვე დაჩქარებული წესით, 18 თვეში ახერხებენ. ასე რომ, ვფიქრობ, 18 თვეში ჩემს შრომასაც სასურველი შედეგი ექნება.

ეკა ასათიანი