"ბაკურციხელ ნიფნიფებს" კერია არასოდეს გაუცივდებათ
02-01-2017
"ბაკურციხელ ნიფნიფებს" კერია არასოდეს გაუცივდებათ
"მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა და კიდევ ბევრი ცუდი მოხდა მსოფლიოში, ბუნებრივი ციკლი არ დარღვეულა, რასაც უნდა მოეჭიდო. ეს გადაარჩენს სამყაროს"

"წვიმის წყლის აუზში 10 ტონა წყალს ვინახავთ. მასში ფილტრაციისთვის მცენარეებიც ჩავრგეთ, თევზები გავუშვით, გვყავს კუ"


გახსოვთ, ალბათ, გასული წლის დასაწყისში ერთი საინტერესო ოჯახის შესახებ გიამბეთ. მათ კახელებმა "ბაკურციხელი ნიფნიფები" შეარქვეს.
ექიმმა დავით ჩაჩანიძემ და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დათმეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი),
ტრიალ მინდორზე დასახლდნენ, სადაც საკუთარი ხელით ნამჯის სახლი ააშენეს, გამართეს და მეურნეობასაც მოჰკიდეს ხელი...

რადგან სტატიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენს ვებგვერდზეც ერთ-ერთი მოწინავე იყო მკითხველთა რაოდენობით, ამიტომ საახალწლო ნომერშიც ამ ადამიანებს შეგახვედრებთ. ეს ოჯახი საკვირველი მაგალითია, როგორ შეიძლება ადამიანი ტრიალ მინდორზე დასახლდეს, პრობლემებს არ
შეუშინდეს და იქ ცხოვრება მოიწყოს.

- გავიხსენოთ შარშანდელი ახალი წელი - როგორი იყო ის თქვენს საოცნებო სახლში?

თინა: - ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ახალი წელი იმხელა თოვლით მართლაც იშვიათად მქონია. თან - იმ გარემოში და ჩვენი პატარა სახლით, ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა... სამომავლოდ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და გასაკეთებელი, ამ ეტაპზე კი ნამდვილად მივაღწიეთ იმას, რაც ოთხი წლის წინ დავგეგმეთ.

- რას მიიჩნევთ თქვენს გასული წლის მიღწევად?

- მზის წყლის გამათბობელს. რა სჯობია სახლში კომფორტს? წვიმის წყლით შექმნილი ტბითაც ვიწონებთ თავს.
დავითი: - მნიშვნელოვანია სანწერტილებიც (კანალიზაცია, აბაზანა). სოფელში ბევრ ადამიანს ვხვდებით, ველაპარაკებით, განსაკუთრებით მათ, ვისაც დედაქალაქში წამოსვლა უნდა. ქალბატონები პირველ მიზეზად კომფორტს (ცხელი წყალი, შხაპი, აბაზანა, ტუალეტი და სხვ.) ასახელებენ. ეს ყველაფერი აკლია სოფელს. ვნახეთ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც სარეცხს გაწითლებული ხელებით, ცივ წყალში რეცხავენ, ან ზამთარ-ზაფხულ წყლის რიგში დგანან.
თინა: - კახეთი, შეიძლება ითქვას, "შიგნიდან ვნახეთ". საოცრად მომხიბვლელია, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ დაცლილია. მიგვაჩნია, რომ პრობლემა ადამიანებშია. უნდა მიხვდნენ, სად ცხოვრობენ. ყოფით პრობლემებთან ერთად, მენტალური პრობლემაც არსებობს და იმ გარემოში ამიტომ ვერ გრძნობენ თავს ბუნებრივად, მაგრამ ვფიქრობ, მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება.

დავითი: - მთელი სოფელი კახური პირდაპირობით გვეუბნებოდა, აქ ვერ გაძლებთ, არაფერი გამოგივათ და გაიქცევითო, მაგრამ ნახეს, რომ არ გავქცეულვართ...
თინა: - შარშან ამ დროს ჯერ შესაბამისი პირობები არ გვქონდა, რადგან სახლი ახალი აშენებული იყო - კედლები ჯერ სველი გახლდათ, გარეთ კი ყინავდა. ასეთ პირობებში ადამიანი ხანგრძლივად ვერ იცხოვრებს, თუმცა, დღეს, როგორც გითხარით, შინ ისეთი სითბო გვაქვს, ზაფხული გეგონებათ. დიახ, ეს ჩვენი დიდი მიღწევაა...

- და როგორ თბებით?

- ვთბებით ისე, რომ ხეებს არ ვჭრით და არ ვანადგურებთ. ღუმელიც სპეციალური ტექნოლოგიით შევქმენით. სახლი არის თერმოსივით, თერმოიზოლაცია აქვს ისეთი, რომ ზაფხულში გრილა... წვიმის წყლის აუზში 10 ტონა წყალს ვინახავთ. მასში ფილტრაციისთვის მცენარეებიც ჩავრგეთ, თევზები გავუშვით, გვყავს კუ.

- წყალს, ცხადია, ტექნიკური დანიშნულება ექნება...

- ქარსაცავი ზოლის გაშენება გვინდა და წყალი ნერგების მოსარწყავადაა განკუთვნილი. მით უფრო, რომ იქ წყალი არ არის. კახეთში ეს დიდი პრობლემაა. ნერგები ველური ტყის ხეებია, და მათ გაზრდაში დახმარება სჭირდება. გვიხარია, რომ კარგად მუშაობს სეპტიკიც (ლოკალური გამწმენდი მოწყობილობის ელემენტი), რადგანაც ბამბუკებმა გაიხარა. სათბურ-საჩითილეში ბევრი კულტურა დავთესეთ. სხვადასხვა ჯიში, ტექნოლოგია მოვსინჯეთ. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოწეული ბოსტნეულით ვიკვებებოდით, მაისიდან ნოემბრის ბოლომდე პროდუქტები არ გვიყიდია. ყველაფერი გვქონდა სუფთა, ქიმიკატების გარეშე (სიმინდი, ხორბალი, მზესუმზირა, კარტოფილი). მწვანილსა და კიტრ-პამიდორზე აღარაფერს ვამბობ. 15 ჯიშის მარწყვი გვაქვს, ასევე - ჟოლო, ხეხილიც. მიწაც შევიძინეთ, ანუ დავიმატეთ, თუმცა ხარბები არ ვართ. ისე, ხანდახან კი გინდება, რომ მეტი გქონდეს.

- სულ რამდენია ამჟამად თქვენი მიწის ფართობი?

- ნახევარი ჰექტარი. გვინდა, იქ აკაციები დავრგოთ და მისი ტოტები ზამთარში გასათბობად გამოვიყენოთ. ჩვენი გეგმები 10-15 წელიწადს მოიცავს, თუმცა ყოველ წელსაც თავისი მიზანი აქვს. ბოსტანში ცელოფანის გამოყენებას ვაპირებთ, რადგან იქ მკაცრი პირობებია. გამოვიყენებთ წვეთოვანს და მულჩასაც. გვინდა, ლერწმისგან საჩრდილობლები გავაკეთოთ.

- ახალ სახლში ახალი წლის შეხვედრის რა ტრადიცია დაამკვიდრეთ?

დავითი: - სუფრის მხრივ დიდად განებივრებული არ ვართ. გვინდა, რომ პური ჩვენც გამოვაცხოთ და საცხობსაც მალე დავასრულებთ. Yთან, ჩვენს ვეგეტარიანელობასაც თუ გავითვალისწინებთ, მრავალფეროვანი სუფრა ვერ გვაქვს ხოლმე, მაგრამ გვაქვს ხაჭაპური, ნუშის გოზინაყი, ჩურჩხელა, ბიოსასმელი – კონიაკი, ღვინო (საფერავი თეთრი და წითელი)...

თინა: - ფოლკლორის მოყვარული ვარ, მაქვს სხვადასხვა საკრავი. ჩემთვის სუფრა ხალხური სიმღერაა. ოღონდ, საქმე ის არის, რომ ჩემს მეტი არავინ მღერის. სიმღერას ხმებს ცოდნა უნდა და ამის მცოდნე იქ ჯერ ვერავინ ვიპოვე. იმედი მაქვს, ვიპოვი.
ეზოში, რა თქმა უნდა, ცოცხალი ნაძვი გვაქვს, რომელსაც 25 დეკემბერს ვრთავთ, შინ კი ჩიჩილაკი გვიდგას. სიმინდის ფუჩეჩისგან საკუთარი ხელით გავაკეთე ნაძვის ხის სათამაშოები. მთელ ევროპაში ასეა - ბუნებრივი მასალისგან ამზადებენ სათამაშოებს.

- 2017 წელს რა გეგმები გაქვთ?

თინა: - იქ ყველა გვეკითხება, არ მოიწყინეთო? არადა, მოსაწყენად არ გვცალია. იცით, რამდენი საქმეა?
თავლა და ბოსელი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხენი და ცხვარი მოვიყვანოთ. საქარე ზოლს ვაშენებთ, მარანიც გვინდა მიწის ქვეშ და რუსული აბანოს მსგავსი აბანოს აშენებაც.

- თქვენი საახალწლო სურვილები როგორია?

დავითი: - უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაა, რადგან ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. დამიჯერეთ, ამ ქვეყნიდან ადამიანებს გაქცევა არსად სჭირდებათ - არც ამერიკაში, არც ევროპასა თუ ავსტრალიაში. სამოთხე შეგიძლია შენს მიწაზე შენივე ხელებით მოიწყო, საკუთარი ჭკუით, სულითა და გულით. ამიტომ ჩვენს ბავშვებს, მომავალ თაობას ძალიან მინდა ვუსურვო, რასაც ახლა სწავლობენ, ცხოვრებაში მოიხმარონ. მთავარია, სიხარულით აკეთონ, რასაც ხელს მოჰკიდებენ. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, შეუფასებელია იმიტომ, რომ საკუთარი ხელით და დიდი სიყვარულით შევქმენით. თუ სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი შეუფასებელი ხდება და ბედნიერებას განიჭებს.

მინდა, ქვეყანას ვუსურვო საკუთარ თავთან დიალოგი, გნებავთ, მონოლოგი... არ არის აუცილებელი სასწაულებზე ფიქრი, მთავარია, გლობალურად იფიქრო და ლოკალურად იმოქმედო - ეს არის ჩვენი ლოზუნგი!

თინა:
- ქვეყნის მოსახლეობის პრობლემა ის არის, როცა გლობალურად იწყებენ ფიქრს, ტვინს დეპრესიისკენ უბიძგებენ, მერე კი ლოკალურად ვეღარ მოქმედებენ, რაც სატკივარი და პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა და კიდევ ბევრი ცუდი მოხდა მსოფლიოში, ბუნებრივი ციკლი არ დარღვეულა, რასაც უნდა მოეჭიდო. ეს გადაარჩენს სამყაროს. დანარჩენმა კი, რაც დეპრესიაში გაგდებს, არ უნდა შეაფერხოს შენი გონების მუშაAობა. მინდა, ბევრი პროფესიონალი გაიზარდოს. ასეთი ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში გადაირჩენს თავს. მაშინ ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდება. აი, ამას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას!

ლალი ფაცია
ილო-ილო
17 იანვარი 2017 12:36
ეეჰ,ამათ აწყობილი აქვთ ცხოვრება და ამ საქმით ეხლა უბრალოდ ერთობიან,ღმერთმა ხელი მოუმართოთ,მაგრამ მისაბაძები მართლა არ არიან,რადგან გლეხი ვერც მიბაძავს და ვერც ფინანსურად შეძლებს
Kote tsverava
17 იანვარი 2017 01:23
Es kavis periodshi dabrunebaa! Adamiani cotas coctlobs damsoflio migwevebs ar unda chamorches!
lia tatishvili
16 იანვარი 2017 10:20
dato eqimihomeopatia ,ischemtvis da chemi ojaxistvis yoveltvis samagalito da misabadzi adamiani aris txutmeti welia rac misi pacientebi vart mteli ojaxi.warmogidgeniat eqimtan misvla rom gixaria,yoveli vizti chemtvis leqciis mosmenis tolpasia .sul vambob rom aseti jamrtelobis ministri unda gvavdes.vloculob misi did xans sicocxlistvis.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა