სამეფო კაკლით ევროკავშირი დაინტერესდა - კვირის პალიტრა

სამეფო კაკლით ევროკავშირი დაინტერესდა

"თუკი დაიწყო ჩვენი ნუშის ევროპაში გატანა, მართლაც ამოვისუნთქებ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩემი ნუში ევროპაში ვერ წავიდა, ჩვენთანაც არ დამრჩებაგაუყიდავი, ეტაპობრივად გავყიდი - ნუში ხომ კარაქი არ არის, ერთ დღეს გააჩერო და მეორე დღეს უკვე აღარ ვარგოდეს"

"ნაყოფის სარგებლიანობასთან ერთად ნუშის ყვავილები გაზაფხულზე ისე ლამაზად აფეთქდება, რომ მისი მაცქერალი ცუდ ხასიათზე ვერ დადგება"

ნუში, - ულამაზესი და სასარგებლო! ჩვენს ქვეყანაში ნუშზე წარმოდგენა ძირითადად სწორედ ასეთია; თუმცაღა, ნუშს არანაკლებად ან უფრო მეტადაც დადებითი მხარე აღმოაჩნდა, - მატერიალური. ნუშით, რომელსაც სამეფო კაკალსაც უწოდებენ, ევროკავშირიც დაინტერესებულია. ქვეყანაში ნუშის 2 ადგილობრივი ჯიში არსებობს. აქედან ერთ-ერთი, საუკუნოვანი ენდემი, ბუჩქოვანი მცენარეა ულამაზესი ვარდისფერი ყვავილებით. მეორე კი 10-მეტრიანი ხეა, რომელიც, სელექციის მიხედვით, ისხამს მომწარო, სქელნაჭუჭიან თუ მოტკბო, თხელნაჭუჭიან ნაყოფს. ყველა შემთხვევაში, ნუში უებარია ჯანმრთელობისთვის. ბუჩქოვან ნუშს აგრეთვე იყენებენ ფერდობების გასამაგრებლად და ნუშის დამყნობისას სადედეების დასამზადებლად.

ადგილობრივ ბაზარზე ნუშს ფასი ყოველთვის ედო, თუმცა ნუშის პლანტაციების გაშენება დიდი პოპულარობით როდი სარგებლობდა. ბოლო წლებში, როცა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის ბაზრის კარი ნელ-ნელა იხსნება, საქართველოში ნუშის მოშენებითაც დაინტერესდნენ - ჯერჯერობით, თითზე ჩამოსათვლელი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ შრომისმოყვარეობითა და კარგი ალღოთი. ასეთად იცნობენ დედოფლისწყაროში სოფელ სამთაწყაროელ ჯემალ კილაძესაც. აჭარელი ეკომიგრანტი აქ წლების წინ დასახლდა და დაუღალავი შრომით დაიგდო კარგი სახელი. არა მხოლოდ თვითონ, მისმა შვილებმაც. მის სტუდენტ ვაჟს შრომისმოყვარეობასთან ერთად, შეუმცდარი ინტუიციაც აღმოაჩნდა: როცა მეზობელ სოფელ ფიროსმანში 5 წლის წინ ერთ-ერთმა გერმანულმა ორგანიზაციამ ნუშის ნერგების გამოყვანა დაიწყო, მამას შეუთანხმდა, მოდი, ნუშის ნერგები ჩვენც შევიძინოთ, პლანტაციები გავაშენოთო.

- შვილის ნათქვამი არ გამკვირვებია, ბავშვობიდან არის შრომას მიჩვეული; სულ რაღაც სიახლეებს დაეძებს და არასწორს არაფერს მეტყოდა. მეც დავუჯერე. ჯერ ერთი, ნუში გაუყიდავი არ დარჩება, იმ დროისთვის ბაზარზე ბითუმად 2-3 ლარად ბარდებოდა და ჩვენთვის არც ეს იყო მცირე თანხა. გარდა ამისა, დედოფლისწყარო ნახევრად უდაბნოა, უკანასკნელი წლების სიცხეებმა თითქმის ყველა ხილი გაახმო ჩემს ეზოშიც, მხოლოდ ნუშის ხე გადამირჩა. ასე რომ, ნუშის გაშენება დიდ ფართობზე ღირდა, მაგრამ საამისო თანხა არ მქონდა. ძალიან გამიხარდა, როცა სახელმწიფო დამეხმარა, პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში მომეშველნენ. მეც მიწა დავამუშავე და ნერგების შესაძებნად წავედი.

გერმანელები ნერგების გამოყვანას ქართულ სადედეზე ევროპული ჯიშის მომწარო ნუშის დამყნობით აპირებდნენ, მაგრამ როცა ქართული ნუშის გემო გასინჯეს, გადაწყვეტილება ერთხმად შეცვალეს და ნერგების გამოყვანა ქართული ტკბილი ნუშით დაიწყეს. ამასთან, სულ სხვა მეთოდით, ვიდრე ჩვენ გამოგვყავს. ჩვენ გაზაფხულზე ვამყნობთ, გერმანელებმა კი მყნობა ივნისში დაიწყეს და აგვისტოს ბოლომდე გააგრძელეს.

- ალბათ, ნერგებს უხვად რწყავდნენ, თორემ, ცხადია, უწყლოდ, თანაც დედოფლისწყაროში, ვერ გაიხარებდა.

- ნერგი უწყლოდ არ გაიხარებს, მაგრამ ივნის-ივლისში დამყნობილი კვირტი იმდენად კარგად უხორცდება სადედეს, რომ ოქტომბერში მისი გადატანა და დარგვა ნებისმიერ ნიადაგში შეიძლება. აგვისტოს ნამყენს კი შეხორცება აგვიანდება. ასე რომ, ივლისში დამყნილი ნერგები შევიძინე, თანაც ფოთოლგამოსული - ნუშის კვირტიდან თავდაპირველად სამი ფოთოლი გამოდის, რომელსაც "პეპელას" ეძახიან. სწორედ ეს პეპელა ჰქონდა გამოსული. სხვათა შორის, ჩვენში გაფოთლილი ნერგების დარგვასაც ვერიდებით, ამიტომაც შემეშინდა - 500 ნერგი უნდა შემეძინა 1,5 ჰექტარი ფართობისთვის, თანაც თითო 1,5 ლარად, ჩემი შრომის წყალში გადაყრასაც ვერიდებოდი. ამიტომაც ტაქსი დავიქირავე და გურჯაანიდან ის ხალხი ჩამოვიყვანე, რომლებიც სოფელ ფიროსმანში გერმანელებთან ერთად მუშაობდნენ ნუშის ნერგების გამოყვანაზე. დახედეს გაკვირტულ ნერგებს და მითხრეს, უშიშრად წაიღე, გაიხარებსო. მეც წამოვიღე და უკვე დამუშავებულ მიწაზე დავრგე. თითქმის ყველა ნერგმა გაიხარა. რაც გახმა, იმასაც სადედე გადარჩა და მომდევნო წელიწადს თავად დავამყენი ქართული ნუში.

- კვირტის შოვნა არ გაგიჭირდებოდათ, ეზოში გქონიათ ნუშის ხე.

- ნამდვილად არ გამჭირვებია. დარგვიდან მეორე წელიწადს ნუშის პლანტაციამ პირველი ნიშანი გამოისხა, მესამე წელიწადს კი ბლომად ნუში ჩავაბარე ბაზარს; მეოთხე წელიწადს, ანუ 2015 წელს, ნახევარი ტონა ნუში დავკრიფე და კილოგრამი 5-6 ლარად ჩავაბარე. ამ შემოდგომაზე შედარებით მცირე მოსავალი გვქონდა, რადგან გაზაფხულზე ყინვამ რამდენჯერმე დაჰკრა და მომიყინა. მხოლოდ საგვიანო ჯიში გადარჩა. ამან ჭკუა მასწავლა და ახლა უკვე 4 ჰექტარზე ამერიკიდან ჩამოტანილ კვირტზე დამყნილი ნერგების დარგვას ვაპირებ, რომელიც ნიქოზის სანერგე მეურნეობაში უნდა შევისყიდო. ეს ჯიში საგვიანოა, შედარებით ყინვაგამძლე და გაზაფხულის ყინვები ვერაფერს დააკლებს.

- ნუშის პლანტაციის გაფართოება, ალბათ, იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ მის სარგებლიანობაში დარწმუნდით.

- რა თქმა უნდა. გარდა იმისა, რომ რაც მოვიყვანე, ყოველთვის გავყიდე, როგორც მითხრეს, ნუშით უკვე ევროკავშირის ბაზარზეც დაინტერესდნენ. ასე რომ, თუკი მართლაც დაიწყო ჩვენი ნუშის ევროპაში გატანა, მაშინ მართლაც ამოვისუნთქებ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩემი ნუში ევროპაში ვერ წავიდა, რასაც ამ 4 ჰექტარზე მოვიწევ, ჩვენთანაც არ დამრჩება გაუყიდავი, ეტაპობრივად გავყიდი - ნუში ხომ კარაქი არ არის, ერთ დღეს გააჩერო და მეორე დღეს უკვე აღარ ვარგოდეს.

- პლანტაციის მოვლას როგორ აგვარებთ?

- როგორც ვთქვი, ნუში გვალვაგამძლეა და ბევრი მორწყვა არ სჭირდება, ასე რომ, ზაფხულში, როცა დიდ სიცხეებს დაიჭერს, ტრაქტორზე დამაგრებული ცისტერნით ვრწყავ რიგებს შორის, თვეში ორჯერ. დიდი მოვლა არ უნდა, - ჩვენს მხარეში ეზოებში ნუშის ხეები ისე უდგათ, რომ ძირებს არავინ უნოყიერებს, მაგრამ თუკი გინდა, კარგი პლანტაცია გქონდეს, რასაკვირველია, გაზაფხულზე ძირების შემობარვა და მინერალებით გამდიდრება კარგ შედეგს მოგცემს. როცა ხე მცირე ზომის არის, გაზაფხულზე გასხვლაც შეიძლება, რათა უკეთესად მოისხას. როცა ხის სიმაღლე 6 მეტრამდე ავა, მისი გასხვლა ძნელდება.

- ნუშის დაკრეფა საინტერესო პროცესი იქნება.

- სანამ ჩემი ნუშის პლანტაცია სიმაღლეში არ წასულა, ხელით ვკრეფთ, მაგრამ როცა ხეები გაიზრდება, მაშინ ამას ვეღარ შევძლებთ... ალბათ, ისე მოგვიწევს ხეების დაბერტყვა, როგორც კაკალს ვბერტყავთ.

- ლამაზი სანახავი იქნება მიწაზე დახვავებული ნუში. სხვათა შორის, მისი ნაყოფი ზოგიერთ ქვეყანაში წარმატების სიმბოლოდაც ითვლება. ინგლისში ნუშს, როგორც წარმატებისა და სიყვარულის სიმბოლოს, ქორწილის ყველა სტუმარს ურიგებენ.

- ეს არ ვიცოდი. თუმცა ნუშის სიკეთის ამბავი ქართველებმაც ვიცით და მის გახარებას ჩვენ-ჩვენს ეზოებში ყველა უნდა ვეცადოთ. ნაყოფის სარგებლიანობასთან ერთად ნუშის ყვავილები გაზაფხულზე ისე ლამაზად აფეთქდება, რომ მისი მაცქერალი ცუდ ხასიათზე ვერ დადგება.

ეთერ ერაძე