"ბანაობენ" ყვავილები
05-12-2016
"ბანაობენ" ყვავილები
"ჩემი ყვავილები ოჯახის წევრებივით არიან, თან მათ მოვლას აზარტში შეჰყავხარ, რითაც დიდ სიამოვნებას იღებ. მცენარეების მოვლა ყველაზე მარტივი გზაა სიმშვიდისკენ, ბედნიერებისა და დიდი სიკეთისკენ. დიახ, ყვავილები დიდი სიკეთეა!"

ანი მაღლაკელიძე არაერთი ცნობილი კლიპის რეჟისორია, პირველი წარმატებული ნამუშევარი ქეთა თოფურიას ვიდეორგოლი იყო, რომელსაც ოცამდე კლიპი მოჰყვა. მათგან ყველაზე სკანდალური ანრი ჯოხაძის "ნავის" ცნობილი ვიდეო აღმოჩნდა... დღეს ხატვით არის გატაცებული, გამოფენებში მონაწილეობს და დოქტორანტურაში მერაბ კოკოჩაშვილის ხელმძღვანელობით­ სწავლობს... ანი ტრანსპორტისა და გზების
ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის, მეუღლეა და ბევრ სხვა გატაცებასთან ერთად, მცენარეების მოვლითაც არის დაინტერესებული.

- კორპუსში ვცხოვრობთ და რა გასა­ქანიც მაქვს, იმის შესაბამისად ვუვლი ყვავილებს. კერძო ბინაში რომ ვცხოვრობდე, ეზოში ბევრ რამეს გავახარებდი. ეს
დათოსაც უნდა. გვინდა გვყავდეს ქათმები, გვქონდეს ბოსტანი, ხეხილი. ყველანაირ ბოსტნეულს დავთესავდი და დავაკვირდებოდი, როგორ გაიზრდებოდა...

ჩვენი სახლი მზიანია, ყვავილების უმრავლესობას კი სინათლე უყვარს, ამიტომ შინ სულ მომაქვს მცენარეები. დედა მეუბნება, ამდენი სად უნდა წაიღოო, მაგრამ ჩემსას არ ვიშლი. პატარა მცენარის შეძენა უფრო მიყვარს - გაზრდა და მოვლა მსიამოვნებს. მოვლას "ბანაობით"­ ვიწყებ. ქოთნები აბაზანაში შემაქვს და შხაპით ფოთლებს ვუსუფთავებ, ნიადაგს კი სასუქით ვუმდიდრებ.
თუ სადმე ვნახე უცხო მცენარე, შინ მომაქვს, თუნდაც ფოთოლი. მსიამოვნებს, მიწას და ფოთლებს ხელით რომ ვეხები.
reclama
- გიყვარს მრავალფეროვნება?

- კი და ბევრნაირი ყვავილიც მაქვს. პატარძლები ვერაფრით გავახარე. რა ადგილი არ შევურჩიე, არაფერი გამოვიდა. ხანდახან მგონია, რომ მცენარესაც აქვს ხასიათი. ამბობენ, მოფერება უყვართო.
მე არ ვეფერები, თუმცა ხანდახან კი წამომცდენია "ჩემო საყვარელო", "ჩემო ლამაზო"-მეთქი. მთავარი მაინც ის არის, რომ მიახლოებისას შენს ენერგიას გრძნობენ. როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, ოდნავ მიივიწყებ, თითქოს იწყენენ და ხელიდან გეცლებიან...

- შეფლერა რა ლამაზია.

- კი, მას კეთილს ვეძახი, რადგან მარ­თლა კეთილია - იოლად იზრდება. ჭარბი სინათლე და ბევრი წყალი არ სჭირდება, ლაღად, ბედნიერად­ ხარობს, თან ლამაზია. მცენარეების შესახებ ბევრ რამეს ვკითხულობ, შეფლერაზე ეწერა - თურმე ჰაერს წმენდს და ასუფთავებს.
ზოგიერთი ყვავილი შხამიანია, მაგალ­ითად, ფიკუსი. ფოთოლი რომ მოწყვიტო,­ რძე გამოსდის და სწორედ იქ არის მომწამლავი ნივთიერება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველა მცენარე მაინც კეთილია. მჯერა, როგორც მოექცევი, თვითონაც იმავეს გიბრუნებს. ჩინური ვარდი დედაჩემთანაც­ მაქვს. ჭერამდეა ასული და ტოტებს ვსხლავ. ბევრ მცენარეს უხდება გასხვლა, ამ დროს ძირი უმყარდებათ. ჩინურ ვარდზე მეუბნებიან, - ფოთლებს ნუ აჭრი, იყოს, როგორც არისო, მაგრამ გასხვლა მისთვის აუცილებელია.

- ქრიზანთემებიც გაგიხარებია.

- ჩემმა ნათლულმა ახლახან მაჩუქა. სიმართლე გითხრათ, ყვავილობის დამთავრების მერე რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს... მაქვს კაქტუსები. ქრისტეს ეკალს რომ ეძახიან, ის მცენარე სულ ყვავილობს, ოღონდ ნელა იზრდება. ერთი ბეწო ტოტი მაჩუქეს და გავახარე. დამერწმუნეთ, ყვავილებთან ტრიალი კარგი თერაპიაა, ჩემი თავი უამისოდ ვერ წარმომიდგენია.
reclama
- ზამთარში აივნიდან სახლში შემოგაქვს?

- კი, მაგრამ ვცდილობ, ზამთარში აივანი მაინც ცარიელი არ დამრჩეს. ნოემბრის ყინვებმა კი გამიფუჭა კალანჰოე და კრასულა (ბარაქის ხე), რადგან ყურადღება ცოტა მოვადუნე. ახლა ღეროები გადავჭერი და გაზაფხულზე ისევ წამოვა, კალანჰოე ადვილად ემორჩილება მოვლას, ადრე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას.
ნაპოლეონის ქუდს (მას სიყვარულის ყვავილსაც ეძახიან) ულამაზესი მოვარდისფრო ყვავილები აქვს, გვიმრაც მშვენიერია. უმრავლესობა თითო ფოთლიდან გავახარე. იები თავიდან ერთად ჩავრგე, მაგრამ რაღაც ვერ გაიხარა.

- ტორფის ნიადაგიან მცენარეებზე რას გვეტყვი?

- ასეთი მცენარე ყიდვის მერე ჭკნება, შინ რომ მოიტანთ, ახალ ტორფიან ნიადაგში უნდა გადაიტანოთ. თუ ამის საშუალება არ გაქვYს, ტორფი მთლიანად ფრთხილად უნდა შემოაცალოთ, ფესვი ისე გააშიშვლოთ, რომ არ დააზიანოთ და ახალ მიწაში ჩარგოთ... ერთსა და იმავე­ სასუქს­ ვიყენებ - პატარა, ვარდისფერი­ ბურთულებია. 1 ჩაის კოვზს 2 ლიტრ წყალში ვყრი და შემდეგ ჩაის კოვზითვე 2 კვირაში ერთხელ ქოთნებს ვუნაწილებ.
reclama
- მცენარეებს რა დროს უთმობ?

- ზაფხულში მათზე ყოველდღიურად­ ვზრუნავ, ზამთარში ცოტა ნაკლებად, თუმცა­ თითოეულს რომ არ დავხედო, ისე როგორ იქნება! თუ ფოთოლი დაუჭკნა,­ დროულად უნდა მოვაცალო. არც ის მომწონს, როცა მიწას თეთრი ნადები უჩნდება, ამას პირდაპირ ონკანიდან აღებული წყლის დასხმა იწვევს. ამიტომ მცენარეს ნადგამი წყალი უნდა დაუსხათ. ყვავილების "ბანაობა" მიყვარს, როცა ფოთლებიდან მტვერს შხაპით ვაცლი, მსიამოვნებს.

- მეუღლე ამ საქმეში თუ არის ჩართული?

- დათოს რომ გავყევი, მარტო ცხოვრობდა და შინ რამდენიმე ქოთნის მცენარე ჰქონდა, რომელთაც უვლიდა. ყვავილები უყვარს, აკვირდება. როცა შინ არ ვყოფილვარ, მშვენივრად მოუვლია. დანარჩენ დროს იცის, რომ ყვავილებს მე ვუვლი და აღარ აქტიურობს.

- შვილსაც უყვარს მცენარეები?

- გიორგი რაც დაიბადა, მგონი, იქიდან იცის, რომ შინ მცენარეები არსებობს. ზღვაზე ერთად შევაგროვეთ პატარა ნიჟარები და ჩამოვიტანეთ ჩვენი მწვანე კუთხის გასალამაზებლად. წყალს გიორგიც უსხამს, ფოთლებს მტვერს აცლის. რომელიმეს ახალი კვირტი თუ გამოუვიდა, პირველი აღმოაჩენს და მაშინვე დიდი აღტაცებით მომახარებს.
ყვავილი ისე და იმდენად მიყვარს, რომ ჩემთვის არასდროს ზედმეტი და ბევრი არ არის.

- რას ურჩევდი სხვებს?

- რჩევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ადამიანებს ბუნებასთან, სიმწვანესთან მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. გამიგია ვიღაცებისგან, ყვავილები არ მიყვარსო, - როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, როცა ის ოთახში სიმშვიდეს, სილამაზეს ამკვიდრებს.
ჩემი ყვავილები ოჯახის წევრებივით არიან, თან მათ მოვლას აზარტში­ შეჰყავხარ, რითაც დიდ სიამოვნებას იღებ. მცენარეების მოვლა ყველაზე მარტივი გზაა სიმშვიდისკენ, ბედნიერებისა და დიდი სიკეთისკენ. დიახ, ყვავილები დიდი სიკეთეა!

ლალი ფაცია

რედაქტორის რჩევით