"მორთეთ თქვენი ნაძვის ხე საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოებით"
19-12-2016
"მორთეთ თქვენი ნაძვის ხე საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოებით"
წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ყველა საკუთარი გარემოს, სახლის გალამაზებაზე ზრუნავს. ზოგს ტრადიცია აქვს, ყოველ წელს ნაძვის ხისთვის ახალი სათამაშო-სამშვენისი შეიძინოს, ზოგიც თვითონ ამზადებს.

წინასაახალწლო განწყობა და დიდი სამზადისია ხელნაკეთი ნივთების სტუდიაშიც, სადაც უამრავი თვალისმომჭრელი ნივთი მზადდება, როგორც ბუნებრივი (ხეები, ტოტები, გირჩები, კაკალი, ნუში, თხილი, ფოთლები...), ისე ხელოვნური მასალისგან.…

დიზაინერები და მხატვრები ერთი თვით ადრე ყველა საჭირო ნივთსა თუ მასალას იმარაგებენ და როცა ყველაფერს თავს მოუყრიან, მუშაობასაც იწყებენ. ცდილობენ, ერთმანეთის მსგავსი სათამაშო
არ შექმნან. ამჯერად სწორედ ისინი დაეხმარებიან იმ ადამიანებს, ვისაც საახალწლო სათამაშოების დამზადება საკუთარი ხელით უყვართ. გვასწავლიან, როგორ შევქმნათ ორიგინალური სამშვენისი, რომელიც ჩვენს ნაძვის ხეს მოუხდება.

მაია ქუთათელაძე, დიზაინერი:

- წლის განმავლობაში უამრავ მასალას ვაგროვებთ, რომელიც ფანტაზიის "გახსნაში" გვეხმარება.
- ამ სათამაშოების დამზადება ყველას შეუძლია?
-
თუ ვინმე მოინდომებს, მშვენივრად გაართმევს თავს. თუკი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ - ნაძვის ხეებით დაწყებული, სათამაშოებით დამთავრებული, სხვებიც შეძლებენ.

- დღეს რას გავაკეთებთ, რა შეგვიძლია ვასწავლოთ ჩვენს მკითხველს?

- ერთ ჩვეულებრივ ბურთს ისე ავაბრჭყვიალებთ, რომ მართლაც სადღესასწაულო განწყობა შეგვიქმნას.

- ამისთვის რა გვჭირდება?

- ნაძვის ხის უბრალო სათამაშო,­ თუნდაც ძველი, ხელოვნური მცენარის ტოტები, ყვავილები, წებო (ორნაირი), ფუნჯი, სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ფხვნილი.

მუშაობას ვიწყებთ ასე:
ვიღებთ ხელოვნურ ყვავილს, რომელსაც ფუნჯით ვუსვამთ თეთრ წებოს (ე.წ. პვო-ს), რომ­ელიც ოდნავ წყალში უნდა იყოს გაზავებული. შემდეგ ვაყრით ბრჭყვიალა ფხვნილს და გასაშრობად გვერდზე გადავდებთ. ასეთივე წესით ვაბრჭყვიალებთ ხელოვნური ყვავილის ტოტებსა და ფოთლებს...

სასურველია, მაგალითად, წითელი ფერის ყვავილი წითლად ავაბრჭყვია­ლოთ, თუმცა მაინც გემოვნების საკითხია­ და თქვენ გადაწყვიტეთ, რა როგორ გააფერადოთ.

ფოთოლი და ყვავილი რომ გაშრება, თითოეულს თანამიმდევრულად დავაწებებთ სათამაშოზე ცხელი წებოთი (პისტოლეტის ფორმის მოწყობილობით). ბურთზე, ხელოვნური ყვავილებისა და ტოტების ნაცვლად, გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების გამოყენებაც შეგვიძლია, რაც ადრე ზაფხულზე და შემოდგომით უნდა გვქონდეს შეგროვებული.

ამჯერად ბურთი არ მოგვირთავს, თუმცა თქვენი გემოვნებითა და სურვილით მისი გალამაზებაც შეგიძლიათ, ვთქვათ, მასაც წავუსვათ წებო და მივაყაროთ ფერადი ბრჭყვიალები.

- ბურთის შეძენა სად შეიძლება?

- სადაც საახალწლო პლასტიკური სათამაშოები იყიდება. ისინი კარგი იმიტომ არის, რომ არ ტყდება, თუმცა ვიმეორებ, ძველი სათამაშოს გამოყენებაც შეგვიძლია და მათი სხვადასხვა ფერით აბრჭყვიალებაც.

ისე, ხელოვნურ ყვავილებს თუ წინადღით გავაკეთებთ, მეორე დღისთვის გაშრება, გამაგრდება და ბურთზე მათი დაწებებაც გაადვილდება.

- წებო სად ვიყიდოთ?

- სპეციალურ მაღაზიებში, ან ბაზრობაზე. ერთი წებო უკვე გითხარით, რომ წყალ­ში უნდა გაზავდეს, ცხელი წებო კი გვეხმარება, რომ ბურთზე კარგად დავამაგროთ ყვავილი და ტოტი.

- რა დროს დასჭირდება ამ სამზადისს?

- თუ გვინდა, რომ კარგად აბრჭყვიალდეს, გაშრობა უნდა დავაცადოთ. ამიტომ, როგორც ვთქვით, ორი დღე დასჭირდება. წინადღეს წავუსვათ და გავაფერადოთ, მეორე დღეს კი დავაკრათ და დავაწებოთ ბურთს.

მთავარია ფანტაზია და ამ მეთოდით შეგიძლიათ უამრავი სხვადასხვა ფერისა და ფორმის სათამაშო დაამზადოთ. ძალიან ლამაზი სათამაშო გამოდის, როდესაც ბურთს ხავერდის ან კუბოკრულ ნაჭერს ვაკრავთ და შემდეგ ხელოვნურ ყვავილებს ან სულაც მძივებს ვაწებებთ. გირჩევთ, მორთოთ თქვენი ნაძვი საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოებით, რადგან ამ ხის გალამაზებას მეტი სიყვარულით მოეკიდოთ. შინ კი სითბო და ბედნიერება დაისადგურებს...

წარმატებებს გისურვებთ!

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა