ჩვენი ალერსიანი მხეცი მანუელა
26-12-2016
ჩვენი ალერსიანი მხეცი მანუელა
"მარტორქა აგრესიული ცხოველია, მაგრამ ეს სახეობა ყველაზე მშვიდია. მანუელაც მიჩვეულია ადამიანებთან ურთიერთობას.ჩვენს დაძახებაზე ყოველთვის მოდის და მოსწონს, როცა უვლიან და ეფერებიან"

"თეთრი მარტორქა მსოფლიოში იშვიათია და ნებისმიერი ზოოპარკისთვის დიდი მონაპოვარია. ევროპაშიც ბევრ ზოოპარკს არ ჰყავს თეთრი მარტორქა. ეს სამხრეთული სახეობა ზომით მხოლოდ ინდურ მარტორქას ჩამორჩება. თეთრი მარტორქის რქაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო და არის - დღემდე ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. განადგურების მთავარი მიზეზიც ეს არის"


მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ზოოპარკებს ყოველწლიურად
მილიონობით კაცი სტუმრობს. მაგალითად, ბერლინის ზოოპარკში 17 500-მდე ცხოველია და მათ დასათვალიერებლად წელიწადში 3 მილიონამდე სტუმარი მიდის. რა თქმა უნდა, თბილისის ზოოპარკი ასეთი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქაც ბევრი უნიკალური­ სახეობა ბინადრობს. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თითოეულ მათგანს ბავშვივით უვლის, ისინიც გრძნობენ ადამიანის სიყვარულს. ბატონი
ზურაბი თბილისის ზოოპარკში მობინადრე იშვიათ, უნიკალურ ცხოველებს გვაცნობს.

- რეგიონში თბილისის ზოოპარკი ერთ-ერთი გამორჩეულია. ბევრი ისეთი სახეობა გვყავს, რომელიც გადაშენების პირასაა და მსოფლიოში იშვიათობა გახლავთ.­ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამდე უფრო მეტი საინტერესო ცხოველი გვყავდა, მაგრამ ახლაც არის იშვიათი ჯიშები, რომლებითაც მსოფლიოს ნებისმიერი ზოოპარკი იამაყებდა.

- რომელს გამოყოფდით?

- უპირველესად თეთრი მარტორქა უნდა დავასახელო. მას მანუელა ჰქვია, სამხრეთ აფრიკიდან ჩამოგვიყვანეს. თეთრი მარტორქა მსოფლიოში იშვიათია და ნებისმიერი ზოოპარკისთვის დიდი მონაპოვარია. ევროპაშიც ბევრ ზოოპარკს არ ჰყავს თეთრი მარტორქა. ეს სამხრეთული სახეობა ზომით მხოლოდ ინდურ მარტორქას ჩამორჩება. თეთრი მარტორქის რქაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო და არის - დღემდე ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. განადგურების მთავარი მიზეზიც ეს არის.
მარტორქა აგრესიული ცხოველია, მაგრამ ეს სახეობა ყველაზე მშვიდია. მანუელაც მიჩვეულია ადამიანებთან ურთიერთობას, თუმცა, მასთან თამაში და შეთამამება არ შეიძლება. ჩვენს დაძახებაზე ყოველთვის მოდის და მოსწონს, როცა უვლიან და ეფერებიან. ამ და სხვა თვისებებითაც მარტორქები სპილოებს ჰგვანან.

- რამდენი სპილოა ჩვენს ზოოპარკში?

- სპილო, თეთრ მარტორქასთან ერთად, ყველაზე ძვირად ღირებული ცხოველია. ისიც დიდი საფრთხის წინაშე დგას ეშვის გამო. პლანეტის ყველაზე დიდი ცხოველია და გონიერებით გამოირჩევა. ნებისმიერი ზოოპარკისა და ქვეყნისთვისაც კი, დიდი მოვლენაა სპილოს დაბადება­ და ამ ამბავს მაშინვე მსოფლიო იგებს.­ ინდოეთშიც კი, სადაც სპილოს შინაურ ცხოველად იყენებენ, მათი გამრავლება იშვიათია.
სპილოს მოვლაც რთულია, რადგან ადამიანივით ხშირად ავადმყოფობს. ერთხელ ჩვენ გვქონდა ბედნიერება, გაგვემრავლებინა ეს ცხოველი - პატარა "ბულკა" შეგვეძინა. მისი გაჩერება აქ ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ერევნის ზოოპარკს გადავეცით, იქიდან კი მამრი სპილო წამოვიყვანეთ. ახლა თბილისის ზოოპა­რკს ორი სპილო ჰყავს - "გრანდი" და "ბალკა", დედალ-მამალი. იმედი გვაქვს, რომ ისინიც გაგვახარებენ პირმშოთი.

- იშვიათ ცხოველებს შორის რომელს დაასახელებთ?

- უთუოდ უნდა ვახსენო წინააზიური­ ლეოპარდი. ეს სახეობა ერთ დროს საქართველოშიც იყო გავრცელებული. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთი ლეოპარდი შენიშნეს ვაშლოვნის ეროვნულ პარკში,­ მაგრამ შემდეგ გაქრა. დღეს ლეოპარდი მეზობელ ქვეყნებშიც მცირე რაოდენობით გვხვდება.

ჩვენ საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ ორი ლეოპარდი - "ედუარდი" და "სალამი". ლეოპარდს დამალვა უყვარს და ზოოპარკის სტუმრებს მისი გადაღება უჭირთ. ის საკმაოდ მშვიდი და წყნარი ცხოველია.
ჩვენი ზოოპარკის სიამაყეა თეთრი ლომი "სამუელი" და მისი "მეუღლე" "კლეოპატრა", რომლებსაც უკვე ექვსი შვილი ჰყავთ.­ სამი - 2 წლისაა, დანარჩენები - რამდენიმე თვის.

- ალბათ, იშვიათი ფრინველებიც გყავთ...

- იშვიათ ფრინველებს შორის თბილისის ზოოპარკში ბინადრობს სვავი, რომელსაც ყოველთვის დევნიდნენ არასწორი შეხედულებებისა და ცრურწმენების გამო. სვავი არც ერთ სულიერ არსებას არ ვნებს. ამ ფრინველის შენარჩუნება და გადარჩენა მნიშვნელოვანი საქმეა, ის ჩვენი, ადგილობრივი სახეობაა.

- იშვიათი თევზები და ქვეწარმავლებიც გყავთ?

- ჩვენი ზოოპარკის ბინადარ თევზებს­ შორის უპირველესად სამხრეთამერიკულ აროვანას გამოვარჩევ. მას შეუძლია წყლიდან რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე ამოხტეს და ფრინველიც კი დაიჭიროს! ჩვენს აკვარიუმში მობინადრე ოკეანის ბინადარი მურენაც იშვიათი სახეობაა. ეგზოტარიუმში გვყავს იშვიათი სახეობის ქვეწარმავლები. მათ შორის არის ადგილობრივი მსხვილი გველგესლა და კავკასიური გველგესლა, სახიფათოები - მრისხანე გველგესლა, ჩხრიალა გველი, სხვადასხვა კობრა. ჩვენი კლდის პითონის სიგრძე 4 მეტრია, თავისუფლად შეუძლია ადამიანის გაგუდვა.

- ალბათ მათი მომვლელებიც ფრთხილობენ.

- ზოოპარკის თანამშრომლები რისკის ქვეშ არიან, რადგან უშუალო კონტაქტი აქვთ საშიშ ცხოველებთან. შხამიან გველებთან და მტაცებლებთან მუშაობა და მათი გამოკვება სახიფათოა. პროფესიონალიზმი ამ საქმეში აუცილებელია.
იყო შემთხვევები, როცა ცხოველებმა ზოოპარკის სტუმრები დააზიანეს, რადგან ისინი იქ გადაძვრნენ, სადაც არ უნდა გადამძვრალიყვნენ. ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ მტაცებლები არიან აგრესიულები, შველი, ირემი და ჩვეულებრივი ვარხვიც კი, რომელიც უწყინარი გგონია, საკმაოდ აგრესიულები არიან. ამიტომ ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

"კარგი მთქმელი"


"ლურჯ-ყვითელი თუთიყუში მაკაო სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და იშვიათობას წარმოადგენს. მის პოპულარობას განაპირობებს უჩვეულო შეფერილობა და ის, რომ ბევრს სურს შინ ჰყავდეს. ეს არის მთავარი მიზეზი, რამაც მისი შემცირება გამოიწვია. მაკაო ძალიან კარგად ლაპარაკობს, საოცრად ლამაზიც არის და ჭკვიანიც. ის ძვირად ფასობს".

უკეთური მოპყრობის მსხვერპლი


"კეთილშობილი ირემი ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ საქართველოში მისი რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა ზოოპარკებისთვის, რადგან მისი მოძიება რთულია. საქართველოში გადაშენების პირასაა. თბილისის ზოოპარკი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ისინი მრავლდებიან. ჩვენ რამდენიმე კეთილშობილი ირემი სომხეთიდან ჩამოვიყვანეთ და ახლა აქ ვამრავლებთ, რათა მერე ბუნებაში დავაბრუნოთ. იგივე მდგომარეობა გვაქვს ნიამორებზეც, რომელთა რიცხვი არა მარტო საქართველოშია შემცირებული, არამედ ყველგან. საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთში ბინადრობს, ხევსურეთში კი თითო-ოროლას მოძიება შეიძლება".

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით