მუხუდო რომ გავალაღოთ.... - კვირის პალიტრა

მუხუდო რომ გავალაღოთ....

"მუხუდო სარგებლიანობით ლობიოს უსწრებს, ამიტომ არ ინანებთ, თუკი დათესავთ"

იმ მცენარეებს შორის, რომელთაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, მუხუდო გამორჩეული კულტურაა. ხორბლის მსგავსად, გაზაფხულზეც შეიძლება დაითესოს და შემოდგომაზეც, ყინვაგამძლეა და არც ძნელი მოსავლელია. წარსულში ცნობილი ეს კულტურა მოგვიანებით ლობიომ ჩაანაცვლა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამით ქართულ მრავალფეროვან სამზარეულოს ელფერი დააკლდა, ჩვენ კი - მნიშვნელოვანი მასაზრდოებელი. პარკოსანთა შორის სწორედ მუხუდოს აქვს ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველაზე სრულყოფილი ცილა და ცხიმები, შესაბამისად, შეუძლია ცხოველური საკვები ჩაანაცვლოს. ამასთან, მუხუდო შეუცვლელია დიაბეტიანებისთვის. იგი ლობიოზე ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს, რის გამოც ორგანიზმი კარგად ითვისებს და გადამუშავება არ უჭირს.

საქართველოში მუხუდო ჯერჯერობით კვლავ მცირე რაოდენობით მოჰყავთ, თუმცაღა ქართული კულტურების აღორძინებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, ახალციხეში, მისი მოყვანა უკვე დიდ ფართობზე დაიწყეს. სოფელ ღრელში ლია თედორაძეს მშვენიერი ნაკვეთი აქვს და კარგი მოსავალიც მოჰყავს.

- ლობიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ტრადიციული, ცილებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი მუხუდოს, ცულისპირას თუ ოსპის ლობიოთი შეცვლამ ჩვენი სამზარეულო გააღარიბა, ჩვენი ჯანმრთელობა კი შეასუსტა. მაგრამ ვერც მოსახლეობას ვამტყუნებ - ყველაფერს აგიტაცია სჭირდება, მათ შორის ქართული კულტურების სასარგებლო თვისებებსაც. პროფესიით აგრონომი ვარ, მუხუდოს სასარგებლო თვისებების შესახებ ყველაფერი ვიცი და მისი მოყვანა ჩემთვის პრიორიტეტია, მით უფრო, რომ დიაბეტიანი მეუღლე მყავს და ვიცი, ეს მისთვის აუცილებელია, თუმცა, მუხუდოს კერძებს ოჯახის სხვა წევრებიც მშვენივრად გეახლებით.

- თესლი როგორ ინახება და რამდენი წლის მუხუდოს დათესვა შეიძლება?

- ეს გამძლე ძლიერღეროიანი მცენარეა, რომელიც მშვენივრად უძლებს გაზაფხულის ყინვებსა და გვალვებს. მისი თესლიც გამძლეა - სამი წლის მუხუდოს დათესვაც კი შეიძლება. კარგად აღმოცენდება და გაიხარებს.

რაც შეეხება შენახვას... ჩვენს კუთხეში, სადაც მკაცრი ზამთარია, მუხუდოს თესლს სულ იოლად ვინახავთ. მას აქ მკაცრი კლიმატის გამო მავნებელი არ უჩნდება. ასე რომ, შეიძლება მომინანქრებულ ქვაბებშიც შევინახოთ. შენახვა ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში უფრო ჭირს, რადგან მუხუდოს ლობიოს მავნებელი, გრძელცხვირა ესევა და ხრავს. თუმცა მასთან ბრძოლაც შეიძლება. კახეთში, ლობიოს თესლს გრძელცხვირას ჭუპრი რომ არ გაუჩნდეს, მდუღარე წყალში სწრაფად ავლებენ (ისე, რომ არ დალბეს), მერე კი გასაშრობად ფენენ.

აღმოსავლეთ საქართველოში მუხუდოს შემოდგმაზეც თესავენ, რადგან იქ შედარებით თბილი ჰავაა, ჩვენ კი მას მარტში ვთესავთ, თუმცა წინასწარ მოხნულ ნიადაგში, რომელშიც შენარჩუნებულია ნესტი. ეს აუცილებელია, რომ მუხუდოს მარცვალი გაღვივდეს.

შემოდგომაზე მოხნულ ნიადაგში კი ნაკელიც უნდა შევიტანოთ. ამით მუხუდოს უფრო გავალაღებთ. გვიან შემოდგომაზე ხსნადი სასუქების შეტანაც შეიძლება - გაზაფხულისთვის უკვე ნიადაგშია გადასული ნივთიერებების სახით. მაგრამ ეკოლოგიური სიჯანსაღისთვის, რასაკვირველია, ნაკელის შეტანა სჯობს.

და ერთიც: ხშირად ვეუბნები ჩვენი კუთხის მოსახლეობას, რომ ნაკელს ღიად ვყრით, ამ დროს კი მისი სასარგებლო ნივთიერებები წყლით ირეცხება და ნაკვეთში უკვე გაღარიბებული ნაკელი შეგვაქვს. ვინც ნაკელს ხმარობს, უნდა ახსოვდეს - ყველაფერს მოვლა უნდა! ნაკელი უნდა ინახებოდეს ხის ან ბეტონის რეზერვუარებში, საიდანაც სასარგებლო ნივთიერებები არ გადაირეცხება.... ჩვენთან მარტში დათესილი (ითესება ლობიოს მსგავსად 2-3 მარცვალი. მწკრივებს შორის მანძილი 45 სანტიმეტრია, ნათესებს შორის კი - 6-7 სმ) მუხუდო აპრილში ამოიწვერება და დიდი მოვლაც არ სჭირდება. მორწყვა არ უნდა, გათოხნა კი შეიძლება ორჯერაც ეყოს, გააჩნია სარეველას რაოდენობას. მეორე გათოხნაზე შეიძლება მიწაც შემოვაყაროთ.

- მუხუდოს ასეთი გვალვაგამძლეობა, ალბათ იმითაც აიხსნება, რომ უხეში ღერო და პარკი აქვს.

- დიახ. მუხუდო 80 სანტიმეტრამდეც იზრდება და ღერო მართლაც უხეში აქვს. თუმცაღა, აღების შემდეგ მაინც კარგი საკვებია ცხოველებისთვის. პირუტყვი ღეროს არ ჭამს, მაგრამ მუხუდოს ტოტები პირუტყვს საუკეთესო საკვებით ანაყრებს. სხვათა შორის, საქართველოში მუხუდოს სპეციალური ჯიშები არსებობდა, რომელთაც მხოლოდ პირუტყვის საკვებად იყენებდნენ. მუხუდოს 24 ჯიში იყო გავრცელებული: თეთრი მუხუდო, წითელი, გოგრა მუხუდო და სხვ.

- რას მივიღებთ, მაგალითად, ერთი კილოგრამი მუხუდოს დათესვით?

- ჰექტარზე დათესილი 80-100 კილოგრამი მუხუდოსგან შეიძლება მიიღო 4 ტონა მუხუდოს მოსავალი. მართალია, ეს ოდნავ ნაკლებია ლობიოს მოსავალზე, მაგრამ მუხუდომ სარგებლიანობით შესაძლოა ლობიოს გაუსწროს, ამიტომ არავინ ინანებთ, თუკი დათესავთ. სხვათა შორის, მუხუდოს აღება კომბაინითაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივად, ლობიოს მსგავსად, ხელით ვიღებთ აგვისტოში და ვცეხვავთ კეტით. მუხუდოს ერთ პარკში უმთავრესად 2 მარცვალია, იშვიათად კი - 3-4.

- მუხუდოს კერძები ახსენეთ. რას ამზადებთ ხოლმე?

- ყველა კერძს, რაც ლობიოთი მზადდება და ძალიან გემრიელია. ვისაც ნამდვილი სოიის კატლეტი უჭამია, დაახლოებით მისი გემო აქვს. მუხუდო არაჩვეულებრივია სალათებშიც. უგემრიელეს აღმოსავლურ ჰალვასა და რაჰათ-ლუქუმსაც სწორედ მუხუდოსგან ამზადებენ. მისი მწვანე, მოუმწიფებელი მარცვალი გამოიყენება როგორც მწვანე ბარდა, ფქვილს კი იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში და მაკარონის დასამზადებლად. საქართველოში ცნობილი იყო მუხუდოს მჭადიც, რომელსაც სამეგრელოში ამზადებდნენ და სტუმრებიც გემრიელად მიირთმევდნენ.

ეთერ ერაძე