ღლონტის ფუტკრები აკეთში - კვირის პალიტრა

ღლონტის ფუტკრები აკეთში

"ჩვენი ტექნოლოგიით დამზადებული სკა ახალი სიტყვაა მეფუტკრეობაში"

"დილით, როცა ფუტკრები იღვიძებენ, რაც უნდა გადაღლილი იყო, რაც უნდა ცუდ ხასიათზე გაიღვიძო, ამ პატარა, მუყაითი არსებების დანახვისას, შენც გიჩნდება სურვილი, იშრომო, შენი მარჯვენით რაღაც შექმნა, სასარგებლო საქმე გააკეთო"

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის მკვიდრი, მეფუტკრე თამაზ ღლონტი 25 წელია, მეფუტკრეობას ემსახურება.

- მეფუტკრეობა პატივსაცემი საქმეა. ჩემი აზრით, ეს დარგი იგივეა სოფლის მეურნეობაში, რაც ჭადრაკი - სპორტში.

- უმაღლესის შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და სამეცნიერო მუშაობა დავიწყე, მაგრამ 1988 წელს ჩემს სოფელში დავბრუნდი, რამდენიმე ფუტკრის ოჯახი შევიძინე და მეფუტკრე ფერმერი გავხდი.

- ზოგჯერ ხომ არ ნანობთ თქვენს გადაწყვეტილებას?

- არა, რადგან ფუტკარი საოცარი არსებაა. ერთი სკა ჩემი ოთახის ფანჯრის წინ მიდგას და ხშირად ვაკვირდები. დილით, როცა ფუტკრები იღვიძებენ, რაც უნდა გადაღლილი იყო, რაც უნდა ცუდ ხასიათზე გაიღვიძო, ამ პატარა, მუყაითი არსებების დანახვისას, შენც გიჩნდება სურვილი, იშრომო, შენი მარჯვენით რაღაც შექმნა, სასარგებლო საქმე გააკეთო.

ყოველთვის ვცდილობდი, ქართველი მეფუტკრეების გამოცდილება უცხოელების გამოცდილებით შემეჯერებინა. ალბათ, ამიტომ ჩემმა ფიჭიანმა თაფლმა ქართულ ბაზარზე მოწონება დაიმსახურა. მაქვს სამი პატენტი და ჩემს ოჯახში წარმოებული ფიჭიანი თაფლი ნებისმიერი უცხოური წარმოების ფიჭიან თაფლს გაუწევს კონკურენციას. ვაწარმოებ რამდენიმე სახის ნატურალურ თაფლსა და ფუტკრის რძეს.

10 წელიწადია, რაც თაფლის მომცემი მცენარეების მცირე სანერგე მეურნეობაც გავაშენე.

- როცა თაფლის წარმოებას იწყებდით, ფინანსების მოძიება არ გაგიჭირდათ?

- ყოველთვის ვცდილობდი, სხვადასხვა პროექტში მიმეღო მონაწილეობა. თავდაპირველად მონაწილეობა მივიღე კონკურსში "იდეა, ფული და ერთი შანსი", რომელიც საინტერესო პროექტებს აფინანსებდა. ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონია დაინტერესდა ჩემი ნოვაციით და ერთობლივი მუშაობა დავიწყეთ. თვე-ნახევარში "მილენიუმის" პროექტშიც გავიმარჯვე და მოპოვებული თანხით 150 ფუტკრის ოჯახი შემიძინეს. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩემი ფულიც ჩავდე და ასე გავხდი პროფესიონალი მეფუტკრე. ამის მერე მეფუტკრეობა დამოუკიდებლად განვაგრძე და გამოცდილებაც მეტი შევიძინე.

რამდენიმე დიდი და მცირე პროექტი მაქვს მოგებული. მათგან გამოვყოფდი აშშ-ის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამას, სადაც კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მე და ჩემმა მეგობრებმა 50-მდე მეფუტკრეს გადავეცით ფუტკრის ოჯახები და 1 წლის განმავლობაში ტრენინგებსაც ვუტარებდით. 50 ოჯახი ვაზიარეთ ახალ ბიზნესს და კარგ ქართულ საქმეს - მეფუტკრეობას.

- როგორც ვიცი, ინოვაციურ სკებს ამზადებთ, განსხვავებული მასალითა და ტექნოლოგიით...

- ოჯახში გვაქვს სახელოსნო, სადაც სკებს ვამზადებთ. დამზადების ტექნოლოგია სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივისგან. არსებობს აქსიომა, რომ ფუტკრის სამყოფელი ხისგან უნდა იყოს დამზადებული, რაკი ეს ბუნებრივი საცხოვრებელია. ჩვენი ტექნოლოგიით დამზადებული სკა ახალი სიტყვაა მეფუტკრეობაში: მისი კორპუსი, კედლები და სახურავი სამშრიანია. სკის შიდა ნაწილი, სადაც ფუტკარი ცხოვრობს, ხისაა, შუაში - პენოპლასტია მოქცეული, ხოლო გარედან - ალუმინის კილიტით (ანუ ფოლგით) არის დაფარული. სკის ძირიც ხისგან მზადდება.

ფინურ სკას, რომელსაც პენოპლასტისგან ამზადებენ, კონკურენტად არ მივიჩნევ, რადგან ჩემი სკა ხისგან მზადდება. საღებავებს არ ვიყენებ, ჩვენი სკის გარეთა დეტალები მოხარშულია პარაფინში ან ფუტკრის ცვილში, რათა ფუტკარმა ჯანსაღ გარემოში იცხოვროს. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული სკა თბოიზოლაციისა და ვენტილაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ჩვეულებრივ ხის სკაზე ის საშუალოდ 35%-ით მსუბუქია. ასეთი ტექნოლოგია ხელს უწყობს ფუტკრის ოჯახის სიჯანსაღეს, პროდუქტიულობასა და ხარისხიანი თაფლის წარმოებას. ეს სკა გაცილებით მოხერხებულია ქიმიური საშუალებებით მიღებულ სკებთან შედარებით.

უკვე მიღებული გვაქვს პატენტი "საქპატენტისგან" და დიდი სურვილი გვაქვს, ეს ინოვაცია საერთაშორისო მასშტაბითაც გავრცელდეს. ეს ტექნოლოგია ჩვენი ოჯახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, რადგან მისი ავტორები ჩემი შვილები არიან. ვახტანგი კონსულტანტია მეფუტკრეობის დარგში, ის სპეციალური პროგრამით 1 წელიწადს მუშაობდა გერმანიაში, ბიომეურნეობაში, სადაც დიდი ცოდნა შეიძინა. ნინო აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ფუტკრის დაავადებებს შეისწავლის. ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია, მაგრამ ისიც ნამდვილი მეფუტკრე გახდა: თაფლის ჩამოსხმა, დაფასოება, დახარისხება - ჩვენს ოჯახურ მეურნეობაში თითქმის ყველაფერი მას ევალება.

- ანუ ეს უკვე საოჯახო ბიზნესია?

- კარგა ხანია საოჯახო მეურნეობად ჩამოვყალიბდით. რასაც მე ვერ ვასწრებ, ჩემი შვილები აკეთებენ. პროდუქციის გაყიდვის პრობლემა არასოდეს შეგვქმნია, პირიქით. ამჟამად ორი ცნობილი ბრენდის სასტუმროებს ვამარაგებთ. ვმონაწილეობდით საერთაშორისო გამოფენა "ექსპოჯორჯიაში" და იქ სპეციალური სერტიფიკატი გადმოგვცეს. გამოფენაზე 2500-მდე ფერმერი იყო ჩამოსული რეგიონებიდან და ჩვენმა ინოვაციურმა სკის დამზადების ტექნოლოგიამ ბევრი ფერმერი დააინტერესა.

- უცხოელები თუ დაინტერესდნენ ამ ინოვაციით?

- გამოფენაზე იყო ჩინეთის წარმომადგენელი, რომელმაც შემომთავაზა, ჩვენ ჩავდებთ ფულს ამ სკების წარმოებაშიო. ასევე დაინტერესდა ჩვენი სკებით ირანელი ინვესტორი, მას ახალი ტექნოლოგიით 100 სკა უნდა დავუმზადოთ. ასეთ სკაში ფუტკარი უკეთეს პირობებშია, უფრო ჯანსაღია და მეტ მაღალხარისხიან თაფლს გვაძლევს.

ხათუნა ჩიგოგიძე